ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№18741-13 10 ივლისი, 2013 წელი
ტ-ი ი.- 18741-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ გ. მ-ის
ადვოკატ – ო. გ-ის
მსჯავრდებულ _ ი. ტ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ი. ტ-ი – ძებნილი (დაკავებულ იქნა 2013 წლის 28 მაისს), ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით; სსკ–ის 276–ე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით; სსკ–ის 276–ე მუხლის მე–7 ნაწილით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 6000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ი. ტ-ს ასევე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა 3 წლით.
„ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1–ლი მუხლის საფუძველზე ი. ტ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის 1–ლი, მე–3 ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან და საბოლოოდ მას სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 6000 ლარი და ასევე ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა 3 წლით.
თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ა. გ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა ძებნილი მსჯავრდებულის – ი.ტ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. ტ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–7 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 10 წელი და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა 3 წლით შეუმცირდა ერთი მეოთხედით და იგი განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით.
ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე–20 მუხლის თანახმად დამატებით სასჯელად დაკისრებული ჯარიმა დარჩა უცვლელად.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე–20 მუხლის თანახმად დამატებით სასჯელად დაკისრებული ჯარიმის ნაწილში, დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ტ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და დაზარალებულის თანხმობის გამო ითხოვა სასჯელისგან გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ი. ტ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით.
როგორც საქმის მასალებიდანაა ცნობილი, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იყო მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. გ-ის თანხმობა. რაც შეეხება მეორე დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. გ-ს, მისი თანხმობა მსჯავრდებულ ი. ტ-ის მიმართ ამნისტიის გამოყენების თაობაზე წარდგენილი არ ყოფილა. რამდენადაც საქმეში არ იყო ყველა დაზარალებულის უფლებამონაცვლის თანხმობა, რაიონულმა სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ კანონიერად გამოიყენა „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე–16 მუხლი და მსჯავრდებულ ი. ტ-ს საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–7 ნაწილით დანიშნული სასჯელი შეუმცირა ერთი მეოთხედით.
2013 წლის 14 ივნისს დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. გ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის ხელწერილით და ითხოვა მსჯავრდებულ ი. ტ-ის მიმართ ამნისტიის აქტის გავრცელება.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ რადგან მსჯავრდებული არის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, მასზე უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის არა მე-16 მუხლი, არამედ – მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, თუ ყველა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული ი. ტ-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დანიშნული სასჯელის – 10 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ი. ტ-ს უნდა აღუდგეს ავტომანქანის მართვის ჩამორთმეული უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. ტ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული ი. ტ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დანიშნული სასჯელის – 10 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ი. ტ-ს აღუდგეს ავტომანქანის მართვის ჩამორთმეული უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. ქათამაძე