ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№71-17 7 მარტი, 2017 წელი
დ-ი მ, 71-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ სერგო ყურაშვილის
მსჯავრდებულ _ მ. დ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 იანვრის განაჩენით მ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა აეთვალა 2005 წლის 21 სექტემბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ: მ. დ-ის ქმედება საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლის პირველ ნაწილზე. მ. დ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 6 თვით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 თებერვლის დადგენილებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის წარდგინება დაკმაყოფილდა. მსჯავრდებული მ. დ-ი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე, 6 თვითა და 21 დღით ადრე. მსჯავრდებული მ. დ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიული ორგანოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს წარდგინება. გაუქმდა მ. დ-ის მიმართ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება და აღსრულდა სასჯელის მოუხდელი ნაწილი -თავისუფლების აღკვეთა 6 თვითა და 21 დღით. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. დ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ: ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილებით გაუქმებული პირობითი მსჯავრი - 6 თვე და 21 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 5 თვით თავისუფლების აღკვეთა. დადგენილება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. დ-მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის ზემოხსენებული დანაწესიდან გამომდინარე, მსჯავრდებული მ. დ-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელისგან, ვინაიდან წარმოდგენილია დაზარალებულ ბ. პ-ის განცხადება, რომლის მიხედვითაც, იგი თანახმაა, მსჯავრდებულ მ. დ-ის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
4. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული მ. დ-ი გათავისუფლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან.
4. მ. დ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე