საზედამხედველო

სისხლის სამართლის 11.11.2014
საქმის ნომერი
76აგ.-2014
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.11.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №76აგ-14 11 ნოემბერი , 2014 წელი

შ-ე ჯ, 76აგ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. შ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ჯ. შ-ე, ნასამართლობის არმქონე, ძებნილი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 961-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 5 თვე და 4 დღე. ჯ. შ-ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 11 წელი, 6 თვე და 26 დღე, რომლის ათვლაც დაეწყო 1998 წლის 22 დეკემბრიდან.

მასვე დაეკისრა ზესტაფონის სააქციო საზოგადოება „ფ-ს“ სასარგებლოდ მიყენებული ზარალის - 580.320 ლარის ანაზღაურება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ჯ. შ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 22 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ჯ. შ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 961-ე მუხლით დანიშნული სასჯელი – 12 წელი და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 5 თვე და 4 დღე. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 28 ივნისიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ჯ. შ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა საჩივრით ითხოვა კანონის რამდენჯერმე შეცვლის გამო მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ ყველაზე მსუბუქი კანონის გამოყენება, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და შესაბამისად, სასჯელის შემცირება. ასევე ითხოვა განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელად.

ჯ. შ-მ 2014 წლის 21 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, მიმართა შუამდგომლობით, რომლითაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 22 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა. იმგვარად, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნეს ყველაზე მსუბუქი კანონი, შეუმცირდეს სასჯელი ან განაჩენის ხანდაზმულად მიჩნევის გამო საერთოდ გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან.

შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ 1998 წლის 22 დეკემბრამდე მოქმედი სსკ-ის 961-ე მუხლი ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცებისათვის, მიუხედავად გატაცების ხერხისა; სწორედ ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით იქნა იგი გასამართლებული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 22 დეკემბრის განაჩენით მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2000 წლის 1 ივნისს ამოქმედდა ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, რომლითაც გაუქმდა ძველი კოდექსი და მითითებული დანაშაული მოექცა ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მე–15 თავში („დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ“, გატაცების ხერხის შესაბამისად, 180–ე და 182–ე მუხლები). სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რის გამოც ჯ. შ-ს მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ყველაზე მსუბუქი - ამჟამად მოქმედი კანონი. გარდა ამისა, ძველი და ახალი კანონებით განსხვავებულია გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადები და ამ თვალსაზრისით უფრო მსუბუქი იყო 1998 წლის 22 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია: 50–ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ვადა იყო 15 წელი, თუ იგი არ შეწყდებოდა ახალი დანაშაულის ჩადენით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 ივლისის განჩინებით ჯ. შ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 22 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული ჯ. შ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 ივლისის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას იმავე საფუძვლებით, რაზეც მითითებული ჰქონდათ შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 22 დეკემბრის განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ ჯ. შ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 961-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია), რაც გამოიხატა შემდეგში: ჯ. შ-მ ჩაიდინა სახელმწიფო ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცება თაღლითობით, ე.ი ნდობის ბოროტად გამოყენებით, კერძოდ: იყო რა ასოციაცია „ო-ი“-ის პრეზიდენტი, მან 1995 წლის მაის-ივნისის თვეებში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნიდან გაიტაცა – 580 320 ლარის ღირებულების პროდუქცია, რისთვისაც მას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ შუამდგომლობა არ არის დაყენებული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და დაუსაბუთებელია, რადგან შუამდგომლობაში არ არის კონკრეტულად მითითებული, თუ რაში გამოიხატა ახალი კანონით მსჯავრდებულ ჯ. შ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემსუბუქება.

საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 961-ე მუხლი (1960 წლის რედაქცია) ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცებისათვის, მიუხედავად გატაცების ხერხისა და სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო – ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. 2000 წლის 1 ივნისს ამოქმედდა ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, რომლითაც გაუქმდა ძველი კოდექსი და მითითებული დანაშაული მოექცა ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მე–15 თავში („დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ“, გატაცების ხერხის შესაბამისად, 180–ე და 182–ე მუხლები).

განაჩენის მიხედვით ჯ. შ-მ დანაშაული ჩაიდინა თაღლითობით, ე.ი ნდობის ბოროტად გამოყენებით. მოქმედი კანონმდებლობით კი თაღლითობა დიდი ოდენობით განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა განაჩენის გადასინჯვის გზით ახალ კანონთან მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის შესაბამისობაში მოყვანასა და შესაბამისად, სასჯელის შემსუბუქებაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს ასევე საერთოდ არ უმსჯელია განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით, რაზეც მითითებულია შუამდგომლობაში.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ჯ. შ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვის თაობაზე იყო კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დაყენებული და დასაბუთებული, რის გამოც მისი დაუშვებლად ცნობის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

აქედან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ჯ. შ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე და შუამდგომლობა დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ჯ. შ-ს მიმართ და დაშვებულ იქნეს ჯ. შ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი