საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.01.2020
საქმის ნომერი
2კ-608აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002826077

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №608აპ-19 ქ. თბილისი

ბ-ე რ 608აპ-19 10 იანვარი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ბ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ნ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რ. ბ-ე, - დაბადებული .... წლის აგვისტოს, - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განაჩენით (დაუსწრებლად) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რომლის მოხდის ათვლის დასაწყისად განესაზღვრა დაკავების დღე. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3500 ლარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 მაისის განჩინებით რ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა 1/3-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 8 თვით, რომლის მოხდის ათვლის დასაწყისად განესაზღვრა დაკავების დღე. დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განაჩენი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 მაისის განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად:

რ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3500 ლარი; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის თანახმად შეფარდებული სასჯელი 1/3-ით შეუმცირდა და რ. ბ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 8 თვით; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3500 ლარი; რ. ბ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2019 წლის 18 იანვრიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

რ. ბ-მ თავისი ნაცნობებისაგან – დაზარალებულების მ. დ-ა და ქ. ა-ნ 2010 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე ისესხა ჯამურად 15000 აშშ დოლარი, რომელიც მას უნდა გადაეხადა 2010 წლის დეკემბრის ბოლომდე, რაც არ შეასრულა. 2011 წლის 20 იანვარს რ. ბ-მ მოატყუა დაზარალებულები, რომ უცხოეთიდან შემოჰქონდა საქონელი, რომლის განბაჟებისათვის ესაჭიროებოდა 40000 ლარი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საქონელი არ განბაჟდებოდა, ვერ შეძლებდა მანამდე მათგან ნასესხები 15000 აშშ დოლარის გასტუმრებას. რ. ბ-ე მათ ასევე სარგებლის მიცემასაც დაჰპირდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის იმედით, რომ რ. ბ-ე სრულად გაისტუმრებდა მათგან დაუფლებულ თანხას, დაზარალებულებმა იმავე დღეს ქ. ბ-ი გადასცეს 40000 ლარი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მ. დ-ე და ქ. ა-ი სთხოვდნენ რ. ბ-ს კუთვნილი თანხების დაბრუნებას, მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ არანაირი საქონელი, რომლის განბაჟებისთვისაც საჭირო იყო 40000 ლარი, რ. ბ-ს საქართველოში არ შემოუტანია. მან გადაცემული თანხა მიისაკუთრა მართლსაწინააღმდეგოდ და მიიმალა.

4. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და რ. ბ-ს გამართლებას.

5. კასატორი აღნიშნავს, რომ რ. ბ-ს მიერ ე.წ. დაზარალებულებისაგან აღებული თანხები იყო მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომლის დაბრუნებაზეც უარი მას არასოდეს უთქვამს. განაჩენი მთლიანად დაზარალებულების განმარტებებზეა დაფუძნებული, რომლებმაც ასევე დაადასტურეს რ. ბ-ს მიერ ნაწილი თანხების გადახდის ფაქტი. საქონლის განბაჟების ისტორია მოგონილია და არ შეესაბამება რეალობას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №83აპ-13 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. დაზარალებული მოწმეების - მ. დ-ა და ა. ქ-ს ჩვენებებით, N.... ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება რ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

10. ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ბ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე