განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 10.05.2016
საქმის ნომერი
2კ-587აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.05.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#587აპ-15 ქ. თბილისი

ჩ-ი ო. 587ap-15 10 მაისი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის პროკურორ ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის განაჩენით ო. ჩ-ი, - დაბადებული 19… წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 332–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ო. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე დაევალა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. აღნიშნული განაჩენით ო. ჩ-ს მსჯავრი დაედო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის 22 აგვისტოს თბილისის სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა გასცა სააღსრულებო ფურცელი №....., რომლის მიხედვით, მოქალაქე კ. ს-ეს დაეკისრა მოპასუხე გ. მ-ის სასარგებლოდ - 39.600 აშშ დოლარის გადახდა. იმავე დღეს სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეცა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელ ო. ჩ-ს, რომელმაც ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28–ე მუხლის პირველი პუნქტითა და 631-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით, 2005 წლის 23 აგვისტოს მოვალე კ. ს-ეს ჩააბარა გაფრთხილება სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ ისე, რომ მისი ქონება არ აღწერა და არ დააყადაღა.

2005 წლის 9 სექტემბერს აღმასრულებელ ო. ჩ-ის წერილის საფუძველზე აუდიტორულმა ფირმამ - „.....“ თბილისში, ..... ქუჩის №.....–ში მდებარე, მოვალის - კ. ს-ის ბინა შეაფასა - 85.000 აშშ დოლარად, თუმცა, სააღსრულებო ფურცელში ცალსახად იყო აღნიშნული აღსასრულებელი პრეტენზია და დავის საგანი - 39.600 აშშ დოლარი.

2005 წლის 14 სექტემბერს აღმასრულებელ ო. ჩ-ის სახელზე სააღსრულებო ბიუროში შევიდა კრედიტორ გ. მ-ის განცხადება იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ, რის შემდეგაც, 16 სექტემბერს, ო. ჩ-ა მიმართა გაზეთ „.....“, რათა გამოქვეყნებულიყო განცხადება. ამავე პერიოდში კ. ს-ის რძალმა - ნ. ს-ემ კრედიტორს შესთავაზა მისულიყო საშუამავლო ფირმა „.....“ ინდმეწარმე მ. ი-სთან, სადაც ბინის გადაგირავების შემდგომ გადასცემდა მას დაკისრებულ თანხას და პროცენტს, რაზეც ეს უკანასკნელი დასთანხმდა. საშუამავლო ფირმა „.....“ ინდმეწარმე მ. ი-სთან ასევე მივიდა აღმასრულებელი ო. ჩ-ი, რომელიც ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და დაინტერესებული იყო აუქციონზე ბინის იაფად გაყიდვით. მან კრედიტორ მ-ს მოსთხოვა თანხის გაზრდა ნ. ს-თვის, რაც კრედიტორმა შეასრულა. ნ. ს-ე დასთანხმდა უმიზეზოდ გაზრდილი თანხის გადახდას და საჯარო რეესტრიდან ბინის გადასაგირავებლად კრედიტორისა და აღმასრულებლისაგან მოითხოვა ამონაწერი, რაზეც ო. ჩ-ა უარი განაცხადა. იგი ინახავდა საჯარო რეესტრიდან ამონაწერს და არ აძლევდა ნ. ს-ესა და ინდმეწარმე მ. ი-ეს.

2005 წლის 27 სექტემბერს ჩატარდა აუქციონი, რა დროსაც ო. ჩ-მა დაარღვია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 71–ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, აუქციონზე უძრავი ქონების საწყის ფასს წარმოადგენს ამ ქონებაზე ყადაღის დადების აქტში მითითებული ფასი. აღმასრულებელს კი ქონებაზე ყადაღის დადების აქტი არ შეუდგენია, რაც გათვალისწინებულია ამავე კანონის 29–ე და 48–ე მუხლებით დადგენილი წესით. აუქციონზე ბინის შემძენი გახდა მოქალაქე დ. მ-ი. ბინის ფასმა შეადგინა 59.500 აშშ დოლარი. აღმასრულებლის მიერ უკანონოდ ჩატარებულმა აუქციონმა ფიზიკური პირისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ვასილ სამხარაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის საბოლოო სასჯელად - 2 წლითა 3 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის პროკურატურის პროკურორი ვასილ სამხარაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენის შეცვლას სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულისათვის „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გათვალისწინებით, საბოლოო სასჯელის სახით - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2010 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) 562-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო წესით განაჩენის გაუქმებისა და შეცვლის საფუძველია: სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა. ამავე კოდექსის 563-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არსებითად ითვლება ამ კოდექსის მოთხოვნათა ისეთი დარღვევები, რომლებმაც შეზღუდეს პროცესის მონაწილეთა უფლებები, ხელი შეუშალეს საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას, გავლენა მოახდინეს კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ო. ჩ-ის სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარიმართა საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სსსკ-ით დადგენილი წესით, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანილი აქვს საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სსსკ-ის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, კერძოდ: განაჩენის გამოტანის დროს იხელმძღვანელა ახალი სსსკ-ის 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სსსკ-ის მოქმედი რედაქციის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რითაც არსებითად დაირღვა კანონის მოთხოვნა.

4. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, რაც მოცემულ შემთხვევაში განაჩენის გაუქმების საფუძველია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი ო. ჩ-ის მსჯავრდების თაობაზე უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის. სააპელაციო სასამართლოში საქმეზე არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა წარიმართოს და განაჩენი გამოტანილ უნდა იქნეს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის პროკურატურის პროკურორ ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი ო. ჩ-ის მსჯავრდების თაობაზე გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს ახალი განხილვისათვის.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი