საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340100116001283141
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№766აპ-18 ქ. თბილისი
ჭ. გ-ი, 766აპ-18 1 აგვისტო, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ჭ-ს ბრალი დაედო ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
გ. ჭ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 14 იანვარს, შუადღის საათებში, ქ. ლ-ში, კ-ას ქუჩაზე, გ. ჭ-მა ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა ი. ხ-ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენით გ. ჭ., - - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენით გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის გამამართლებელი განაჩენი გ. ჭ-ის მიმართ.
გ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ფ-მა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა გ. ჭ-ის შერაცხადობის საკითხი, რითაც დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნები.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება ადვოკატის მიერ მითითებულ უზენაესი სასამართლოს N11აპ-18 გადაწყვეტილების შინაარსს.
8. განსახილველ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გააჩენდა საფუძვლიან ეჭვს იმის თაობაზე, რომ გ. ჭ-ს დანაშაულის ჩადენის დროს (ე.ი 2016 წლის 14 იანვარს) ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ამდენად, დაცვის მხარე არ მიუთითებს ისეთი სახის გარემოებაზე, რაც შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გამხდარიყო.
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე