ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№17851-13 5 ივლისი, 2013 წელი
ო-ი გ.- 17851-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ა. ც-ას
ადვოკატ – მ. რ-ის
მსჯავრდებულ _ გ. ო-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 სექტემბრის განაჩენით გ. ო-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 9 მაისიდან.
ამავე სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენით გ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 9 სექტემბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3 000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 მაისის განაჩენით გ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მ. ო-ის ეპიზოდი) - ჯარიმა - 5 000 ლარი, ხოლო 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გ. ხ-ისა და მ. პ-ის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა რეალურად მოსახდელად, ხოლო - 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; ამ სასჯელს დაემატა 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 4 თვე, 1 დღე და ჯარიმა - 3 000 ლარი, რის გამოც საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით, 4 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 7 წელი, 4 თვე და 1 დღე განესაზღვრა რეალურად მოსახდელად, ხოლო - 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, იმავე ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 19 ნოემბრიდან იმავე წლის 8 მაისამდე და მისი ათვლა დაეწყო 2009 წლის 8 მაისიდან.
ამავე სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის დადგენილებით მსჯავრდებულ გ. ო-ს სასჯელი განესაზღვრა რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენის მიხედვით, კერძოდ: განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ რეალურად მოსახდელად განესაზღვრა 11 წლით, 10 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო - 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; გ. ო-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 29 ოქტომბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ო-ი გათავისუფლდა 2009 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნული 6 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან (საიდანაც 3 წელი ჩაეთვალა პირობით); მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა 2008 წლის 26 სექტემბრისა და 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენებით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი - 5 წელი, 10 დღე და 3 წელი, 10 თვე, 10 დღე, რის გამოც განესაზღვრა: 3 წელი, 9 თვე და 2 წელი, 11 თვე, 8 დღე, საბოლოოდ - 6 წლით, 8 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 29 ოქტომბრიდან; განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
გ. ო-ი საჩივრით ითხოვს 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლებასა და სასჯელის ათვლას 2008 წლის 9 მაისიდან იმ მოტივით, რომ დაზარალებული თანახმაა, მსჯავრდებულის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებული, რომელმაც ჩაიდინა სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, უნდა გათავისუფლდეს სასჯელისაგან, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამაზე თანხმობას განაცხადებს.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია დაზარალებულების - ა. და ალ. ტ-ების განცხადებები, რომლებშიც ისინი თანახმობას აცხადებენ, რომ გ. ო-ის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/ აღსრულებულ ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ო-ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული 5 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
გარდა ამისა, გ. ო-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს 2008 წლის 26 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული 6 წელი, 6 თვე და უნდა განესაზღვროს 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან გ. ო-ი გათავისუფლდა სხვა განაჩენებით დანიშნული საპატიმრო სასჯელებისაგან, აღარ არსებობს ამ განჩინებით განსაზღვრული სასჯელის ბოლო სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დღიდან ათვლის საფუძველი და მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა უნდა დაეწყოს 2008 წლის 9 მაისიდან. შესაბამისად, გ. ო-ი უნდა გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ო-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული გ. ო-ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ა. და ალ. ტ-ების ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის – 5 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან;
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ო-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გ. ბ-ის, ა. ბ-ის, ვ. ღ-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – 6 წელი, 6 თვე და მოსახდელად განესაზღვროს 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ო-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2008 წლის 9 მაისიდან.
გ. ო-ი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინება სხვა ნაწილში – მათ შორის დანიშნული ჯარიმების ნაწილში – დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე