საზედამხედველო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №141აგ-15 26 თებერვალი, 2016 წელი
პ-ი დ.- 141აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. პ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივნისის განაჩენით დ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 9 თებერვლიდან.
დ. პ-ს ნარკომანიისგან განკურნების მიზნით დაენიშნა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 ივნისის განაჩენში, კერძოდ, დ. პ-ს განაჩენიდან ამოერიცხა მითითება ნარკომანიისგან განკურნების მიზნით იძულებითი მკურნალობის შეფარდების შესახებ. განაჩენი სასჯელისა და კვალიფიკაციის ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 30 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ დ. პ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ დ. პ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 16 წელი და განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2015 წლის 3 აგვისტოს მსჯავრდებულმა დ. პ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ მისი განაჩენი ეფუძნება მხოლოდ ცრუ მოწმეების - სოდ-ის თანამშრომლების ჩვენებებს. დ. პ-მა თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ითხოვა საქმის ზეპირი მოსმენითა და ადვოკატის მონაწილეობით განხილვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ დ. პ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული დ. პ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ არის უდანაშაულო. იგი ითხოვს, მიეცეს თავისი სიმართლის დამტკიცების შესაძლებლობა და აპელირებს იმავე გარემოებებზე, რაზეც მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, მსჯავრდებულმა დ. პ-მა 2015 წლის 3 აგვისტოს შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა: მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა; საქმის ზეპირი მოსმენითა და მისი ადვოკატის თანდასწრებით განხილვა, ვინაიდან განაჩენს საფუძვლად დაედო ცრუ მოწმეების - სოდ-ის თანამშრომლების ჩვენებები, რომელთაც მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდათ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებაში, ნაცვლად შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნისა, არასწორად იმსჯელა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორცილებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და იმ საფუძვლით, რომ ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას არ გამოუწვევია მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესება, დ. პ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად ცნო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო პალატამ უნდა იმსჯელოს მსჯავრდებულ დ. პ-ის შუამდგომლობის დასაშვებობის მოტივებთან დაკავშირებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ დ. პ-ის მიმართ.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ზ. მეიშვილი