საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.01.2020
საქმის ნომერი
2კ-634აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002334905

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№634აპ-19 ქ. თბილისი

ლ. კ., 634აპ-19 24 იანვარი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ზურაბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ. ლ-ს ბრალი დაედო ძარცვის მცდელობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის.

კ. ლ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

20.. წლის .. იანვარს, დაახლოებით 16:30 საათზე, .... გამზირზე, სავაჭრო ცენტრ ,,გ-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით ნასამართლევი კ. ლ. შეეცადა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაუფლებოდა ი. ა-ს კუთვნილ ერთ ზურგჩანთასა და ორ ხელჩანთას. კ. ლ.ს ქმედებით ი. ა-ს შესაძლოა, მისდგომოდა 70 (სამოცდაათი) ლარის ქონებრივი ზიანი.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით კ. ლ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კ. ლ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გამართლებულ კ. ლ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა. აპელანტმა ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და კ. ლ.ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და კ. ლ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით: სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით - დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ კ. ლ-მ ჩაიდინა მითითებული დანაშაული.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას წარდგენილ ბრალდებაში კ. ლ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ი. ა-ს ჩვენებით უტყუარად არ დგინდება, რომ კ. ლ. ცდილობდა მისი კუთვნილი ნივთების დაუფლებას და რომ მას გააჩნდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც ასევე არ დასტურდება მოწმეების - პ. ხ-სა და ჟ. ს-ს ჩვენებებითა და საქმის სხვა მასალებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მისი დამნაშავედ ცნობის შესახებ.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ზურაბაშვილის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი