კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 12.11.2014
საქმის ნომერი
2კ-36-I-14
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.11.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№361-14 12 ნოემბერი, 2014 წელი

ჭ-ა ე, 361-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ჯ. უ-ს

მსჯავრდებულ - ე. ჭ-ს

ადვოკატ - ვ. შ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ე. ჭ-ს საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

ე. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 50–ე მუხლის თანახმად, მას დანიშნული სასჯელიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი სასჯელი, სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე, პირობით არ იქნა გამოყენებული - 4 წლისა და 5 თვის გამოსაცდელი ვადით. ე. ჭ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 12 სექტემბრიდან.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის დადგენილებით ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსის - დ. მ-ს წარდგინება მსჯავრდებულ ე. ჭ-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებულ ე. ჭ-ს მიმართ გაუქმდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და აღსრულდა ამავე განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 5 თვის ვადით.

მსჯავრდებულ ე. ჭ-ს სასჯელის მოხდის ათვლა განესაზღვრა დაკავების დღიდან და დადგინდა, რომ დაკავების შემთხვევაში იგი შესახლებულ უნდა იქნეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში, სასჯელის მოხდის მიზნით.

2013 წლის 24 იანვარს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სოსო სალთხუციშვილმა შუამდგომლობით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ე. ჭ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ჭ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

ე. ჭ-ს 1/3–ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა და აღნიშნული მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით, 10 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე შესახლებულ უნდა იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

მსჯავრდებული ე. ჭ-ა დააკავეს 2014 წლის 2 ოქტომბერს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ე. ჭ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა და სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად ჯარიმის დანიშვნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ერთი მესამედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ქალს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ამდენად, მსჯავრდებულ ე. ჭ-ს ერთი მესამედით უნდა შეუმცირდეს მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა მიესაჯოს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა გამოაკლდეს რეალურად მოხდილი სასჯელი - 7 თვე და საბოლოოდ მას მოსახდელად უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2014 წლის 2 ოქტომბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ე. ჭ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ე. ჭ-ს ერთი მესამედით შეუმცირდეს მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც გამოაკლდეს რეალურად მოხდილი სასჯელი - 7 თვე და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვროს 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2014 წლის 2 ოქტომბრიდან.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი