ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№110აპ-13 15 ივლისი, 2013 წელი
მ-დ ა. მ-ა, 110აპ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ – ი. ჩ-ის
ადვოკატ – ნ. მ-ის
მსჯავრდებულ – მ. ა. მ-ას
თარჯიმან – მ. ზ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ა. მ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 დეკემბრის განაჩენით მ. ა. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა მ. ა. მ-ას დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2012 წლის 31 მაისიდან.
განაჩენით მ. ა. მ-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მ. ა. მ-ას მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
მ. ა. მ-ამ ა. ა-ს გააცნო ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ი. ქ-ი, რომლის ახლობელი ჰ. ა-ი იყო დაპატიმრებული ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე. ბრალდებულ ჰ. ა-სა და პროკურატურას შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე. ვინაიდან ი. ქ-ი მალევე დაბრუნდა ერაყში, მან ა. ა-ს გადასცა 3100 აშშ დოლარი, რათა ჰ. ა-თან საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში მას აღნიშნული თანხა ჯარიმის სახით შეეტანა სახელმწიფო ბიუჯეტეში. ა. ა-მა ეს თანხა შეიტანა თავის პირად ანგარიშზე. მ. ა. მ-ამ განიზრახა, ესარგებლა ამ სიტუაციით და მოტყუებით დაუფლებოდა ჰ. ა-თან საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად განკუთვნილ თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი დაუკავშირდა ერაყში მყოფ ი. ქ-ს და დაარწმუნა, რომ ა. ა-ისათვის დატოვებული 3100 აშშ დოლარი გადაეცა მისთვის და იგი თვითონ მოაგვარებდა ჰ. ა-თან გასაფორმებელ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შეიტანდა ამ თანხას სახელმწიფო ბიუჯეტში. მოგვიანებით ა. ა-ს დაუკავშირდა ი. ქ-ი და უთხრა, რომ მისთვის დატოვებული 3100 აშშ დოლარი გადაეცა მ. ა. მ-სათვის. ა. ა-მა ანგარიშიდან გამოიტანა 3100 აშშ დოლარი და მეტროს სადგურ „...-თან“ არსებულ „... ბანკის“ შენობაში გადასცა მ. ა. მ-ას, რომელმაც დაარწმუნა ა. ა-ი, რომ ამ თანხას გამოიყენებდა საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ა. ა-ს კვლავ დაუკავშირდა მ. ა. მ-ა და ვითომდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების საჭიროების მოტივით, კვლავ დამატებით ითხოვა 800 აშშ დოლარის გადაცემა. ა. ა-მა, ი. ქ-ის მითითებით, თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე „მ-ის“ შენობასთან მ. ა. მ-ას გადასცა 200 აშშ დოლარი. 2012 წლის 18 აპრილს, ტელეფონზე საუბრისას, მ. ა. მ-ამ, ვითომდა ჰ. ა-თან საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, ა. ა-ს დამატებით კვლავ მოსთხოვა 350 აშშ დოლარის გადახდა. ეს ვითარება ა. ა-მა მიიჩნია საეჭვოდ, რის გამოც დაუკავშირდა ერაყის საელჩოს და გაარკვია, რომ ჰ. ა-ის სახელით ან მის სასარგებლოდ ჯარიმის თანხა შეტანილი არ ყოფილა. მ. ა. მ-ა თაღლითურად დაეუფლა ჰ. ა-ის კუთვნილ 3300 აშშ დოლარს და მიიმალა, რითაც მას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულმა მ. ა. მ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, მხარეთა მონაწილეობით, განიხილა სისხლის სამართლის საქმე და 2013 წლის 14 მაისის განაჩენით აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, ცვლილება შეიტანა გასაჩივრებულ განაჩენში და მსჯავრდებულ მ. ა. მ-ას დანიშნული სასჯელი შეუმცირა ¼–ით და საბოლოოდ მოსახდელად განუსაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულმა მ. ა. მ-ამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივარში კასატორი არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა მხარემ ნამდვილად გადასცა მას საპროცესო შეთანხმებისათვის საჭირო თანხა, რაც მან დაკარგა და ამ მიზეზით საპროცესო შეთანხმება ჰ. ა-თან არ გაფორმებულა, მაგრამ დაზარალებული მხარის მოტყუების განზრახვა არ ჰქონია; მსჯავრდებულს მიაჩნია, რომ უდანაშაულოა და ითხოვს გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო, კერძოდ:
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენით საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად გაკეთებულ დასკვნას და აღნიშნავს, რომ მ. ა. მ-ას მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება საქმის სასამართლოს არსებით სხდომაზე საპროცესო კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით გამოკვლეულ და შეფასებულ, ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რითაც ეჭვის გამომრიცხავად და უტყუარად არის დადგენილი მ. ა. მ-ას მიერ მისთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა.
დაზარალებულ ჰ. ა-ის, მოწმეების: ა. ა. ა-ის, ვ. ვ-ის, რ. ა-ის, ნ. დ-ის ჩვენებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ. ა-ი 2012 წლის 5 თებერვალს დააკავეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მცდელობის ფაქტზე. მას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა და გამოძიების მიმდინარეობისას იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მისმა ოჯახის წევრებმა, ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების დადებისა და სასურველი სასჯელის მიღწევის მიზნით, ოჯახის ნაცნობს –ი. ქ-ს ხელზე გამოატანეს 3300 აშშ დოლარი; საქართველოში ჩამოტანილი თანხა ი. ქ-მა გადასცა ა. ა-ს, ხოლო ამ უკანასკნელმა, ოჯახის წევრების მითითებით, თანხა გადასცა მ. ა. მ-ას, რომელსაც უშუალოდ უნდა შეეტანა იგი საპროცესო შეთანხმებისათვის მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
მ. ა. მ-ა არწმუნებდა ჰ. ა-ის ოჯახის წევრებს, რომ თანხა შეტანილი ჰქონდა საბანკო ანგარიშზე საპროცესო შეთანხმების უზრუნველსაყოფად, თუმცა, საბოლოოდ ა. ა. ა-იმ ერაყის რესპუბლიკის საელჩოს დახმარებით გაარკვია, რომ მ. ა. მ-ას თანხა საბანკო ანგარიშზე არ ჰქონდა შეტანილი და მან ეს თანხა თაღლითურად მიითვისა.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, დანიშნული სასჯელი შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
საკასაციო სხდომაზე მსჯავრდებულმა მ. ა. მ-ამ შეცვალა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დაზარალებული ჰ. ა-ი მასთან შერიგებულია, პრეტენზია არა აქვს და თანახმაა, იგი სასჯელისაგან გათავისუფლდეს, იშუამდგომლა, რომ საკასაციო საჩივარი განხილულ იქნეს ამ გარემოების „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.
მსჯავრდებულის შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტების შესახებ მხარი დაუჭირეს მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-მა და სხდომაში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა ი. ჩ-მა.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოში შემოტანილია მსჯავრდებულ მ. ა. მ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის განცხადების ნოტარიულად დამოწმებული მასალები, რომლის თანახმადაც, დაზარალებული გამოთქვამს თანხმობას, რომ მსჯავრდებულ მ. ა. მ-ას მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მოთხოვნები და იგი გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მასალები, „ამნისტიის შესახებ“ ზემოხსენებული კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ. ა. მ-ას მიმართ განაჩენით დადგენილი სასჯელისაგან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს და, შესაბამისად, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მაისის განაჩენში.
საკასაციო სხდომაზე მსჯავრდებულმა მ. ა. მ-ამ იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და ითხოვა, რომ პალატამ იმსჯელოს მხოლოდ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, დაზარალებულ ჰ. ა-ის განცხადების საფუძველზე დანიშნული სასჯელისაგან მისი გათავისუფლების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–11 მუხლის 1–ლი ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული მ. ა. მ-ა უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანიშნული სასჯელის – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისაგან.
მსჯავრდებული მ. ა. მ-ა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ა. მ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–11 მუხლის 1–ლი ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული მ. ა. მ-ა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანიშნული სასჯელის – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისაგან.
მსჯავრდებული მ. ა. მ-ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ბ. ალავიძე