გაუქმდა გამამტყუნებელი განაჩანი და გამოტანილი ინქნა გამამართლებელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№462აპ-16 10 იანვარი, 2017 წელი
ჩ. გ-ა, 462აპ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ლიკა ბულიას
ადვოკატების – დ. მ-სა და ნ. კ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ჩ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. კ-ის, თ. მ-სა და დ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განაჩენით გ. ჩ., –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და რაც გამოიხატა შემდეგში:
2. 2015 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 12:15 საათზე, ხ-ში, დ-ის ქუჩაზე, ს.-ზ-ის მიმართულებით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, დაშვებულზე გადაჭარბებული სიჩქარით ავტომანქანა „მერსედესით“ მოძრაობდა გ. ჩ.. დ-ის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, გვერდულზე გაჩერებული იყო მიკროავტობუსი. ამავე დროს დ-ის ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გამოვიდა და ს.-ზ-ის მიმართულებით გზის მარჯვენა მხრიდან მარჯვნიდან მარცხნივ ნელი სირბილით გზის გადაკვეთა დაიწყო არასრულწლოვანმა – 11 წლის ა. ჯ-ამ, რომელსაც ავტომანქანის წინა, მარჯვენა ფრთის შუა ნაწილით შეეჯახა გ. ჩ.. ა. ჯ-ამ შეჯახების შედეგად მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები. შემთხვევის შემდეგ ა. ჯ. გ. ჩ-ამ გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც ის გარდაიცვალა.
3. აღნიშნული ქმედებისათვის გ. ჩ-ას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 26 თებერვლიდან; მასვე 3 წლით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება. გაუქმდა გ. ჩ-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად თ. ს-ის უძრავ ქონებაზე (მდებარე ს-ში, ი. ჭ-ის ქ. №--ში (ყოფილი -), საკადასტრო კოდი – -) დადებული ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნა. გ. ჩ-ას დაუბრუნდა პასპორტი, პირადობის ელექტრონული მოწმობა და მართვის მოწმობა.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ნ. კ-ემ, თ. მ-ემ და დ. მ-მა. მათ ითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განაჩენის გაუქმება და გ. ჩ-ას გამართლება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის ადვოკატების სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორები – მსჯავრდებულ გ. ჩ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატები – ნ. კ., თ. მ. და დ. მ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რის გამოც უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღების დროს არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
8. განაჩენი უნდა ემყარებოდეს საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
9. კასატორთა აზრით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია მხოლოდ ის, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხ-ში, ც. დ-ის ქუჩაზე გამავალ თ.-ს.-ლ-ის საავტომობილო გზის --ე კილომეტრზე და წარმოადგენს ორმხრივი მოძრაობისათვის განკუთვნილ საავტომობილო გზას. ამ ოქმში არ არის აღნიშნული ქვეითის მიერ გზის გადაკვეთის ადგილი, ასევე – შეჯახების, ავტომანქანის გაჩერების, ქვეითის დავარდნის ადგილები და სხვა, ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც აუცილებელია დასახელებული ოქმის საფუძველზე სრულყოფილი ავტოტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებისა და დასკვნის გაცემისათვის. მიუხედავად ამ დაუდგენელი გარემოებებისა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით მიჩნეულია, რომ ქვეითის გამოჩენის დროს მძღოლის მხედველობის არეში ავტომობილი შეჯახების ადგილიდან დაცილებული იქნებოდა 44,6 მეტრით და იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი იმოძრავებდა დასაშვები – 60 კმ/სთ სიჩქარით, ქვეითს ვერ შეეჯახებოდა.
10. ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა რომ სრულად არ ასახავს მომხდარი შემთხვევის განვითარების მექანიზმს და არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც საფუძვლად დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე ექსპერტ ზ. გ-ის დაკითხვით. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარდგენილ, ლ. სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნას, რომლის უტყუარობა და დამაჯერებლობა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა დ. გ-მა, იგი პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოტანილი განაჩენით უარყო, თუმცა განაჩენში გამოიყენა დაცვის მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტში მითითებული მანძილები, თვითონ დაიანგარიშა, ჩაატარა გარკვეული გამოთვლები და მიუთითა, რომ: „გ. ჩ-ამ არამკვეთრი დამუხრუჭებით გაიარა ზემოთ მითითებული 38,4 მეტრი მანძილი, რის შემდეგაც შეეჯახა ა. ჯ-ას, რომელიც გადავარდა 10 მეტრში“. მოსამართლის ამგვარი ქმედების ახსნა სააპელაციო სასამართლოს არც უცდია.
11. საჩივრის ავტორთა აზრით, თუ გავიზიარებთ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს, გამოდის, რომ: ა) გ. ჩ-ას შეუსრულებია ის პირობა, რაც მასზე იყო დამოკიდებული და რაც ბრალის დადგენილებასა და ბრალდების მხარის ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული, თუმცა შეჯახება მაინც ვერ აიცილა; ბ) გ. ჩ-ას შესრულებული აქვს ბრალდების მხარის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მეორე ალტერნატიული პირობაც (სიჩქარის შენელება), რასაც გვიდასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლო.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, იბადება კითხვა, თუ რომელი ექსპერტიზის დასკვნა დაუდო საფუძვლად სასამართლომ გ. ჩ-ას დამნაშავედ ცნობას. იმისათვის, რათა როგორმე დაედგინა გამამტყუნებელი განაჩენი, პირველი ინსტანციის მოსამართლემ შეითავსა ექსპერტის ფუნქცია, თავისი გამოთვლებითა და დადგენილი გარემოებებით ფაქტობრივად გამორიცხა გ. ჩ-ას მიერ მოვალეობათა დარღვევის ის ფაქტები, რომლებსაც მას ბრალდების მხარე ედავებოდა და დაადგინა ახალი გარემოებები, რაზეც ბრალდების ექსპერტიზის დასკვნაში საერთოდ არ არის მსჯელობა. სააპელაციო სასამართლოს არც ამ საკითხზე უმსჯელია.
13. დადგენილია, რომ დაჯახების შემდეგ ბავშვი დავარდა წინ და მარჯვნივ, დაახლოებით 10 მეტრზე დაჯახების ადგილიდან; ისიც უდავოდაა დადგენილი, რომ შეჯახების შემდეგ გ. ჩ-ას ავტომანქანა გაჩერდა ბავშვის დავარდნის ადგილის პარალელურად. არც ერთი ინსტანციის სასამართლოს განაჩენებში არ არის ახსნილი ის გარემოება, თუ რომელი უტყუარი მტკიცებულების საფუძველზე მივიდა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ გ. ჩ. შემთხვევისას მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით. შესაბამისად, მთელი ეს გამოთვლები, დაანგარიშებები, ახალი გარემოებების დადგენა და ბრალდების ფორმულირების შეცვლა მხოლოდ იმიტომ დასჭირდა მოსამართლეს, რომ ბავშვის დავარდნისა და მანქანის გაჩერების ადგილები დაემთხვია ერთმანეთისათვის, გაეზარდა გასაჩერებელი მანძილი და როგორმე დაესაბუთებინა გამამტყუნებელი განაჩენი.
14. კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია სასჯელის ნაწილშიც. სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენა მაქსიმუმთან მიახლოებული სასჯელი, რაც ეწინააღმდეგება სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს; არ გაითვალისწინა გ. ჩ-ას ქცევა ქმედების შემდეგ – მან და მისმა მეუღლემ დაშავებული ბავშვი საკუთარი ავტომანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში და ცდილობდნენ მის გადარჩენას.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატები ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განაჩენის გაუქმებას და გ. ჩ-ას გამართლებას.
16. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორებმა – დ. მ-მა და ნ. კ-ემ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო პროკურორმა ლ. ბ-ამ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ხ-ში, დ-ის ქუჩაზე გამავალ თ.-ს.-ლ-ის საავტომობილო გზის --ე კილომეტრზე, გზის სავალ ნაწილზე, ასფალტის საფარზე, შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც გრძელდება გზის მეორე ზოლის მიმართულებით, სწორხაზოვნად კვეთს საპირისპირო მოძრაობის ზოლს, სადაც თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით სამოძრაო ზოლის მარჯვენა, უკიდურეს ნაწილში, ასფალტისსაფარიან გვერდულსა და მოხრეშილი გვერდულის ნაწილზე შეინიშნება მცირე ზომის, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი სითხის გუბე.
3. მოწმე დ. კ-ის ჩვენებით, იგი ჯ. ძ-სთან ერთად ესწრებოდა გამომძიებელ გ. ს-ას მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებას. სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს იყო სისხლის გუბე, კვალი მიდიოდა პერპენდიკულარულად და ჩერდებოდა გზის სავალ ნაწილზე. მას ახსოვს, რომ სისხლის კვალი სხვაგან არ ყოფილა.
4. 2015 წლის 12 აპრილის ავტომობილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომობილს დაზიანებული აქვს წინა, მარჯვენა ფრთა, მარჯვენა წინა და უკანა კარები, ასევე – მარჯვენა გვერდითა ხედვის სარკის მინა და პლასტმასის დეტალები, დაბზარულია წინა საქარე მინა მარჯვენა ნაწილში. 2015 წლის 15 აპრილის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული დაზიანებები თავისი ფორმით, წარმოქმნის მექანიზმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელია მათი რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან შეჯახება-ურთიერთმოქმედებისათვის, როგორიც შესაძლებელია იყოს ადამიანის სხეულიც.
5. მოწმე ლ. ს-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 12 აპრილს იგი მამიდაშვილთან ერთად იჯდა თავისი ძმის – გ. ს-ას მიკროავტობუსში, რომელიც მან გააჩერა გზის სავალი ნაწილის გვერდულზე და გადავიდა მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად. ამ დროს დაინახა გ. ჯ-ას სახლის ჭიშკრიდან ხტუნვა-ხტუნვით გამოსული ა. ჯ.. შეჯახების მომენტი არ დაუნახავს, რადგან თავის მამიდაშვილს ესაუბრებოდა, დაინახა ჰაერში ავარდნილი ბავშვი, რომელიც გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს დავარდა.
6. მოწმე ე. ჯ-ას ჩვენებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ გ. ჩ-ას ავტომანქანა გაჩერებული იყო გზაზე, თავისი სავალი ნაწილიდან მოპირდაპირე ზოლში; ასევე დაინახა, რომ მძღოლმა დაშავებული ბავშვი აიყვანა გზის მარჯვენა მხრიდან, დააწვინა თავისი მანქანის უკანა სავარძელზე და წაიყვანა ზუგდიდის მიმართულებით (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
7. მოწმე ლ. ს-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 12 აპრილს თვითონ, მისი მეუღლე და შვილი მიდიოდნენ ს-დან ზ-ის მიმართულებით, რა დროსაც ხ-ის გასასვლელთან მათი მანქანა შეეჯახა ბავშვს. შეჯახებამდე 1-2 წუთით ადრე მას მობილურ ტელეფონზე დედამ დაურეკა. დარეკვამდე მან სპიდომეტრს დახედა და ნახა, რომ მათი მანქანა დაახლოებით 50 მილი/სთ სიჩქარით მოძრაობდა, შემდეგ აღარ მიუქცევია ყურადღება, შეამცირა თუ გაზარდა მისმა მეუღლემ სიჩქარე. დაჯახების მომენტში მათი მანქანა რა სიჩქარით მოძრაობდა, ვერ განსაზღვრავს, რადგან საუბრობდა ტელეფონით. ბავშვი რომ დაინახა, ფაქტობრივად, იმწუთასვე მოხდა შეჯახება. იცის, რომ მეუღლემ საჭე აიღო მარცხნივ, შეჯახების მომენტში მანქანის წინა, მარცხენა მხარე გადასული იყო საპირისპირო სამოძრაო ზოლში. შეჯახების შემდეგ მანქანა მთლიანად გაჩერებული იყო საპირისპირო ზოლის შუაში. ბავშვის დავარდნის ადგილი და მათი მანქანის უკანა მხარე თითქმის ერთმანეთის გასწვრივ, პარალელურად იყო. ბავშვი გადარბოდა მარჯვნიდან მარცხნივ, სწორხაზოვნად (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
8. მოწმე გ. ჩ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 12 აპრილს ის, მისი მეუღლე და შვილი მიდიოდნენ ს-დან ზ-ის მიმართულებით. სანამ მიკროავტობუსს დაინახავდა, მოძრაობდა დაახლოებით 50 მილი/სთ სიჩქარით. მას შემდეგ, რაც გვერდულზე გაჩერებული მიკროავტობუსი დაინახა, აიღო ფეხი სიჩქარის პედლიდან და გადაიწია მარცხნივ, ღერძულა ხაზისაკენ. მიკროავტობუსთან დაახლოებით 3-4 მეტრში იყო, როდესაც შენიშნა, რომ ბავშვი ნელი სირბილით გამოსცდა გვერდულ ხაზს და შემოვიდა მის სამოძრაო ზოლში. მან საჭე მიმართა მარცხნივ და დაიწყო დამუხრუჭება. შეჯახება მოხდა მისი ავტომანქანის წინა, მარჯვენა ფრთის დაბოლოებით და უკანა ჩასახედი სარკით. შეჯახებისას ბავშვი იყო მარჯვენა მხარეს, მის სამოძრაო ზოლში, ხოლო ავტომანქანის წინა, მარცხენა მხარე გადასული იყო საპირისპირო მოძრაობის ზოლში. შეჯახების შემდეგ გ. ჩ. მთლიანად გადავიდა საპირისპირო ზოლში, გააჩერა მანქანა, გადავიდა და წავიდა ბავშვისაკენ, რომელიც იმყოფებოდა მანქანის უკანა კარის გასწვრივ, მარჯვენა სამოძრაო ზოლში. საჭის გადაწევა მარცხნივ და ინსტინქტურად დამუხრუჭება, ფაქტობრივად, ერთდროულად მოხდა. შეჯახების მომენტში სიჩქარე დაახლოებით იყო 35 მილი/სთ-ში. მან შეჯახების შემდეგ ბავშვის ვარდნის ადგილი მიუთითა ზუსტად და არა – სავარაუდოდ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
9. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ი-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2015 წლის 8 ივნისის №- დასკვნის თანახმად, „გამოძიებით დადგენილ ვითარებაში მძღოლ გ. ჩ-ას, ტექნიკური თვალსაზრისით, შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება“. დასკვნას ხელს აწერს მთავარი ექსპერტი ზ. გ..
10. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ზ. გ., რომელმაც განაცხადა, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროს მისთვის არ იყო ცნობილი ავტომანქანის დგომის/გაჩერების ადგილი, ადგილი, სადაც ქვეითი გადარბოდა და ადგილი, სადაც აღმოჩნდა მისი სხეული შეჯახების შედეგად. გამოძიებით დადგენილი იყო, რომ შეჯახება მოხდა საპირისპირო მოძრაობის ზოლის შუა ნაწილში. იმ შემთხვევაში, როცა დაჯახება ხდება მანქანის წინა, მარჯვენა, გვერდითი ნაწილით, სხეული გადაადგილდება წინ და მარჯვნივ. გამოძიებით აგრეთვე დადგენილი იყო, რომ მძღოლი მოძრაობდა 80კმ/სთ სიჩქარით. 80კმ/სთ სიჩქარით (50 მილი/საათში) მოძრავმა ავტომობილმა სამუხრუჭე კვალი უნდა დატოვოს დაახლოებით 32-35 მეტრზე. გამომძიებლის დადგენილებაში აღწერილ ვითარებაში მოცემული ავტოსაგზაო შემთხვევა შეიძლება განვითარებულიყო იმ ნახაზისა და საქმის მასალების მიხედვით, რაც ექსპერტს ჰქონდა. დაცვის მხარის შეკითხვაზე ექსპერტმა ზ. გ-მა განაცხადა: „ზუსტი მონაცემები რომ მქონოდა – სად გაჩერდა მანქანა, დახრის კუთხე, როგორი იყო ქვეითის განლაგება დაცემის შემდეგ, შეიძლება, მიმეღო ჩემი დასკვნის საპირისპირო დასკვნა და მეთქვა, რომ მძღოლს არ შეეძლო ამ შემთხვევის თავიდან აცილება, მაგრამ მონაცემები რომ არ მქონდა, ეს არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ დასკვნა არ დამეწერა. მე ჩავატარე მარტივი პროპორცია... ქვეითის ვარდნის ადგილი თუ ვიცით, ჩვენი პროგრამის მეშვეობით ვადგენთ, სად მოხდა შეჯახება“ (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი).
11. დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 3 აგვისტოს №-- დასკვნის თანახმად, „მოცემულ კონკრეტულ პირობებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი, ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეიძლებოდა განვითარებულიყო იმ პირობებში, როგორც ეს გამოძიებას აქვს მიჩნეული. მოცემულ საგზაო პირობებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი, ტექნიკური თვალსაზრისით, უნდა განვითარებულიყო ისე, როგორც ეს შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლის გამოკითხვის ოქმსა და საგამოძიებო ექსპერიმენტშია ასახული. მოცემულ კონკრეტულ პირობებში, ავტომობილ „მერსედეს-ბენცის“ მძღოლი გ. ჩ., ტექნიკური თვალსაზრისით, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება“. დასკვნას ხელს აწერს ექსპერტი დ. გ., რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს დაადასტურა მის მიერ შედგენილი დასკვნის სისწორე და დამატებით განაცხადა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას განიხილა გამოძიების მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება: მოწმეების, მათ შორის – გ. ჩ-ას ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ექსპერიმენტის ოქმი, ავტომობილზე არსებული დაზიანებები და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ გ. ჩ-ას ჩვენება მთლიანად შეესაბამება ავტოსაგზაო შემთხვევის განვითარების მექანიზმს და იგი მოცემულ კონკრეტულ პირობებში სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა.
12. მოწმე დ. გ-ის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ, როგორც წესი, ქვეითზე ავტომობილის დაჯახების დროს ქვეითის სხეულის განთავსების ადგილი დაჯახების შემდეგ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში – საავტომობილო გზის მარჯვენა კიდე – არასოდეს წარმოადგენს დაჯახების ადგილს, ვინაიდან დაჯახების შემდეგ, დაჯახების ძალების გავლენით ქვეითის სხეული ყოველთვის გადაადგილდება და უფრო ხშირად ხდება მისი გასროლა წინ და ნაწილობრივ – მარჯვნივ. მოცემულ პირობებში, როცა ქვეითის დაჯახება ხდება ავტომობილის გვერდით ნაწილთან, წარმოიქმნება წყვილი ძალა, რომელიც მის სხეულს ანიჭებს ბრუნვით მოძრაობას, ამავდროულად, გასროლა მოხდება წინ და ნაწილობრივ – მარჯვნივ. სხეულის ვარდნის აღნიშნული მექანიზმი მიუთითებს, რომ მოცემულ პირობებში ავტომობილის კონტაქტი მომხდარია გზის შუა ნაწილში, გზის მარჯვენა კიდიდან დაახლოებით 2.7 მეტრის დაშორებით, რის შემდეგაც ა. ჯ. დაჯახების ადგილიდან გადავარდა გზის გრძივი ღერძის პარალელური ხაზიდან მარჯვნივ.
13. ექსპერტ დ. გ-ის ჩვენებით, ავტომობილისა და ქვეითის დაჯახების ადგილად გამოძიებას მიღებული აქვს საპირისპირო მოძრაობის ზოლის შუა ნაწილი, რაც მთლიანად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ: დაჯახების ადგილად მიჩნეული კოორდინატი, ფაქტობრივად, მდებარეობს იმ ადგილას, სადაც საბოლოოდ გაჩერდა ავტომობილის მარჯვენა გვერდითი ნაწილი, რაც მთლიანად გამორიცხავს მოცემულ მიდამოში დაჯახების შესაძლებლობას, ხოლო, ამასთან, თუ დაჯახება მოხდებოდა მოცემულ კოორდინატებში, ა. ჯ. ვერანაირად ვერ აღმოჩნდებოდა საავტომობილო გზის მარჯვენა კიდესთან. ასეთ პირობებში იგი დაეცემოდა საავტომობილო გზის ცენტრში. თუ შეჯახება მოხდებოდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, როგორც ეს გამოძიებას აქვს მიჩნეული, მაშინ გამოდის, რომ დაჯახებაც და ავტომანქანის გაჩერებაც ერთ წერტილში მოხდა, რაც გამორიცხულია, რადგან დაჯახების შემდეგ ავტომანქანა მაშინვე ვერ გაჩერდებოდა, იგი უნდა გადაადგილებულიყო. ყველა შემთხვევაში დაჯახების ადგილი უნდა იყოს ის კოორდინატი, რომელსაც მძღოლი მიუთითებს – თავისი სამოძრაო ზოლი, გზის კიდიდან დაახლოებით 2.7 მეტრი მანძილი. იმ შემთხვევაში, თუ დაჯახება მოხდებოდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, ავტომობილი გადალახავდა საავტომობილო გზის მარცხენა გვერდულს და საბოლოოდ, აღმოჩნდებოდა გზის მიღმა, რაც არ მომხდარა.
14. ექსპერტების – ზ. გ-სა და დ. გ-ის ჩვენებებით, 1970 წელს შემუშავებული სპეციალური ცხრილების მიხედვით, არსებობს ქვეითად მოსიარულეთა ხუთი ტემპი, ესენია: ნელი ნაბიჯი, საშუალო ნაბიჯი, სწრაფი ნაბიჯი, ნელი სირბილი და სწრაფი სირბილი. მოწმეების – გ. ჩ-ას, ლ. ს-ის, ლ. ს-ას ჩვენებებით დადგენილია, რომ ა. ჯ. მოძრაობდა ნელი სირბილით ანუ, მეთოდურად მიღებული ცხრილის მიხედვით, მისი სიჩქარე უნდა ყოფილიყო დაახლოებით 9.5 კმ/სთ. მოწმე დ. გ-ის ჩვენებით, ნელი სირბილი წარმოადგენს მაღალ ტემპს. მოძრაობის აღნიშნული ტემპი, ტექნიკური თვალსაზრისით, შეესაბამება შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის დაზიანების ხარისხს; ტექნიკური გაანგარიშებით, საფრთხის შექმნის მომენტში ავტომობილი, რომელსაც გ. ჩ. მართავდა, დაჯახების ადგილიდან დაშორებული უნდა ყოფილიყო დაახლოებით 16 მეტრით. მოცემულ პირობებში ავტომობილის სრული გაჩერებისათვის საჭიროა 35 მეტრი, რაც, ფაქტობრივად, ორჯერ და მეტჯერ აღემატება გ. ჩ-ას განკარგულებაში არსებულ მანძილს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
15. მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ დ. გ-ის ჩვენებით, მძღოლის მიერ ბავშვის დანახვის მანძილი და საფრთხის შექმნის მომენტი სხვადასხვაა. საფრთხე შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ქვეითმა ა. ჯ-ამ დაიწყო საავტომობილო გზის გადაკვეთა. მიკროავტობუსის საავტომობილო გზის გვერდულზე დგომა-არდგომა ავტოსაგზაო შემთხვევასა და ავტოტექნიკური ექსპერტიზის შედეგზე არანაირ გავლენას არ მოახდენდა. საქმეში არსებული მასალებიდან, მათ შორის – გამოძიების მიერ შედგენილი სქემიდან – გამომდინარე, სისხლის გუბე, სადაც ა. ჯ-ას ვარდნის ადგილია, და ავტომობილის გაჩერების ადგილი პირდაპირ მიუთითებს, რომ ავტომობილი უშუალოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს არ მოძრაობდა დიდი სიჩქარით. რაც უფრო დიდია ავტომანქანის სიჩქარე, მით უფრო შორს ხდება ქვეითის ვარდნა. გ. ჩ-ას 80 კმ/სთ სიჩქარით რომ ემოძრავა, დარტყმის შედეგად ბავშვს უფრო შორს გადააგდებდა და მანქანაც სხვა ადგილას გაჩერდებოდა. მოცემულ შემთხვევაში, ავტომობილი გადაადგილდებოდა 50-60 კმ/სთ-ით და ამ სიჩქარით მოძრავი ვერც ერთი ავტომანქანა შეჯახებას ვერავითარ შემთხვევაში თავიდან ვერ აიცილებდა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
16. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას თავისი არსით არ გააჩნია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ხასიათი, კერძოდ: სააპელაციო პალატამ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მის საფუძველზე ჩატარებული საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2015 წლის 8 ივნისის №- დასკვნა და არათვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები.
17. ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია კუმულაციურად შემდეგი წინაპირობების თანაარსებობა: ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, მოცემული დარღვევის იმ პირის მიერ ჩადენა, რომელიც მართავს ავტომობილს და ჯანმრთელობის მძიმედ დაზიანების ფაქტის დადასტურება.
18. პირველ კომპონენტთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლს გააჩნია ბლანკეტური ხასიათი, ამდენად, უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ (კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში 33.1, 33.2, 33.6 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები). აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების წესის დარღვევის დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან იმის დასადგენად, რომ წინდახედულობის ნორმის დარღვევამ გამოიწვია თუ არა სისხლისსამართლებრივად დასჯადი შედეგი, მოითხოვს სპეციალურ ცოდნას. რიგ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ წინდახედულობის ნორმის როგორც დაცვის, ისე მისი უგულებელყოფის დროს ერთი და იგივე შედეგი დადგეს. მნიშვნელოვანია აგრეთვე ქვეითის მიერ თვითსაფრთხის შექმნით რისკის ამაღლების შეფასება. ამიტომ სატრანსპორტო დანაშაულებთან მიმართებით განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ექსპერტიზის დასკვნასა და მის უტყუარ/კატეგორიულ ხასიათს ენიჭება.
19. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების მიღების დროს, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, იხელმძღვანელა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომელიც არ შეიცავს ისეთ მნიშვნელოვანი ხასიათის ფაქტობრივ გარემოებებს, როგორებიცაა: ქვეითის (ა. ჯ-ას) მიერ საავტომობილო გზის გადაკვეთის, შეჯახების, დავარდნისა და ავტომობილის გაჩერების ადგილები.
20. გასათვალისწინებელია, რომ ხარვეზი, რომელიც ზემოდასახელებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის არასრულფასოვნებამ გამოიწვია, არ არის შევსებული ბრალდების მხარის სხვა სახის მტკიცებულებით. შესაბამისად, 2015 წლის 8 ივნისის №- ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა ზ. გ-მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არც უარყო ის, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროს მან არ იცოდა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები (ავტომანქანის დგომის ადგილი, ადგილი, სადაც ქვეითი გადარბოდა და ადგილი, სადაც აღმოჩნდა მისი სხეული შეჯახების შედეგად). მისი განმარტებით, ზუსტი მონაცემების ფლობის შემთხვევაში შესაძლებელი იყო საპირისპირო დასკვნის მიღება.
21. პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზემოთ დასახელებულ ექსპერტიზის დასკვნას ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 3 აგვისტოს №- დასკვნა, რომლის თანახმად, „გ. ჩ., ტექნიკური თვალსაზრისით, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.“
22. სააპელაციო პალატამ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ მიიღო მხედველობაში იმ მოტივით, რომ იგი გ. ჩ-ას გამოკითხვის ოქმში აღწერილ გარემოებებს და ამავე გამოკითხვის ოქმის საფუძველზე შედგენილ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ეყრდნობოდა. პალატა ვერ დაეთანხმება დასახელებულ მოტივაციას შემდეგ გარემოებათა გამო: ექსპერტმა დ. გ-მა სასამართლო სხდომაზე არაერთხელ განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას იხელმძღვანელა გამოძიების მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულებით, მათ შორის – შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერიმენტის ოქმით, ავტომობილზე არსებული დაზიანებებით, მოწმეთა ჩვენებებითა და მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდა კონკრეტულ დასკვნამდე; ამასთან, პალატა განმარტავს, რომ გ. ჩ., ისევე როგორც მისი მეუღლე, წარმოადგენდნენ თვითმხილველ მოწმეებს, რომელთა მიერ სასამართლო სხდომაზე გაცხადებული ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება დასახელებულ დასკვნას. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სხვა, პირდაპირი სახის მტკიცებულება, თვითმხილველი მოწმის სახით, რომელიც დაადასტურებდა საპირისპიროს, სისხლის სამართლის მასალებში არ მოიპოვება. ამდენად, საკასაციო პალატას დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.
23. რაც შეეხება გ. ჩ-ას მიერ სიჩქარის გადაჭარბებას, აღსანიშნავია, რომ ექსპერტ დ. გ-ის ჩვენების თანახმად, გ. ჩ-ას 80 კმ/სთ სიჩქარით რომ ემოძრავა, დარტყმის შედეგად ბავშვს უფრო შორს გადააგდებდა და მანქანაც სხვა ადგილას გაჩერდებოდა. ექსპერტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ავტომობილი გადაადგილდებოდა 50-60 კმ/სთ სიჩქარით, რის გამოც ამ სიჩქარით მოძრავი ვერც ერთი ავტომანქანა შეჯახებას ვერავითარ შემთხვევაში თავიდან ვერ აიცილებდა. სხვა პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ. ჩ-ს მიერ გადაჭარბებული - 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. მართალია, მოწმე ლ. ს-ის ჩვენებით დადგენილია, რომ ავტომობილი მოძრაობდა დაახლოებით 50 მილი/სთ სიჩქარით (რაც ექსპერტ ზ. გ-ის ჩვენების თანახმად, შეესაბამება 80 კმ-ს საათში), მაგრამ აღნიშნულ სიჩქარეზე მოწმემ შეჯახებამდე 1-2 წუთით ადრე მიუთითა, ე.ი. იმ დრომდე, სანამ მას მობილურ ტელეფონზე დედა დაურეკავდა. აღნიშნულის შემდეგ მას სიჩქარისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. ამდენად, უშუალოდ შეჯახების მომენტში ლ. ს-თვის ცნობილი არ იყო სიჩქარის შესახებ. დადგენილია, რომ დაჯახების შემდეგ ქვეითი ა. ჯ. გადავარდა წინ და მარჯვნივ, დაახლოებით 10 მეტრში. ასევე უდავოდაა დადგენილი, რომ დაჯახების შემდეგ გ. ჩ-ს ავტომანქანა გაჩერდა ბავშვის დავარდნის პარალელურად, საპირისპირო სამოძრაო ზოლში. გ. ჩ-ას ავტომანქანა 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას, დაუმუხრუჭებლად რომ დასჯახებოდა ა. ჯ-ას, უნდა გაჩერებულიყო დაახლოებით 10 მეტრში, რაც სასამართლო სხდომაზე დაკითხული ორივე მხარის ექსპერტების ჩვენებების თანახმად, შეუძლებელია. ექსპერტმა დ. გ-მა აგრეთვე აღნიშნა, რომ რაც უფრო დიდია ავტომობილის სიჩქარე, მით უფრო შორს ვარდება ქვეითი, შესაბამისად, დასკვნა, რომ გ. ჩ-ამ დასაშვებზე გადაჭარბებული სიჩქარით დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, უსაფუძვლოა.
24. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. მოცემული საკანონმდებლო დანაწესის მიზანს ფაქტობრივი გარემოებების მტკიცებულებებით გაუმყარებლობის შემთხვევაში პირის მსჯავრდების გამორიცხვა წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას; ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილი განაჩენს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს დასაბუთებულად, როდესაც იგი სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლელულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას ემყარება. ამავდროულად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყოველი დასკვნა თუ გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთებას მოითხოვს.
25. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნების შესაბამისად, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არ ემყარება უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც, თავის მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დაადასტურებდა გ. ჩ-ას მიერ დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი არ ასახავს ანრი ჯგერენაიას მიერ საავტომობილო გზის გადაკვეთის, შეჯახების, დავარდნისა და ავტომობილის გაჩერების ადგილებს;
· საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2015 წლის 8 ივნისის №- დასკვნასა და ექსპერტ ზ. გ-ის ჩვენებას არ გააჩნია უტყუარობის მაღალი ხასიათი;
· საქმეში არ არსებობს სხვა, ისეთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც ზემოთ დასახელებულ – 2015 წლის 8 ივნისის №- დასკვნას გაამყარებდა;
· დაცვის მხარის მიერ ჩატარებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 3 აგვისტოს №- დასკვნა როგორც თავისი შინაარსით, ისე ექსპერტ დ. გ-ის ჩვენებით დასაბუთებულად გამორიცხავს გ. ჩ-ას მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას;
26. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გ. ჩ. ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ჩ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. კ-ის, თ. მ-სა და დ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განაჩენი გაუქმდეს;
3. გ. ჩ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. გ. ჩ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან.
5. გ. ჩ-ას განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6. პასპორტი, პირადობის ელექტრონული მოწმობა და მართვის მოწმობა დაუბრუნდეს გ. ჩ-ას.
7. განაჩენი ნივთმტკიცებებისა და ყადაღის მოხსნის ნაწილში დარჩეს უცვლელად.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე