ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 19.06.2014
საქმის ნომერი
2კ-25-I-14
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.06.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№251-14 19 ივნისი, 2014 წელი

გ-ე ნ., 251-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ჯ. უ-ის

მსჯავრდებულ _ ნ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 მარტის განაჩენით ნ. გ-ე, –ნასამართლობის არმქონე, – დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი. დაკმაყოფილდა სამოქალაქო მოსარჩელე გ. ვ-ის სამოქალაქო სარჩელი და ნ. გ-ეს დაზარალებულ გ. ვ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 ლარის გადახდა.

2013 წლის 18 იანვარს ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. გ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ნ. გ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. გ-ემ და ადვოკატმა პ. ბ-ემ საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორები აღნიშნავენ, რომ საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულების – გ. ვ-ისა და ი. ვ-ის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობები, რათა მის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ნ. გ-ე და ადვოკატი პ. ბ-ე ითხოვენ მსჯავრდებულ ნ. გ-ის ძირითადი და დამატებითი სასჯელების მოხდისაგან განთავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნ. გ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელის - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთისგან, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილია დაზარალებულების განცხადებები, რომლებითაც ირკვევა, რომ ისინი თანახმა არიან, მსჯავრდებულ ნ. გ-ის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმისგან გათავისუფლების შესახებ, პალატა კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს იგი, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 და მე-20 მუხლების შესაბამისად, ამნისტია არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნ. გ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელის - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთისგან.

მსჯავრდებული ნ. გ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე