გაუქმდა გამამტყუნებელი განაჩანი და გამოტანილი ინქნა გამამართლებელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№230აპ-13 24 ივნისი, 2014 წელი
გ-ე გ.- 230აპ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ისა, (ნასამართლობის არმქონე) და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბრალდების არსი:
2010 წლის 17 ივნისს გ. გ-ე არჩეულ იქნა ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ და, შესაბამისად, ითვლებოდა მოხელედ.
2011 წლის 8 აგვისტოს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი საკრებულოსათვის მსუბუქი ავტომანქანის სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 20000 ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ინდმეწარმე „ლ. ბ-ემ“, რომელიც იმავდროულად არის ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და გ. გ-ის მეგობარი. ლ. ბ-ემ ტენდერში საბოლოო შეთავაზებად დააფიქსირა 20000 ლარი და გამოცხადდა გამარჯვებულად.
2011 წლის 17 აგვისტოს ინდმეწარმე „ლ. ბ-ესა“ და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გ. გ-ეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების №... ხელშეკრულება, შესყიდვის ღირებულება - 20000 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების 6.5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი შემსყიდველის მხრიდან უნდა განეხორციელებინა ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
2011 წლის 17 აგვისტოს ლ. ბ-ემ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიიყვანა „CHERY A5“ მარკის მსუბუქი ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით „...“, რომლის საბაზრო ღირებულებაც იმ მომენტისათვის შეადგენდა 9800 ლარს. გ. გ-ემ, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ევალებოდა რაციონალურად და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განეხორციელებინა შესყიდვები, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ლ. ბ-ისათვის მატერიალური გამორჩენის მისაღებად და ავტომობილის ღირებულების დადგენის გარეშე მოახდინა 9800 ლარად ღირებული ავტომანქანის 20000 ლარად ჩაბარება. 2011 წლის 22 აგვისტოს გ. გ-ის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ინდმეწარმე „ლ. ბ-ეს“ ავტომობილის ღირებულების სახით გადაურიცხა 20 000 ლარი, რითაც სახელმწიფოს მიადგა 10 200 ლარის მატერიალური ზიანი და არსებითად დაირღვა მისი კანონიერი ინტერესები.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების შესაბამისად, გ. გ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
2. პირველი და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში - მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დ. ლ-მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დაკმაყოფილდა პროკურორის სააპელაციო საჩივარი და გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის გამამართლებელი განაჩენი; გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16-მე-18 მუხლების თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განისაზღვრა 1 წლითა და 6 თვით.
3. საკასაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. გ-ემ და მისმა ადვოკატმა გ. ჭ-ემ.
კასატორები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და გ. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას შემდეგი საფუძვლებით: განსაკუთრებული ურთიერთობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით, გ. გ-ესა და ლ. ბ-ეს შორის სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, ვინაიდან სახეზე არ არის ინტერესთა კონფლიქტი; ამასთან, ლ. ბ-ე საკრებულოს თანამდებობის პირი არ იყო და, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ. გ-ეს კანონმდებლობა არ ავალდებულებდა ხელშეკრულების საბაზრო ღირებულებისათვის ექსპერტიზის ჩატარებას, ამასთან, სააპელაციო სასამართლო არ უთითებს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამის ნორმას, რომელიც უფლებას აძლევდა გ. გ-ეს ხელშეკრულების საგნის საბაზრო ღირებულების დადგენის შემთხვევაში არ ჩაებარებინა სატენდერო ობიექტი და არ გადაერიცხა თანხა ლ. ბ-ისათვის; არც ერთი მოწმე არ მიუთითებს იმაზე, რომ გ. გ-ეს ამოძრავებდა სხვისთვის მატერიალური გამორჩენისა და სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზანი; გ. გ-ის მიერ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერას საფუძვლად დაედო სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება; კანონმდებლობის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რაც არ დაუდგენია სასამართლოს; და ბოლოს, სატენდერო კომისისას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო არ ჩაებარებინა ავტომანქანა, თუ კი სატენდერო პირობებში მითითებული რომელიმე ტექნიკური მონაცემი იქნებოდა განსხვავებული ავტომანქანის ტექნიკური მონაცემებისაგან, ამასთან, ტენდერის დროს ან მის შემდეგ ფასის დაკლება, შეცვლა ან განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან იგი რეგულირდება ელექტრონული ტენდერით, ურთიერთკონკურენციის პირობებში და საბოლოო ფასიც შესაბამისად კონკურენციის პრინციპით განისაზღვრება.
პროკურორი დ. ლ-ი შესაგებლით ითხოვს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების დასაბუთება:
4.1. საკასაციო საჩივრისა და სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლები:
4.1.1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი და შესაგებელი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გ. გ-ე უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1.2. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.
4.1.3. მოცემულ შემთხვევაში, გ. გ-ის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მისი დანაშაულებრივი ქმედება იმაში გამოიხატა, რომ 2011 წლის 17 აგვისტოს ლ. ბ-ემ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიიყვანა „CHERY A5“ მარკის მსუბუქი ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით „...“, რომლის საბაზრო ღირებულებაც იმ მომენტისათვის შეადგენდა 9800 ლარს, ხოლო გ. გ-ემ, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ევალებოდა რაციონალურად და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განეხორციელებინა შესყიდვები, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ლ. ბ-ისათვის მატერიალური გამორჩენის მისაღებად და ავტომობილის ღირებულების დადგენის გარეშე მოახდინა 9800 ლარად ღირებული ავტომანქანის 20000 ლარად ჩაბარება. 2011 წლის 22 აგვისტოს გ. გ-ის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ინდმეწარმე „ლ. ბ-ეს“ ავტომობილის ღირებულების სახით გადაურიცხა 20 000 ლარი, რითაც სახელმწიფოს მიადგა 10 200 ლარის მატერიალური ზიანი და არსებითად დაირღვა მისი კანონიერი ინტერესები.
4.1.4. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების დადგენილების თანახმად, ბრალდება გ. გ-ეს არ ედავება ტენდერის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გამოცხადების, ჩატარების, ან ხელშეკრულების ასევე კანონმდებლობის დარღვევით გაფორმებისათვის (აღნიშნული ბრალდების დადგენილებიდან არ გამომდინარეობს). ბრალდების დადგენილების თანახმად, გ. გ-ეს ბრალი - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, რამაც სახელმწიფოსათვის 10 200 ლარის მატერიალური ზიანი გამოიწვია და არსებითად დაირღვა მისი კანონიერი ინტერესები, წარდგენილი აქვს სწორედ ავტომანქანის რეალური ღირებულების დადგენის გარეშე ჩაბარებისათვის (ლ. ბ-ისათვის გამორჩენის მიღების გათვალისწინებით) და, შესაბამისად, პალატა ამ კუთხით აფასებს როგორც სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, ასევე საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 ივნისის №... განკარგულებით გ. გ-ე არჩეულ იქნა ხონის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ საკრებულოს უფლებამოსილების ვადით;
4.2.2. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, 2011 წლის 8 აგვისტოს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი საკრებულოსათვის მსუბუქი ავტომანქანის სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 20000 ლარი, ხოლო ავტომანქანის ტექნიკური მახასიათებლები გამოცხადდა წინასწარ, რომელიც განთავსებულია სატენდერო დოკუმენტაციის მე-3 დანართში - ტექნიკურ დავალებაში (მსუბუქი ავტომობილი ,,სედანი“; გამოშვების წელი - 2008 წლიდან; გარბენი - 70 000 კმ.-მდე; ვერცხლისფერი ან რუხი; ძრავის მოცულობა 1,6 – 1,8 სმ3; საწვავის ავზის მოცულობა - 60 ლიტრამდე; საწვავის ტიპი - ბენზინი; ცილინდრი - 4; მექანიკა; 4 კარი; საჭე - მარცხნივ; საჭის სიმაღლისა და სიგრძის რეგულირება; საჭის ჰიდრო გამაძლიერებელი; ABS; 2 უსაფრთხოების ბალიში; ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით; საბურავები - 185/65 R 14 და მეტი; ალუმინის დისკები; გარე სარკეები შიდა რეგულირებით; მინების ელექტრორეგულირება; წინა ნისლის საწმენდი ფარები; საქარე მინის გათბობა; მანგნიტოლა - (CD, MP3); USB კაბელი; კონდინციონერი და პარკინგ კონტროლი).
4.2.3. სატენდერო დოკუმენტაციისა და მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა - ინდმეწარმე „ლ. ბ-ემ“, რომელიც იმავდროულად არის ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 2011 წლის 11 აგვისტოს ხონის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის №... სხდომის ოქმის თანახმად, ინდ. მეწარმე ,,ლ. ბ-ემ“ ტენდერში საბოლოო შეთავაზებად დააფიქსირა 20000 ლარი და გამოცხადდა გამარჯვებულად. კომისიამ დაადგინა, რომ ინდმეწარმე ,,ლ. ბ-ის“ მიერ წარდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია შესაბამისობაშია შემსყიდველის მიერ სატენდერო განცხადებასა და ტექნიკურ დოკუმენტაციაში ასახულ მოთხოვნებთან. 2011 წლის 16 აგვისტოს ხონის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის №... სხდომის ოქმის თანახმად, ინდმეწარმე ,,ლ. ბ-ის“ მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობასა და შემსყიდველის მიერ №301 წერილით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4.2.4. 2011 წლის 17 აგვისტოს ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმე „ლ. ბ-ესა“ და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გ. გ-ეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების №... ხელშეკრულება, შესყიდვის საგანი - მსუბუქი ავტომობილი (სედანი), ღირებულება - 20000 ლარი.
- ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული საქონელი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ დავალებაში მითითებულ სტანდარტებს;
- ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი, რათა დარწმუნდნენ საქონლის შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებთან;
- ხელშეკრულების 6.5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლი შემსყიდველის მხრიდან დაევალა ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
- ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, მომწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარულ დღეში საკუთარი ხარჯებით მიეწოდებინა საქონელი;
- ხელშეკრულების 8.3. პუნქტის თანახმად, მომწოდებელი ვალდებული იყო გადაეცა შემსყიდველისათვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ხარისხიანი საქონელი;
- ხელშეკრულების 10.4 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს ანგარიშსწორება უნდა მოეხდინა მიწოდებული საქონლის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ დოკუმენტების წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში;
- ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
4.2.5. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2011 წლის 17 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების №... ხელშეკრულებით (3.1. პუნქტი) განსაზღვრულია ნასყიდობის საგნის ფიქსირებული ფასი 20 000 ლარი (ხელშეკრულების ღირებულება), რომელიც მოიცავს (3.2. პუნქტი) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, ,,ხელშეკრულების ღირებულება“ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის. ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დათქმას იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ავტომანქანის საბაზრო ღირებულების დადგენის (ექსპერტიზის დასკვნით, სპეციალისტის მიერ) შედეგად. ხელშეკრულების 4.1. და 6.1. პუნქტების თანახმად, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება ჰქონდა მიწოდებულ ავტომანქანაზე განეხორციელებინა ტექნიკური კონტროლი, რაც გულისხმობს მიწოდებული საქონლის შესაბამისობას ტექნიკურ დავალებაში მითითებულ სტანდარტებთან.
4.2.6. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეების - ზ. ჯ-ას, ბ. ე-ის, გ. კ-ის, ლ. კ-ის, მ. ე-ას, რ. რ-ას ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ, როგორც კომისიის წევრებმა, დაათვალიერეს ლ. ბ-ის მიერ წარდგენილი ავტომანქანა, რომელიც სრულად შეესაბამებოდა სატენდერო (ტექნიკურ დავალებაში მითითებულ) მოთხოვნებს, რაც დაადასტურა ბრალდებულმა გ. გ-მაც. 2011 წლის 17 აგვისტოს გაფორმდა ავტომანქანა ,,ჩერი A5-ის“ მიღება- ჩაბარების აქტი, რომლის 1.2. პუნქტის თანახმად, მყიდველმა შეამოწმა საგნის მდგომარეობა და აღნიშნა მისი შესაბამისობა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №... ხელშეკრულების მოთხოვნებთან. მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ გამყიდველი - ლ. ბ-ე და მყიდველი - გ. გ-ე. ამდენად, ვინაიდან ავტომანქანა სრულად შეესაბამებოდა ტექნიკურ დავალებაში მითითებულ სტანდარტებს (ხარისხის შემოწმების მიზნით სხვა პირობები ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა), მიწოდებული საქონელი მიჩნეულ უნდა იქნეს ნივთობრივად უნაკლოდ (სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლიდან გამომდინარე). აღნიშნული გარემოება სადავოდ არც ბრალდების მხარეს გაუხდია.
4.2.7. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მხარეებს შორის წარმოიშვა სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო გ. გ-ეს ხელშეკრულების თანახმად ჰქონდა ვალდებულება, დაედგინა მხოლოდ მიწოდებული საქონლის (ავტომანქანის) შესაბამისობა ტექნიკურ დავალებაში მითითებულ სტანდარტებთან, რაც მან შეასრულა. ანგარიშსწორება ფიქსირებული 20 000 ლარით მხარეებს შორის უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიწოდებული საქონლის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ დოკუმენტების წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში, ხოლო ხელშეკრულება დამატებით შესაძლებლობას, ან ვალდებულებას დამატებით ავტომანქანის საბაზრო ღირებულების დადგენის თაობაზე არ ითვალისწინებდა.
4.3. სამართლებრივი შეფასება:
4.3.1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მიიწვიონ შესაბამისი დარგის სპეციალისტები, ხოლო - გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მიიწვიონ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულია მხოლოდ კომისიის მუშაობაში, და ისიც სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მოწვევის შესაძლებლობა და არა ვალდებულება. რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ეტაპს, აღნიშნული წარმოადგენს სახელშეკრულებო-სამართლებრივ ურთიერთობას და მიწოდებული საქონლის ჩაბარება და ანგარიშსწორება უნდა მოხდეს კანონმდებლობის შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
4.3.2. გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი პირის (პირების) ფუნქციაა მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. სხვა დამატებითი რეგულაცია აღნიშნული წესითა და შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით ამ მიმართებით გათვალისწინებული არ არის. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. გ-ეს, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ავტომანქანის ჩაბარების ეტაპზე ასევე არ ეკისრებოდა მისი საბაზრო ფასის გადამოწმების ვალდებულება.
4.3.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების წინასწარი განზრახვით, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით ბოროტად გამოყენებას, რაც იწვევს სახელმწიფო ინტერესის არსებით დარღვევას.
4.3.4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. გ-ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში არ ჰქონდა არა თუ ვალდებულება, არამედ უფლებაც კი, ავტომანქანის ჩაბარების ეტაპზე მოეხდინა ავტომანქანის საბაზრო ფასის დადგენა (ექსპერტების,სხვა სპეციალისტების მოწვევის ან სხვა გზით) და, შესაბამისად, სატენდერო პირობებით განსაზღვრული ფიქსირებული ფასის კორექტირება. გ. გ-ე ამ ეტაპზე, ხელშეკრულების თანახმად, როგორც ხელშეკრულების შესრულებაზე მაკონტროლებელი პირი, ვალდებული იყო, განეხორციელებინა მხოლოდ ტექნიკური კონტროლი (დაედგინა მიწოდებული საქონლის შესაბამისობა ტექნიკურ დავალებაში მითითებულ სტანდარტებთან), რაც მან განახორციელა და სადავო არ არის. გ. გ-ეს არც შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით ეკისრებოდა ავტომანქანის ჩაბარების ეტაპზე მისი საბაზრო ღირებულების დადგენის მოვალეობა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. გ-ემ ავტომანქანა ჩაიბარა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად და, შესაბამისად, მოახდინა ანგარიშსწორება. პალატა არ აფასებს ტენდერის გამოცხადების, ჩატარებისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცედურების კანონიერებასა და ამ პროცესში გ. გ-ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების არსებობა-არარსებობის ფაქტს, ვინაიდან მას ბრალი აღნიშნულისთვის წარდგენილი არ ჰქონია, ხოლო ავტომანქანის ჩაბარების ეტაპზე მის ქმედება არ წარმოადგენს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
4.3.5. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს და იზიარებს კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მტკიცებულებებით არ დასტურება გ. გ-ის მხრიდან ლ. ბ-ისათვის რაიმე მატერიალური გამორჩენის მინიჭების განზრახვა, კერძოდ: ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი არც ერთი მტკიცებულებით - მოწმეთა ჩვენებებითა და წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება ის ფაქტი, რომ გ. გ-ემ, როგორც მოხელემ, ავტომანქანის ჩაბარებისას იცოდა ავტომანქანის რეალური ღირებულება და ხელოვნურად გაზრდილი ღირებულების - 20000 ლარის ლ. ბ-ისათვის გადარიცხვისას ამოძრავებდა მყიდველისათვის მატერიალური გამორჩენის მიღების განზრახვა. ამდენად, ეს მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდი და შეფასებაა. შესაბამისად, არ არსებობს დანაშაულის - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ისეთი სავალდებულო ნიშანი, როგორიცაა თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების განზრახვა, რაც დამოუკიდებლადაც გამორიცხავს გ. გ-ის ქმედების სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით დაკვალიფიცირების შესაძლებლობას.
4.3.6. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებებზე, რომ განსაკუთრებული ურთიერთობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით, გ. გ-ესა და ლ. ბ-ეს შორის სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, ვინაიდან სახეზე არ არის ინტერესთა კონფლიქტი; ამასთან, ლ. ბ-ე საკრებულოს თანამდებობის პირს არ წარმოადგენდა და, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი. პალატა აღნიშნავს, რომ გ. გ-ის ბრალდების დადგენილების თანახმად, მას ბრალი არა აქვს წარდგენილი ამ მიმართებით, კერძოდ, ბრალის ფორმულირებაში არ არის მითითებული, რომ გ. გ-ის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება გამოიხატა ინდმეწარმე ,,ლ. ბ-ის“, როგორც ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისა და გ. გ-ის მეგობარის ტენდერში მონაწილეობასა და გამარჯვებაში. ამდენად, საკასაციო პალატა არ აფასებს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ინტერესთა კონფლიქტის არსებობა-არარსებობას.
4.3.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, ვინაიდან წარდგენილი ბრალდებით (ასეთი ფურმულირებით) გათვალისწინებული გ. გ-ის ქმედება არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ასევე საქმეზე არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა გ. გ-ის განზრახვა ლ. ბ-ისათვის გამორჩენის მინიჭების თაობაზე. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. გ-ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ნოემბრის განაჩენი, კერძოდ: მსჯავრდებული გ. გ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.
3. გამართლებულ გ. გ-ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. გ. გ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება, კერძოდ, ყადაღა მოეხსნას კ. გ-ის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს ხონის რაიონი, სოფელი ...-ი (საკადასტრო კოდი ...).
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი