ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 10.09.2014
საქმის ნომერი
2კ-31-I-14
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
10.09.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№311-14 10 სექტემბერი, 2014 წელი

ს-ი ა 311-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - გ. ს-ს

ადვოკატ - შ. ბ-ს

თარჯიმან - თ. ც-ს

მსჯავრდებულ - ა. ს-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ს-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ბ-ს საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ა. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–7 ნაწილით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე საქართველოს სსკ–ის 41–42–ე მუხლების შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი. ა. ს-ს 3 წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

ა. ს-ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან და იგი დაკავებისთანავე უნდა შესახლდეს სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში.

2013 წლის 21 იანვარს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა გ. ლ-მ შუამდგომლობით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ს-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ს-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

ა. ს-ს ¼–ით შეუმცირდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–7 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ს-ს ასევე ¼–ით შეუმცირდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ვადა - 3 წელი და, შესაბამისად, 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ა. ს-ი დააკავეს 2014 წლის 17 აგვისტოს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ს-ა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მათ საჩივრით ითხოვეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინების გაუქმება და ა. ს-ს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, თუ ყველა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის უფლებამონაცვლე ე. გ-ს 2014 წლის 11 ივნისით დათარიღებული, ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომლითაც ირკვევა, რომ იგი თანხმობას აცხადებს, მსჯავრდებულ ა. ს-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამნისტია, არ გააჩნია არანაირი პრეტენზია და თანახმაა, იგი გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებული ა. ს-ი უნდა გათავისუფლდეს მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 276–ე მუხლის მე–7 ნაწილით დანიშნული სასჯელის - 8 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. მასვე უნდა აღუდგეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ს-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ბ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

მსჯავრდებული ა. ს-ი გათავისუფლდეს მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 276–ე მუხლის მე–7 ნაწილით დანიშნული სასჯელის - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

მასვე აღუდგეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

მსჯავრდებული ა. ს-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

ნ. სხირტლაძე