გაუქმდა გამამტყუნებელი განაჩანი და გამოტანილი ინქნა გამამართლებელი

სისხლის სამართლის 30.12.2014
საქმის ნომერი
2კ-296აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.12.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№296აპ-14 30 დეკემბერი, 2014 წელი

კ-ი დ.-296აპ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ – ა. გ-ის

ადვოკატების – ნ. კ-ისა და დ. მ-ის

მსჯავრდებულ – დ. კ-ის

მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ დ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბრალდების არსი:

2013 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 09.20 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ...-ში, „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომერი ,,...“, 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა დ. კ-მა შენიშნა ქვეითი მცირეწლოვანი ლ. მ-ა, რომელიც საავტომობილო გზას კვეთდა ავტომობილის მოძრაობის მიმართულებით მარცხნიდან მარჯვნივ, ხოლო ავტომანქანის შემჩნევის შემდეგ დაიწყო უკან დაბრუნება. მძღოლმა დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები - ნაცვლად იმისა, რომ მიეღო შესაძლო ზომები მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე, დაიწყო მანევრული მოძრაობა მისი სამოძრაო ზოლის საპირისპირო მხარეს და გზის გამყოფ ღერძულა ხაზზე შეეჯახა 2004 წლის 8 მაისს დაბადებულ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ...-ში მცხოვრებ ლ. მ-ას, რასაც შედეგად მოჰყვა ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა.

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების შესაბამისად, დ. კ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

2. პირველი და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები:

2.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის განაჩენით დ. კ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ნივთმტკიცება - ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით ..., რომელიც გაჩერებულია ქ. სენაკში, ...-ის ქუჩის №...–ში მდებარე სპეციალურ ავტოსადგომზე, უნდა დაუბრუნდეს მის მფლობელს, დ. კ-ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცებები - პლასტმასისა და მინის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება ხობის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

2.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ა. გ-ემ. აპელანტმა ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და დ. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

2.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის განაჩენით გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის გამამართლებელი განაჩენი, კერძოდ: დ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება.

დ. კ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 30 ივნისიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 12 ოქტომბრიდან 2014 წლის 14 მარტამდე.

ნივთმტკიცება - ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით ..., რომელიც გაჩერებულია ქ. სენაკში, ...-ის ქუჩის №...–ში მდებარე სპეციალურ ავტოსადგომზე, უნდა დაუბრუნდეს მის მფლობელს, დ. კ-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცებები - პლასტმასისა და მინის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება ხობის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

3. საკასაციო საჩივრის არსი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. კ-მა და მისმა ადვოკატმა ნ. კ-ემ.

კასატორები ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმებას და დ. კ-ის გამართლებას შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ბრალდებისა და დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნები, ხოლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს მისცა თავისებური ინტერპრეტაცია და დაადგინა ისეთი ფაქტები, რომლებზეც ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში არ უთითებდა და არც საქმის მასალებიდან გამომდინარეობდა; სააპელაციო სასამართლო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნის დარღვევაზე მითითებით გასცდა სააპელაციო საჩივრისა და წარდგენილი ბრალდების ფარგლებს; არასწორად განმარტა კანონის ნორმა; იმ პირობებში, როდესაც სასამართლო არ დაეყრდნო არც ერთი ექსპერტიზის დასკვნას, სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების მექანიზმი კი სწორედ ექსპერტიზის შედეგად უნდა განისაზღვროს, რადგან მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, საერთოდ გაუგებარია, რას ეყრდნობა განაჩენი; სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დაფუძნებულია დამახინჯებულ ფაქტებსა და ვარაუდებზე, კერძოდ: მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ შეჯახება მოხდა დ. კ-ის მიერ მართულ ავტომანქანის შემხვედრ სამოძრაო ზოლში, ასევე ის, რომ ქვეითმა (მსხვერპლმა) შეიცვალა მოძრაობის ტემპი და იგი მიკროავტობუსს დაშორებული იყო თითქოსდა 30 მეტრით; სააპელაციო სასამართლოს განაჩენის 4.3. პუნქტში მითითებული გარემოებები არ არის დადასტურებული სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის დასაბუთება:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და დ. კ-ი უნდა გამართლდეს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. მოწმეების - მ. ხ-ასა და ხ. ხ-ას ჩვენებებით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდნენ დ. კ-ის მიერ მართულ ავტომანქანაში. მათი მანქანა მოძრაობდა დაახლოებით 60 კმ/სთ სიჩქარით. როცა გაუსწორდნენ მ/ავტობუსის წინა მხარეს, მ/ ავტობუსის უკანა მხრიდან გადაირბინა ბავშვმა მათი სავალი ნაწილის შუამდე, საიდანაც უკან დაბრუნდა. როგორც კი მძღოლმა დაინახა ბავშვი, საჭე მარცხენა მხარეს დაატრიალა და დაამუხრუჭა, თუმცა დამუხრუჭებისთანავე მოხდა დაჯახება ღერძულა ხაზთან, მათ სამოძრაო ზოლში. ბავშვი ავარდა ძარას სახურავზე, სახურავიდან გადმოგორდა და გვერდულზე დაეცა.

4.2. მოწმე მ. მ-ას (გარდაცვლილ ლ. მ-ას ბებია) ჩვენებებით დასტურდება, რომ მიკროავტობუსი გაჩერებული იყო მისი ჭიშკრის წინა ხრეშიან გზაზე. როდესაც ლ. ჭიშკრიდან გამოვიდა, მის შეკითხვაზე უპასუხა, რომ მიდიოდა შ. თ-ას სახლში. შეჯახების მომენტი არ დაუნახავს. გაიგონა შეჯახების ხმა და დაინახა ზევით ავარდნილი ბავშვი, რა დროსაც „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა გადასული იყო საპირისპირო ზოლში და მოძრაობდა გზის შუა ნაწილში. შემთხვევის შემდეგ შვილთან ერთად გაზომა მანძილი ავტობუსის უკანა ნაწილიდან იმ ადგილამდე, სადაც ლ. იწვა დაჯახების შემდეგ და მანძილი აღმოჩნდა 38 მეტრი.

4.3. მოწმე თ. ბ-ას (მიკროავტობუსის მძღოლი) ჩვენებებით დასტურდება, რომ დაინახა მ. მ-ას სახლიდან გამოსული ლ. მ-ა, რომელიც გაიქცა წყლის საწრეტი არხის გასწვრივ, მიკროავტობუსის უკანა მხარის მიმართულებით. შეჯახების მომენტი არ დაუნახავს, გაიგონა შეჯახების ხმა ისე, რომ მუხრუჭის ხმა არ გაუგონია. როდესაც გადავიდა მიკროავტობუსიდან, დაინახა უგონოდ დაგდებული ბავშვი და ბავშვიდან ერთ მეტრში გაჩერებული მერსედესის მარკის ავტომანქანა. ეს ავტომანქანა მისი მიკროავტობუსის ბოლო ნაწილიდან დაშორებული იყო 30 მეტრით.

4.4. მოწმე ლ. კ-ას (გამომძიებელი) ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა გადასული იყო საპირისპირო მოძრაობის ზოლში ორი საბურავით და იდგა სწორად ლ. მ-ას ჭიშკრიდან 35 მეტრში, ხოლო ადგილი, სადაც იწვა ლ. მ-ა შეჯახების შემდეგ, დათვალიერებაში მონაწილე პირის მითითებით, მდებარეობდა გაჩერებული ავტომანქანიდან 3 მეტრით წინ.

4.5. მოწმე მ. ქ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ მან საქმეზე ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაიკითხა ბრალდებული. დ. კ-მა დაკითხვისას განაცხადა, რომ მოძრაობდა 60 კმ სიჩქარით. მცირეწლოვანმა გადაკვეთა სამოძრაო ზოლი, მივიდა სამოძრაო ზოლის შუა ნაწილამდე, შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა, სადაც ღერძულა ხაზთან დ. კ-ის ავტომობილი შეეჯახა მარჯვენა ნაწილით. მძღოლის განმარტებით, როდესაც დაბრკოლება დაინახა, მოუხვია მარცხნივ და დაიწყო დამუხრუჭება საფრთხის ასაცილებლად.

4.6. საქმეში არსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური სამსახურის 2013 წლის 14 ოქტომბრის №... ექსპერტიზის დასკვნით გამოძიებით დადგენილ ვითარებაში დ. კ-ს, ტექნიკური თვალსაზრისით, შეეძლო მომხდარი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ. გ-მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას, მძღოლის მხედველობის არეში ქვეითის გამოჩენის მომენტიდან ა/მანქანასა და შეჯახების ადგილს შორის მანძილის გამოთვლისას, ბავშვის სირბილის ტემპად აღებულ იქნა ნელი სირბილის დროს 9 წლის ასაკის ბავშვისათვის ექსპერტებისათვის სახელმძღვანელო ცხრილით გათვალისწინებული სიჩქარე - 9 კმ/სთ, გამომდინარე იქიდან, რომ საქმის მასალებში სწრაფ სირბილზე აღნიშნული არ იყო, მითითებული იყო, რომ ბავშვი გზას კვეთდა სირბილით, მხოლოდ ბრალდებული უთითებდა თავის ჩვენების დასაწყისში სწრაფ სირბილზე, რაც არ იქნა გათვალისწინებული. ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დაადგინა, რომ როდესაც ბავშვმა დაიწყო გზაზე გადარბენა, ბავშვსა და ავტომობილს შორის მანძილი იყო 47,3 მეტრი, ხოლო 60 კმ/საათი სიჩქარით მიმავალ ა/მანქანას სრული გაჩერებისათვის ესაჭიროებოდა 38 მეტრი. გამომდინარე იქიდან, რომ ა/მანქანის სრული გაჩერებისათვის საჭირო მანძილი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე გზაზე ბავშვის გადარბენის დაწყების მომენტიდან ბავშვსა და ა/მანქანას შორის მანძილი, დაასკვნა, რომ კონკრეტულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაში მძღოლს შეეძლო მომხდარი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ ქვეითის მოძრაობის ტემპის დინამიკის შეცვლის შემთხვევაში იცვლება მძღოლის მხედველობის არეში ქვეითის გამოჩენიდან ა/მანქანასა და შეჯახების ადგილს შორის მანძილი. მოცემულ საქმეზე, იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით გათვალისწინებული ნელი სირბილის ტემპი შეიცვლება სწრაფი სირბილის ტემპით, ასევე შეიცვლება ბავშვის მიერ გზის გადაკვეთის დაწყების მომენტიდან შეჯახების ადგილსა და ა/მანქანას შორის მანძილი.

4.7. საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 19 ნოემბრის №... დასკვნით ავტომობილ „მერსედეს ბენცის“, სახ. №..., მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - დ. გ-მა და ზ. თ-ემ.

ა) დ. გ-მა დამატებით განმარტა, რომ ექსპერტის წინაშე დასმული იყო ოთხი საკითხი 1. საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, რა მანძილი გაირბინა ქვეითად მოსიარულემ ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ მძღოლის მხედველობის არეში მოძრაობის საფრთხის შექმნის მომენტიდან მასზე ავტომობილის დაჯახებამდე; 2. შეეძლო თუ არა ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ მძღოლს მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ქვეითზე შეჯახების თავიდან აცილება; 3. იმ შემთხვევაში, თუ ქვეითად მოსიარულე ბავშვმა მძღოლის მხედველობის არეში გაირბინა 7,1 მეტრი, როგორც ეს საქმეში არსებულ 2013 წლის 14 ოქტომბრის №... დასკვნაშია აღნიშნული, შეეძლო თუ არა ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ მძღოლს ქვეითზე დაჯახების თავიდან აცილება; 4. საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში შეესაბამება თუ არა ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ მძღოლის მოქმედება საქართველოს კანონს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“. საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ქვეითად მოსიარულემ ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ მძღოლის მხედველობის არეში გამოჩენიდან დაჯახების მომენტამდე გზის სავალ ნაწილზე სწრაფი სირბილით გაირბინა დაახლოებით 6,0 მეტრი მანძილი, მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის ქვეითზე დაჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო. იმ შემთხვევაში, თუ ქვეითად მოსიარულე ბავშვმა მძღოლის მხედველობის არეში, მასზე ავტომობილის დაჯახების მომენტამდე სწრაფი სირბილით გაირბინა 7,1 მეტრი, როგორც ეს საქმეში არსებულ 2013 წლის 14 ოქტომბრის №... დასკვნაშია აღნიშნული, ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის ქვეითზე დაჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო. მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში მძღოლის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ მძღოლის მხედველობის არეში ბავშვის გამოჩენიდან დაჯახების მომენტამდე გზის სავალ ნაწილზე ქვეითის მიერ სწრაფი სირბილით გარბენილი მანძილი - 6,0 მეტრი, მიღებულ იქნა მ/ავტობუსის მძღოლის ჩვენების გათვალისწინებით, სადაც ის განმარტავდა, რომ მ/ავტობუსი 0,5 მეტრით იყო გადასული გზის სავალ ნაწილზე, ხოლო 7,1 მეტრი მიღებულ იქნა საქმის მასალებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მ/ავტობუსი მთლიანად იყო გადასული გზის სავალი ნაწილიდან, ასევე შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გამოძიებას აქვს დადგენილად მიჩნეული, რომ ქვეითად მოსიარულემ გაირბინა 7,1 მეტრი. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, მ/ავტობუსიდან რა მანძილით იქნებოდა ბავშვი დაშორებული ავტობუსის უკანა მხარეს, რადგან საფრთხე იქმნება მხოლოდ მაშინ, როცა ქვეითად მოსიარულე იწყებს სამოძრაო ზოლის გადაკვეთას. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს 45 მეტრი და უფრო შორი მანძილიდან შეეძლო საფრთხის დანახვა და იგი არასწორად და დაგვიანებით მიიღებს ზომებს, მას შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება, თუმცა მოცემულ საგზაო შემთხვევაში ა/მანქანასა და შეჯახების ადგილს შორის დაშორების მანძილი, როდესაც საფრთხე ფაქტობრივად შეექმნა მძღოლს, ბავშვის მიერ 6 მეტრი მანძილის გარბენის შემთხვევაში არის 28 მეტრი, ხოლო 7,1 მეტრის გარბენის შემთხვევაში - 33 მეტრი. მოცემულ საგზაო სიტუაციაში მძღოლს სჭირდება 42 მეტრი ა/მანქანის სრული გაჩერებისათვის, ანუ გასაჩერებელი მანძილი აჭარბებს ა/მანქანასა და შეჯახების ადგილს შორის მანძილს, როცა საფრთხე შეიქმნა მოძრაობაში და შესაბამისად, ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლი ვერ აიცილებდა ავტოსაგზაო შემთხვევას. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ ექსპერტიზისათვის მხოლოდ სირბილის ცნება არ არსებობს. მსოფლიო მასშტაბით და საქართველოში არსებობს ქვეითად მოსიარულის 5 მოძრაობის ტემპი, ესენია: ნელი ნაბიჯი, საშუალო ნაბიჯი, სწრაფი ნაბიჯი, ნელი სირბილი და სწრაფი სირბილი. ყველა ასაკისათვის არსებობს ქვეითად მოსიარულის სიჩქარე და შემდეგ გამოიყენება საექსპერტო პრაქტიკაში ანგარიშის დროს. იმ შემთხვევაში, თუ საქმის მასალების მიხედვით, არ იქნებოდა დაკონკრეტებული ქვეითის მოძრაობის ტემპი, ნელი სირბილით გადარბოდა ქვეითად მოძრავი თუ სწრაფი სირბილით და აღნიშნული არსებით გავლენას მოახდენდა დასკვნის შედეგზე, დააბრუნებდა საქმის მასალებს და მოითხოვდა დაკონკრეტებას, ნელი სირბილით გადარბოდა ქვეითი თუ სწრაფი სირბილით. მოცემულ საქმეზე კი სირბილის ტემპის დაკონკრეტება არსებით გავლენას ახდენდა დასკვნის შედეგებზე.

ბ) ზ. თ-ემ დამატებით განმარტა, რომ მოძრაობის ტემპს ღებულობენ იმ ცხრილებიდან, რომელიც მიღებულია საქართველოს ტერიტორიაზე. სიარულით მოძრაობისას არის სამი ტემპი, სირბილით მოძრაობისას კი ორი ტემპი, ესენია: ნელი სირბილი და სწრაფი სირბილი, ცალკე აღებული სირბილი კი არ არსებობს. თუ ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილებაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ნელი სირბილი ან სწრაფი სირბილი და მასში აღნიშნულია მხოლოდ სირბილი, ასეთ შემთხვევაში ითხოვენ დაკონკრეტებას, თუ როგორი ტემპით მოძრაობდა ქვეითად მოსიარულე, ეს იყო ნელი სირბილი, თუ სწრაფი სირბილი. ის იცნობს აღნიშნულ საქმეზე გაცემულ პირველ დასკვნასაც და დასკვნებს შორის განსხვავება არის მოძრაობის ტემპში. სწრაფი სირბილის შემთხვევაშიც 7,1 მეტრი რომ გაერბინა ბავშვს, მაშინაც არ შეეძლო მძღოლს თავიდან აეცილებინა ავტოსაგზაო შემთხვევა, მოძრაობის ტემპიდან გამომდინარე. რეალურად, მის მიერ გაცემული დასკვნა იდენტურია საქმეში არსებული პირველი დასკვნისა, გამოკვლევის წესის თვალსაზრისით, მხოლოდ მოძრაობის ტემპი არის განსხვავებული. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ საქმის მასალებით „მერსედესის“ მარკის ა/მანქანა გაჩერდა შეჯახებიდან სამიდან ორ მეტრში, რაც იმას მიანიშნებს, რომ დაჯახების მომენტში მანქანა იყო დამუხრუჭების პროცესში. რაც შეეხება კვალს, როდესაც მანქანა აღჭურვილია „აბეეს“ სისტემით, მისი დანიშნულებაა, რომ თანაბრად გადაანაწილოს გაჩერების მომენტში სამუხრუჭე ძალები, საჭის აღების შემთხვევაში ხდება ძალების გადანაწილება. ამ შემთხვევაში საჭის მარცხნივ აღებისას შეიძლებოდა სიმძიმის ცენტრის გადანაცვლებას გამოეწვია ის, რომ კვალი არ დარჩენილიყო. კვალი ზოგადად რჩება, მაგრამ უხილავია.

4.8. ბრალდებულ დ. კ-ის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 2013 წლის 12 ოქტომბერს მისი ბიძის კუთვნილი ავტომანქანა „მერსედეს ბენცით“, სახელმწიფო ნომერი „...“ მოძრაობდა ქ. ზუგდიდიდან ქ. ბათუმის მიმართულებით ნათესავებთან ერთად დაახლოებით 60 კმ/სთ სიჩქარით, რა დროსაც მისი სავალი გზის საპირისპირო სავალ ნაწილზე დაინახა ხობის მიმართულებით გაჩერებული მ/ავტობუსი, რომელიც სანახევროდ იყო გადასული გზის გვერდულაზე. როდესაც მ/ავტობუსის წინა მხარეს მიუახლოვდა, მ/ავტობუსის უკანა მხრიდან, მისგან დაახლოებით 5 მეტრის მანძილზე ბავშვმა დაიწყო გადმორბენა სწრაფი სირბილით. როგორც კი ბავშვი დაინახა, იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა შეჯახება, ერთდროულად მოუხვია მარცხნივ და დაამუხრუჭა, მაგრამ როდესაც ბავშვმა მისი მანქანის სავალი გზის შუა ნაწილამდე მიირბინა, დაბრუნდა უკან და იმავე ტემპით გააგრძელა უკან სირბილი, რა დროსაც მოხდა შეჯახება ღერძულა ხაზთან მის სამოძრაო ზოლში. შეჯახების მომენტში მისი მანქანა სანახევროდ იყო გადასული საპირისპირო ზოლში, ხოლო შეჯახება მოხდა მანქანის წინა, მარჯვენა ნაწილით.

4.9. საქმეზე არსებული უდავო მტკიცებულებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები არ ადასტურებს დ. კ-ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტს.

4.10. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე - შეჯახების შემდეგ ავტომანქანის დგომისა და მუხრუჭის კვალის დაწყების ადგილით, ავტომანქანის შეჯახების შედეგად ჩამოყრილი ნამსხვრევების მდებარეობითა და მოწმეთა ჩვენებებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ზე შეჯახება მოხდა არა დ. კ-ის სამოძრაო, არამედ მის საპირისპირო ზოლში, მიკროავტობუსის უკანა ნაწილიდან დაახლოებით 30 მეტრი მანძილის მოშორებით... სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სწორედ მძღოლ კ-ის არასწორმა და დაგვიანებულმა მანევრმა გამოიწვია ქვეითთან შეჯახება.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ზემოაღნიშნულისა და იმის თაობაზე, რომ არც ერთი ექსპერტიზის დასკვნა არ უნდა იქნეს გაზიარებული. როდესაც საკითხი ეხება ავტოსაგზაო შემთხვევას, საჭიროა სპეციალური ცოდნა და მეთოდოლოგია, რათა სწორად დადგინდეს ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლის ბრალეულობა.

4.11. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური სამსახურის 2013 წლის 14 ოქტომბრის №... ექსპერტიზის დასკვნაზე, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 19 ნოემბრის №... დასკვნასა და ექსპერტების - ზ. გ-ის, დ. გ-ისა და ზ. თ-ის ჩვენებებზე, რომლებითაც დასტურდება, რომ ორივე ექსპერტიზის დროს გამოყენებული მეთოდოლოგია ფაქტობრივად არის იდენტური და ეყრდნობა საქმის მასალებს. მნიშვნელოვანი განსხვავება, რამაც გამოიწვია ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნების გამოტანა, არის ის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური სამსახურის ექსპერტმა მძღოლის მხედველობის არეში ქვეითის გამოჩენის მომენტიდან ა/მანქანასა და შეჯახების ადგილს შორის მანძილის გამოთვლისას, ბავშვის სირბილის ტემპად აიღო ნელი სირბილის დროს 9 წლის ასაკის ბავშვისათვის ექსპერტებისათვის სახელმძღვანელო ცხრილით გათვალისწინებული სიჩქარე - 9 კმ/სთ, გამომდინარე იქიდან, რომ საქმის მასალებში სწრაფ სირბილზე მითითებული არ იყო და ამაზე მხოლოდ ბრალდებული უთითებდა თავისი ჩვენების დასაწყისში, რაც არ იქნა გათვალისწინებული. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა ბავშვის სირბილის ტემპად აიღო სწრაფი სირბილი, ვინაიდან ამაზე უთითებდა ბრალდებული. ექსპერტებმა განმარტეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მასალების მიხედვით არ იქნებოდა დაკონკრეტებული ქვეითის მოძრაობის ტემპი (ნელი სირბილით გადარბოდა ქვეითად მოსიარულე თუ სწრაფი სირბილით), დააბრუნებდნენ საქმის მასალებს და მოითხოვდნენ ამის დაკონკრეტებას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სირბილის ტემპის დაკონკრეტება არსებით გავლენას ახდენდა დასკვნის შედეგებზე.

4.12.საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბავშვის სირბილის ტემპი არის საკვანძო საკითხი და აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური სამსახურის ექსპერტის მიერ ბავშვის სირბილის ტემპად ნელი სირბილის მაჩვენებლის აღება არამართებულია იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით ეს გარემოება არ დასტურდება, მძღოლი კი საპირისპიროს უთითებდა (ბავშვმა გადაირბინა სწრაფად). ამდენად, ფაქტობრივად, კონკრეტული საკითხის შეფასება დაეყრდნო ვარაუდს, რომ ბავშვი ნელი სირბილით გადაირბენდა, რაც დაუშვებელია. რაც შეეხება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტების განმარტებებს, საკასაციო პალატა იზიარებს და აღნიშნავს, რომ ბავშვის სირბილის ტემპად სწრაფი სირბილის მაჩვენებლის აღება მართებულია, ვინაიდან ეს დასტურდება თავად ბრალდებულ დ. კ-ის ჩვენებით, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო არ დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით.

4.13.ამდენად, საკასაციო პალატა იზარებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 19 ნოემბრის №... დასკვნის შედეგს, რომლის თანახმადაც, ავტომობილ „მერსედეს ბენცის“, სახ. №..., მძღოლს - დ. კ-ს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო.

4.14.რაც შეეხება კასატორთა მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დ. კ-ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნის დარღვევაც, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ასეთი მსჯელობა სცდება ბრალდებისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, რაც არამართებულია.

4.15.საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. იმავე შინაარსისაა ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დ. კ-ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი.

4.1.14.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. კ-ი უნდა გამართლდეს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის განაჩენი დ. კ-ის მიმართ: დ. კ-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.

3. დ. კ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

4. გამართლებულ დ. კ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

5. ნივთიერი მტკიცებულებები - ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი, სახ. ნომრით ..., დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დ. კ-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; პლასტმასისა და მინის ნამსხვრევები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი