საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 12.07.2017
საქმის ნომერი
2კ-98აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.07.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე #98ap-17. ქ. თბილისი

ქ-ა მ 98აპ–17. 12 ივლისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის ფ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მ. ქ-ას, ბრალი დაედო ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობისა და ძალადობის გამოყენების მუქარით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გატაცებისათვის, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით, ყაჩაღური გზით; თაღლითობისათვის, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი დაუფლებისათვის მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

მ. ქ-ამ განიზრახა ყაჩაღური თავდასხმა მოქალაქე ზ. ხ-ზე, რომელსაც სატვირთო ავტომანქანით გადაჰქონდა შპს „ე-ში“ 4 400 000 რუსულ რუბლად შეძენილი, დაფასოებული დაფნის ფოთოლი. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ. ქა-ა, დ. ლ-ასა და გამოძიებით დაუდგენელ შვიდ პირთან ერთად შეიარაღებული, 1994 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ხ-ის რაიონის სოფელ ა-ში, ყაჩაღურად დაესხა თავს ზ. ხ-ას, რომელსაც თანმხლებ თ. ფ-ასთან, ვ. ჩ-სა და კ. ჩ-ასთან ერთად, ა. ო-ას მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით დაფასოებული დაფნის ფოთოლი გადაჰქონდა ქ. ფ-ში. დ. ლ-ამ ზ. ხ-ას შუბლზე მიადო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო მ. ქ-ამ და სხვა თავდამსხმელებმა მიუშვირეს იარაღები სხვა დაზარალებულებს და უთხრეს, რომ დაფნის ფოთლით დატვირთული ავტომანქანა დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში - დაემუქრნენ მოკვლით. ერთ–ერთმა თავდამსხმელმა ზ. ხ-ა ძალის გამოყენებით ჩამოსვა სატვირთო ავტომანქანიდან და თვითონ მიუჯდა გვერდით მძღოლს, მოკვლის მუქარით აიძულა, წაეყვანა ავტომანქანა ქ. ხ-ის ცენტრის მიმართულებით, რაც მან შეასრულა. დანარჩენმა თავდამსხმელებმა იარაღის გამოყენების მუქარით გაიტაცეს ქ. ფოთის სატრანსპორტო პოლიციის მორიგე ინსპექტორის - თ. ფ-ას ტაბელური ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებით, რაც მას თან ჰქონდა თავდამსხმელებისგან თავდაცვის მიზნით. ოთხი თავდამსხმელი კი ჩაჯდა ,,ვაზ 2106“ მარკის ავტომანქანაში, ხოლო სხვები ჩასხდნენ დაუდგენელ ავტომანქანაში და უკან გაჰყვნენ დაფნის ფოთლით დატვირთულ სატვირთო ავტომანქანას. დ. ლ-ამ და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა ავტომანქანის მძღოლი ა. ო-ა ქ. ხ-ის ცენტრში მოკვლის მუქარითა და ძალის გამოყენებით გადმოსვეს სატვირთო ავტომანქანიდან და დროებითი გამოყენების მიზნით, გაიტაცეს ზემოაღნიშნული ავტომანქანა, რაც გამოყენების შემდეგ დაუბრუნეს მეორე დღეს, ხოლო ყაჩაღური გზით გატაცებული, ზ. ხ-ას კუთვნილ, თერთმეტ ტონა, 4 400 000 რუსულ რუბლად ღირებული დაფნის ფოთოლს რეალიზაცია გაუკეთეს. დ. ლ-ას დახმარებით 1994 წლის 21 ოქტომბერს თ. ფ-ას დაუბრუნეს გატაცებული ტაბელური ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

1994 წლის 20 ოქტომბერს განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს მ. ქ-ამ, დ. ლ-ამ და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა წინასწარი შეთანხმებით, ყაჩაღური გზით თ. ფ-ას გასტაცეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

საზოგადოებრივი ქონების (სხვისი ქონების) მოტყუებით დაუფლების მიზნით, მ. ქ-ა დანაშაულებრივად დაუკავშირდა დ. ლ-ას და 1995 წლის მარტის ბოლო რიცხვებში მივიდა ხ-ის რაიონის სოფელ ს-ოს კოოპერატიული მეურნეობის დირექტორ ა. ს-სთან და სთხოვა მეურნეობის კუთვნილი 20 ტონა ამონიუმის გვარჯილის გადაცემა, ხოლო სანაცვლოდ კოოპერატიულ მეურნეობას გადასცემდნენ 5 ტონა დიზელის საწვავს, რაზედაც ა. ს-ა დასთანხმდა. ამის შემდეგ მივიდნენ მეურნეობის საწყობის გამგე ო. თ-სთან, მოატყუეს იგი და უთხრეს, რომ ა. ს-ა მათ აძლევდა 30 ტონა ამონიუმის გ-ას; ეს უკანასკნელი ენდო მათ, გააღო საწყობის კარი და მუშებმა მ. ქ-ასა და დ. ლ-ას ავტომანქანებზე დატვირთეს 2 700 000 000 კუპონად ანუ 2700 ლარად ღირებული 30 ტონა ამონიუმის გვარჯილა, ხოლო სანაცვლოდ დიზელის საწვავი არ მიუტანიათ.

2. ფოთის საქალქო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის განაჩენით მ. ქ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ–ის 240–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (1961 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში. მ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (1999 წლის რედაქცია) და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–11 მუხლის საფუძველზე მ. ქ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ფ. ჯ-ამ და ითხოვა მ. ქ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ–ის 240–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (1961 წლის რედაქცია) შემდეგი მოტივებით:

დაზარალებულებმა - ზ. ხ-მ, კ. ჩ-მ და ა. ო-მ უჩვენეს, რომ 1994 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 19.30 საათზე, ხ-ის რაიონის სოფელ ა-ში მათ ყაჩაღურად თავს დაესხნენ, რა დროსაც გაიტაცეს 11 ტონა დაფასოებული დაფნის ფოთოლი და თ. ფ-ას კუთვნილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ამდენად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია 1994 წლის 20 ოქტომბერს მათზე განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტი. 1994 წლის 20 ოქტომბრის ყაჩაღური ტავდასხმის დამადასტურებელი მტკიცებულებაა დაზარალებულ თ. ფ-ას წინასწარი გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებაც. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულებმა და მოწმეებმა აღნიშნეს, რომ მ. ქ-ზე, როგორც თავდასხმის ერთ–ერთ მონაწილეზე, მათთვის თ. ფ-ასგან გახდა ცნობილი. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ თ. ფ-ამ დანამდვილებით ამოიცნო თავდამსხმელებში მ. ქ-ა და ამის შესახებ უთხრა სხვა დაზარალებულებსაც, რაც მათაც დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მ. ქ-ას მონაწილეობას ყაჩაღურ თავდასხმასა და იარაღის გატაცებაში, არის თ. ფ-ას წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის გამოკვლევის საშუალება დაცვის მხარეს არ მიეცა საქმის არსებითი განხილვისას. რაც შეეხება დანარჩენ მოწმეებს, ისინი მიუთითებენ, რომ თ. ფ-ასგან იციან მ. ქ-ას ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ. ამდენად, მ. ქ-ას ბრალეულობას ადასტურებს მხოლოდ თ. ფ-ას გამოქვეყნებული ჩვენება. საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი, მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რის გამოც პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

8. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის ფ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე