საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.03.2020
საქმის ნომერი
2კ-745აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002047195

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№745აპ-18 ქ. თბილისი

ჩ. ზ., 745აპ-18 9 მარტი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილე ალექსანდრე ფოცხვერაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილე ალექსანდრე ფოცხვერაშვილმა და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ზ. ჩ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სასამართლოს მიერ გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის უსაფუძვლოდ ლმობიერი და არა ადეკვატური. კასატორის მოსაზრებით, ზ. ჩ. დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს მუშაობდა მძღოლად სპეციალურ სატვირთო ავტომანქანაზე და დანაშაული ჩაიდინა თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, თუმცა, სასამართლოს მისთვის არ დაუნიშნავს ბრალად შერაცხული ქმედების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. აღნიშნული იძლევა საფუძვლიან ვარაუდს, რომ თავისი პროფესიული საქმიანობისას (სპეციალური სატვირთო ავტომანქანის მართვა) შესაძლოა, კვლავ ჩაიდინოს იგივე ქმედება. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას ყურადღება გაამახვილა დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციაზე, თუმცა უსაფუძვლოდ მხედველობაში არ მიუღია ის ფატალური, გამოუსწორებელი და საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველი შედეგი, რაც უკვე მსჯავრდებულის ქმედებამ გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პროფესიული საქმიანობის, დამდგარი შედეგისა და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით პირობითი მსჯავრის დანიშვნა და საქმიანობის უფლების შენარჩუნება, არათუ ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას, მეტიც, წამახალისებელია მსჯავრდებულისა და იმ პირთათვის, ვინც მსგავს საქმიანობას ეწევა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ. ჩ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

ზ. ჩ-ს მსჯავრი დაედო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მისი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

20.. წლის .. თებერვალს ქ. ... საერთაშორისო აეროპორტის შიდა ტერიტორიის „...“ სამანევრო ბილიკზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, შპს „...“ ბალანსზე რიცხული „ფორდ-კარგოს“ მარკის სპეციალური ავტომანქანით უკუსვლით მოძრაობისას, ზ. ჩ. დაეჯახა თანმხვედრად მოძრავ იმავე კომპანიის თანამშრომელს, გ. დ-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ. ჩ-მ დაარღვია „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СНиП III-4-80“-ის N5.15 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, იმ ადგილებში, სადაც წარმოებს რაიმე სამუშაოები, მძღოლმა შეიძლება დაიწყოს უკუსვლით მოძრაობა მხოლოდ იმ პირის ნების დართვის შემდეგ, რომელიც მონაწილეობს ამ სამუშაოს შესრულებაში.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე ფოცხვერაშვილმა და მოითხოვა სასჯელის დამძიმება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

6. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული განაჩენით სააპელაციო სასამართლომ უტყუარად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა, რაც ბრალდების მხარეს სადავოდ არ გაუხდია. რაც შეეხება პროკურორის პოზიციას სასჯელის გამკაცრების თაობაზე, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მსჯავრდებულის ქმედებით, მართალია, გამოუსწორებელი შედეგი დადგა, მაგრამ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით.

7. ზ. ჩ-ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის მის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება. ამასთან, გარდაცვლილის ოჯახს მასთან პრეტენზია არ გააჩნია.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

9. რაც შეეხება საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის სანქცია (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) სავალდებულო წესით არ ითვალისწინებს საქმიანობის უფლების ჩამორთმევას. აღნიშნული სასჯელის გამოყენება-არგამოყენება წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციულ უფლებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პირობითი მსჯავრი საკმარისია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის. სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი. ბრალდების მხარის მოტივაცია, რომ საქმიანობის უფლების შენარჩუნება და მსუბუქი სასჯელი წამახალისებელი იქნება მსჯავრდებულისათვის, უსაფუძვლოა. არ შეიძლება სასამართლომ ზ. ჩ-ს პიროვნება განიხილოს, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. საკასაციო პალატა ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული წლების განმავლობაში მუშაობს მძღოლად, თავისი საქმიანობით ინახავს ოჯახს, რომლის ერთადერთი მარჩენალი პირია. შესაბამისად, პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილე ალექსანდრე ფოცხვერაშვილის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი