დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.06.2017
საქმის ნომერი
2კ-19-I-17
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.06.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

19I-17 ქ. თბილისი

ა-ი ი., 19I-17 15 ივნისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - დემეტრე ჯინჯოლიას

ადვოკატ - დ. ი-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ა-ს

თარჯიმან - ნ. გ-ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ი-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 6 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. ა-ს ავსტრიის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, 2015 წლის 16 იანვარს ავსტრიის რესპუბლიკის ლეობენის საოლქო სასამართლომ გამოსცა ი. ა-ს დაკავების ბრძანება.

დაკავების ბრძანების თანახმად, ი. ა-ს ბრალი ედება ავსტრიის რესპუბლიკის ნარკოტიკული საშუალებების შესახებ აქტის 28ა მუხლის პირველი ნაწილის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 პუნქტებითა და მე-4 ნაწილის მე-3 პუნქტით (ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობა, ჩადენილი დასაშვებ ზღვარზე 25-ჯერ მეტი ოდენობით) და ავსტრიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლის პირველი ნაწილით (მითვისება) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

2. ი. ა-თვის ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2007 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 16 იანვრამდე დროის მონაკვეთში ი. ა-ი ვენაში, ლიცენში, ებლარნსა და ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ მიწებში შემავალ სხვა ტერიტორიებზე მუდმივი შემოსავლის მიღების მიზნით ეწეოდა დანაშაულებრივ საქმიანობას, კერძოდ:

ა) ი. ა-ი ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების იმპორტსა და ექსპორტს, რომელთა ოდენობა ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობისთვის დასაშვებ ზღვარს 25-ჯერ აღემატებოდა. მისი ორგანიზებით, კ. და რ. ბ-მ ნიდერლანდებიდან გერმანიის გავლით ავსტრიის ტერიტორიაზე მინიმუმ სამ შემთხვევაში, გასაღების მიზნით, შეიტანეს, სულ მცირე - 1 486 გრამი „კოკაინი“ (სუფთა ნივთიერება, სულ მცირე - 60%, რაც შეადგენს 879 გრამს) და სულ მცირე - 3 000 გრამი „ჰაშიში“ (სუფთა ნივთიერება, სულ მცირე - 2%, რაც შეადგენს 60 გრამ „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“). გარდა ამისა, ი. ა-ი მინიმუმ ერთხელ გაემგზავრა ნიდერლანდებში, შეიძინა - 500 გრამი „კოკაინი“ და გადასცა კ. და რ. ბ-ს, რომლებმაც შემდეგ აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება ავსტრიის ტერიტორიაზე შეიტანეს. ამასთან, 365 გრამი „კოკაინის“ შემთხვევაში დანაშაული დარჩა მცდელობის ეტაპზე, ვინაიდან კ. და რ. ბ-ი პოლიციამ დააკავა გერმანიის ტერიტორიაზე.

ბ) ი. ა-მ შეიძინა - 1 400 გრამი „კოკაინი“ (სუფთა ნივთიერება, სულ მცირე - 60%, რაც შეადგენს 840 გრამს) და - 1 000 გრამი „ჰაშიში“ (სუფთა ნივთიერება სულ მცირე - 2%, რაც შეადგენს 20 გრამ „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“). ამ მიზნით იგი უზრუნველყოფდა ნარკოტიკებით მოვაჭრესთან კ. ბ-ს შეხვედრას. ნარკოტიკული საშუალებები გამიზნული იყო სხვა პირების მიერ შესაძენად და მათი ფლობისთვის დასაშვებ ზღვარს 25-ჯერ აღემატებოდა.

გ) ი. ა-მ, სულ მცირე - 1 300 გრამი „კოკაინი“ (1 200 გრამიდან სუფთა ნივთიერება, სულ მცირე - 60%, რაც შეადგენს 720 გრამს და 100 გრამიდან სუფთა ნივთიერება, სულ მცირე - 20%, რაც შეადგენს 20 გრამს), 500 გრამი „მარიხუანა“ (სუფთა ნივთიერება, სულ მცირე - 2%, რაც შეადგენს 10 გრამ „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“) და სულ მცირე - 3 000 გრამი „ჰაშიში“ (სუფთა ნივთიერება სულ მცირე - 2%, რაც შეადგენს 60 გრამ „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“) მოგების მიზნით გაყიდა, ნაწილი კი ერთობლივი მოხმარების შემთხვევაში უსასყიდლოდ გადასცა შემდეგ პირებს: 1. კ. ბ-ს - 100 გრამი „კოკაინი“, 500 გრამი „მარიხუანა“ და 500 გრამი „ჰაშიში“. 2. რ. ბ-ს - 150 გრამი „კოკაინი“. 3. დაუდგენელ პირებს - 1 050 გრამი „კოკაინი“ და 2 500 გრამი „ჰაშიში“.

გარდა აღნიშნულისა, ქ. ვენაში, 2007 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 3 ივლისამდე დროის მონაკვეთში, კონკრეტულად დაუდგენელ დროს, ი. ა-მ მიითვისა ელექტრო მოწყობილობების გაყიდვიდან მიღებული, მასზე მინდობილი შემოსავალი - 2900 ევრო. აღნიშნული თანხა განკუთვნილი იყო კ. და რ. ბ-თვის, თუმცა ი. ა-მ საკუთარი თავის ან მესამე პირის უკანონოდ გამდიდრების მიზნით, ზემოაღნიშნული თანხა მიითვისა და არ გადასცა მესაკუთრეებს.

3. 2013 წლის 21 სექტემბერს ი. ა-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის არხებით.

4. 2016 წლის 17 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. ა-ი.

5. 2016 წლის 20 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ი. ა-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

6. 2016 წლის 31 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ი. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინების შეცვლის თაობაზე.

7. 2017 წლის 5 იანვარს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ი. ა-ს ექსტრადიციის თაობაზე ავსტრიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

8. 2017 წლის 28 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ავსტრიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ი. ა-ს ავსტრიის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო 2017 წლის 31 მარტს.

9. 2017 წლის 15 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით ი. ა-ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა დამატებით 3 თვით, 6 თვემდე - 2017 წლის 17 ივნისამდე.

10. 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ავსტრიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ი. ა-ს ავსტრიის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო 2017 წლის 27 აპრილს.

11. 2017 წლის 2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა ი. ა-ს ავსტრიის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით ავსტრიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 28ა მუხლის პირველი ნაწილის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 პუნქტებითა და მე-4 ნაწილის მე-3 პუნქტით (ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობა, ჩადენილი დასაშვებ ზღვარზე 25-ჯერ მეტი ოდენობით) და 133-ე მუხლის პირველი ნაწილით (მითვისება) გათვალისწინებული ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ავსტრიის რესპუბლიკის ლეობენის საოლქო სასამართლოს შესაბამის ბრძანებაში.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 6 ივნისის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ა-ს ავსტრიის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით ავსტრიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 28ა მუხლის პირველი ნაწილის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 პუნქტებითა და მე-4 ნაწილის მე-3 პუნქტით (ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობა, ჩადენილი დასაშვებ ზღვარზე 25-ჯერ მეტი ოდენობით) და 133-ე მუხლის პირველი ნაწილით (მითვისება) გათვალისწინებული ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ავსტრიის რესპუბლიკის ლეობენის საოლქო სასამართლოს შესაბამის ბრძანებაში.

13. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ი-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის განჩინების გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი არა მარტო გერმანულ, არამედ თურქულ ენაზე შესრულებული არაერთი სტატია, რომლებითაც დასტურდება ავსრტიაში არსებული ანტიმუსულმანური განწყობები და აღნიშნულია, რომ სისტემატურად ირღვევა მოქალაქეთა უფლებები ეთნიკური ნიშნით თურქული წარმოშობის პირების მიმართ; ი. ა-ს სიცოცხლეს მისი ავსტრიის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაემუქრება საფრთხე; სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ ი. ა-მ სასამართლოში გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და საჩივარს ამჟამად იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია; ი. ა-მ თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ მის მიმართ ავსტრიის რესპუბლიკაში მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა, ვინაიდან პირი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობაში ამხელს, დაინტერესებულია მისი დასჯითა და წამებით. იგი უსაფუძვლოდ ეჭვიანობს, რომ თითქოს, ი. ა-ს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა მის მეუღლესთან და ამიტომ შურისძიების მოტივით ცდილობს, მიაღწიოს მის დასჯას იმ დანაშაულისთვის, რაც არ ჩაუდენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ ავსტრიის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. ა-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს 2016 წლის 17 დეკემბერს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება ი. ა-ს მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.

4. უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ ავსტრიის რესპუბლიკაში ი. ა-ს სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე მისი წარმომავლობის, ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობის გამო, რის დასტურადაც კასატორი აპელირებს სხვადასხვა, გერმანული და თურქული ინტერნეტსაიტებიდან მოპოვებულ სტატიებსა და კერძო პირების მოსაზრებებზე, რომელთა ქსეროასლები მან წარუდგინა სასამართლოს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey, § 70). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადვოკატის მიერ წარმოდგენილი მასალები არ წამოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნას ან ანგარიშს ავსტრიის რესპუბლიკაში არსებული ზოგადი მდგომარეობის შესახებ და ამასთან, მათ საერთოდ არანაირი კავშირი და შეხება არა აქვთ ი. ა-თან. შესაბამისად, წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ი. ა-ი, შესაძლოა, აღმოჩნდეს არასათანადო მოპყრობის პირობებში.

5. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ავსტრიის რესპუბლიკა განვითარებულ ქვეყანათა რიგს მიეკუთვნება და წარმოადგენს ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოს. თავის მხრივ, ევროპის კავშირს სახელმწიფოს წევრობისთვის მეტად მკაცრი კრიტერიუმები (ცნობილია როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმები) აქვს დადგენილი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, რომლის თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში უნდა ფუნქციონირებდეს ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. ავსტრიის რესპუბლიკის მიმართ არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებების სისტემური ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. ამდენად, ავსტრიის რესპუბლიკა წარმოადგენს უსაფრთხო სახელმწიფოს, სადაც ექსტრადიცია, ზოგადად, არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს. გარდა ამისა, არც ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მისი ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

6. ასევე საფუძველს მოკლებულია კასატორის პოზიცია, რომ ი. ა-ს ავსტრიის რესპუბლიკაში ჰყავს მტერი, რომელიც შურისძიების მოტივით დაინტერესბულია მისი დასჯითა და წამებით, ვინაიდან ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერც ამ შემთხვევაში წარმოუდგინეს სასამართლოს რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც მისი უსაფრთხოების თაობაზე ეჭვს წარმოშობდა.

7. კასატორის მითითებასთან დაკავშირებით, რომ ი. ა-მ გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევასა და ი. ა-ს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას, ვინაიდან არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების თანახმად, ის ფაქტი, რომ პირი არის თავშესაფრის მაძიებელი, კრძალავს მხოლოდ მის ფაქტობრივ გადაცემას და არ გამორიცხავს პარალელურ რეჟიმში პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 6 ივნისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ა-ს ავსტრიის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით ავსტრიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 28ა მუხლის პირველი ნაწილის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 პუნქტებითა და მე-4 ნაწილის მე-3 პუნქტით (ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობა, ჩადენილი დასაშვებ ზღვარზე 25-ჯერ მეტი ოდენობით) და 133-ე მუხლის პირველი ნაწილით (მითვისება) გათვალისწინებული ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ავსტრიის რესპუბლიკის ლეობენის საოლქო სასამართლოს შესაბამის ბრძანებაში, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ი-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 6 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი