დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.06.2019
საქმის ნომერი
2კ-24-I-19
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802219003024369

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

24I-19 ქ. თბილისი

ჟ. ბ. 24I-19 24 ივნისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივან - გ. შ-ს

პროკურორ - დემეტრე ჯინჯოლიას

ადვოკატების - ნ. მ-ს, ვ. ს-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ბ. ჟ-ს

თარჯიმან - ნ. ჯ-ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. ჟ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ჟ-ს მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები ყაზახეთის რესპუბლიკაში:

1. 2017 წლის 11 დეკემბერს ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოიტანა დადგენილება ბ. ჟ-ს ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ, მის მიერ ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 217-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (ფინანსური პირამიდის შექმნა და ხელმძღვანელობა, ე.ი. საქმიანობის ორგანიზება ფიზიკური პირებისგან თანხის მოზიდვის გზით შემოსავლის მისაღებად, მოზიდული სახსრების სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ხსენებული სახსრების განაწილებით და მონაწილეთა ერთი ნაწილის გამდიდრებით სხვა პირთა შენატანების ხარჯზე, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოზიდვით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

2. იმავე დღეს ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით გამოცხადდა ბ. ჟ-ს ძებნა.

3. 2017 წლის 15 დეკემბერს ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. აქტობეს საგამოძიებო სასამართლოს გადაწყვეტილებით სანქციონირდა ბ. ჟ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა.

4. 2017 წლის 29 დეკემბერს ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. აქტობეს საგამოძიებო სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცხადდა ბ. ჟ-ს საერთაშორისო ძებნა.

5. 2018 წლის 26 აპრილს ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შინაგან საქმეთა განყოფილებამ გამოიტანა დადგენილება ბ. ჟ-ს ქმედების კვალიფიკაციის შესახებ, რომლის თანახმად, ბ. ჟ-ს მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდა ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 217-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (ფინანსური პირამიდის შექმნა და ხელმძღვანელობა, ე.ი. საქმიანობის ორგანიზება ფიზიკური პირებისგან თანხის მოზიდვის გზით შემოსავლის მისაღებად, მოზიდული სახსრების სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ხსენებული სახსრების განაწილებით და მონაწილეთა ერთი ნაწილის გამდიდრებით სხვა პირთა შენატანების ხარჯზე, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოზიდვით).

ბ. ჟ-ს მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

6. 2018 წლის 27 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ბ. ჟ.

7. 2018 წლის 28 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ბ. ჟ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

8. 2018 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ბ. ჟ-ს ექსტრადიციის თაობაზე ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

9. 2018 წლის 26 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ბ. ჟ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 27 მარტამდე.

10. 2019 წლის 25 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ბ. ჟ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2019 წლის 27 ივნისამდე.

ფაქტობრივი გარემოებები:

11. ყაზახეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:

12. კ. ჟ-მ , უკანონო ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა ფინანსური პირამიდის შექმნა, რისთვისაც 2016 წლის 24 მაისს ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ა-ში შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა - ,,U. C. “ დაარეგისტრირა, საკუთარი განზრახვის შესახებ ბ. ჟ-ს აცნობა და შესთავაზა აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობა, რასაც ბ. ჟ. დასთანხმდა. განზრახვის სისრულეში მოყვანისა და უკანონო ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, 2016 წლის მაისიდან 2017 წლის აგვისტომდე დროის მონაკვეთში, ყაზახეთის რესპუბლიკაში ბ. ჟ-მ, როგორც ,,U. C. -ს“ განვითარების მენეჯერმა, რომელსაც კომპანიის ფინანსური სახსრების განაწილება ევალებოდა, კ. ჟ-სა და სხვა პირებთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით, ორგანიზება გაუწია ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 39 ათასზე მეტი პირის ზემოხსენებულ კომპანიაში მოზიდვასა და მათ მიერ არარსებულ პროექტებში ფულადი სახსრების დაბანდებას, თითქოსდა, მათ მიერ გაწეული ინვესტიციებიდან სამომავლოდ დივიდენდის მიღების პირობით.

13. ზემოხსენებულმა პირებმა ფინანსური პირამიდის საქმიანობაში სახსრების უკანონოდ მოზიდვის მიზნით, შეიმუშავეს კომპანიის მარკეტინგის თანმიმდევრული რამდენიმედონიანი სქემა, რომლის ფარგლებშიც კომპანია მოქალაქეებს სთავაზობდა ფინანსური შენატანის პაკეტების სამ და ბონუსების სისტემის შვიდ სხვადასხვა სახეობას, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრებოდა ინვესტორის მიერ უვადოდ მისაღები ფინანსური სარგებლის პერიოდული ოდენობა. დაინტერესებული პირის მიერ ფინანსური შენატანის ერთ-ერთი პაკეტის შეძენის შემთხვევაში ფულადი თანხა პირდაპირ ირიცხებოდა ბ. ჟ-ს, კ. ჟ-ს ან კომპანიის ანგარიშზე ან ბონუსის სახით ერიცხებოდა პირს, რომელმაც ეს უკანასკნელი მოიწვია ფინანსურ პირამიდაში. ამასთან, ფინანსურ პირამიდაში გაწევრებულ ახალ პირებს, თავის მხრივ, ევალებოდათ არანაკლებ ორი პირის მოძიება და მათი გაწევრება, რისთვისაც მათ ბონუსის სახით ერიცხებოდათ თანხა. შესაბამისად, ფინანსური პირამიდის მონაწილეთა ნაწილი მდიდრებოდა იმ ფულადი სახსრების ხარჯზე, რომელიც კომპანიაში ახლად მოზიდულ წევრებს შეჰქონდათ.

14. ამასთანავე, კ. ჟ. აცნობიერებდა, რომ ფინანსური პირამიდის საქმიანობა დასრულდებოდა იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ შეძლებდა სისტემატურად დიდი რაოდენობით პირების მოზიდვას ფიქციური საინვესტიციო პროექტის, მობილური აპლიკაციის ,,A..-ის“ საფარქვეშ, რისთვისაც ბ. ჟ-ს და კომპანიის სხვა თანამშრომლებთან ერთად, მოსახლეობაში ეწეოდა არარსებული ფინანსური პროექტების რეკლამირებას, რომლებშიც ინვესტირების შემთხვევაში კლიენტებს კომპანიის სახელით ჰპირდებოდა მაქსიმალურად მცირე ვადაში გარანტირებული შემოსავლის რეგულარულად მიღებას. ასევე, ფინანსურ პირამიდაში ახალი წევრების მოზიდვის მიზნით, გაწევრებულ კლიენტებს კომპანიის ხარჯით სთავაზობდნენ ფასიან საჩუქრებს, საზღვარგარეთ გამგზავრებასა და დასვენებას. გარდა ამისა, დროის აღნიშნულ პერიოდში, უკანონო ფინანსური საქმიანობის გაფართოების მიზნით, კ. ჟ-მ და ბ. ჟ-მ ორგანიზება გაუწიეს ყაზახეთის რესპუბლიკის სხვადასხვა დიდ ქალაქში ფინანსური პირამიდის ადგილობრივი სტრუქტურული დანაყოფების შექმნას, მათთვის ოფისების მოძიებასა და საჭირო ინვენტარით აღჭურვას.

15. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანია ,,U. C.“ ფაქტობრივად არ ეწეოდა რაიმე სახის სამეწარმეო ან საინვესტიციო საქმიანობას, ბიზნესის არცერთ სფეროში არ ახორციელებდა ფინანსურ მომსახურებას და მთლიანად დამოკიდებული იყო მოზიდული კლიენტების მიერ ფულადი სახსრების შეტანაზე. ფინანსური პირამიდის უკანონო საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლებიდან დაახლოებით 58 294 213 ყაზახური ტენგე (2.37%) მოხმარდა დაქირავებული ოფისების ქირისა და თანამშრომელთა ხელფასების ანაზღაურებას, 634 849 077 ყაზახური ტენგე (25.8%) - დივიდენდების სახით დაერიცხათ ფინანსურ პირამიდაში გაწევრებულ პირებს, ხოლო დარჩენილ შემოსავალს - 1 764 557 760 ყაზახური ტენგეს (71.8%-ს) ოდენობით, მოტყუებისა და ნდობის ბოროტად გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და პირადი შეხედულების მიხედვით განკარგეს ბ. ჟ-მ, კ. ჟ-მ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა.

16. 2019 წლის 3 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ბ. ჟ-ს ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შინაგან საქმეთა განყოფილების 2018 წლის 26 აპრილის ქმედების კვალიფიკაციის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 217-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (ფინანსური პირამიდის შექნა და ხელმძღვანელობა, ე.ი. საქმიანობის ორგანიზება ფიზიკური პირებისგან თანხის მოზიდვის გზით შემოსავლის მისაღებად, მოზიდული სახსრების სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ხსენებული სახსრების განაწილებით და მონაწილეთა ერთი ნაწილის გამდიდრებით სხვა პირთა შენატანების ხარჯზე, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოზიდვით).

18. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ბ. ჟ-ს ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შინაგან საქმეთა განყოფილების 2018 წლის 26 აპრილის ქმედების კვალიფიკაციის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 217-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (ფინანსური პირამიდის შექმნა და ხელმძღვანელობა, ე.ი. საქმიანობის ორგანიზება ფიზიკური პირებისგან თანხის მოზიდვის გზით შემოსავლის მისაღებად, მოზიდული სახსრების სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ხსენებული სახსრების განაწილებით და მონაწილეთა ერთი ნაწილის გამდიდრებით სხვა პირთა შენატანების ხარჯზე, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოზიდვით).

19. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმებას.

20. კასატორის მითითებით, ბ. ჟ. პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობდა. იგი აპროტესტებდა ყაზახურ კანონს - მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ, რის გამოც სამსახურიდან დაითხოვეს; ყაზახეთში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, ციხეებში კი ადამიანები იხოცებიან; კასატორის მითითებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ბ. ჟ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 27 სექტემბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ბ. ჟ-ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. კასატორის მითითება ექსტრადიციის შემთხვევაში ბ. ჟ-ს მიმართ უფლებების დარღვევის თაობაზე, წარმოდგენილი საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ზოგადად მიუთითა ყაზახეთის რესპუბლიკაში მის მიმართ პოლიტიკური დევნისა და ციხეებში არსებული ვითარების შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ სიტუაციის ზოგადი აღწერა არ არის საკმარისი და იგი საჭიროებს დამატებით დადასტურებას სხვა მტკიცებულებებით (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამათკულოვი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey), N46827/99, 46951/99, 04/02/2005, §72-73), კერძოდ: საქმეში უნდა არსებობდეს სპეციფიკური სამხილები, რომელთა საშუალებითაც დადგინდება, რომ მომჩივნის პირად მდგომარეობას (ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში) რაიმე სახის საშიშროება ემუქრება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), N36378/02, 12/04/2005, §352).

5. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ასევე ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს, რომელთა მიხედვითაც ექსტრადიციის შემთხვევაში ბ. ჟ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ არის პოლიტიკური ხასიათის; ბ. ჟ. ისარგებლებს დაცვის უფლებით და არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს.

6. რაც შეეხება წაყენებული ბრალის უსაფუძვლობას, რაზეც აგრეთვე გამახვილებულია ყურადღება საკასაციო საჩივარში სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იხილება პირის ბრალეულობის საკითხი. სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმაზე, ხომ არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ბ. ჟ-ის ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შინაგან საქმეთა განყოფილების 2018 წლის 26 აპრილის ქმედების კვალიფიკაციის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 217-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (ფინანსური პირამიდის შექმნა და ხელმძღვანელობა, ე.ი. საქმიანობის ორგანიზება ფიზიკური პირებისგან თანხის მოზიდვის გზით შემოსავლის მისაღებად, მოზიდული სახსრების სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ხსენებული სახსრების განაწილებით და მონაწილეთა ერთი ნაწილის გამდიდრებით სხვა პირთა შენატანების ხარჯზე, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოზიდვით) - კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. ჟ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე