საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.03.2020
საქმის ნომერი
2კ-737აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115001145306

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №737აპ-19 ქ. თბილისი

მ. ვ. 737აპ-19 19 მარტი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ვ. მ. - დაბადებული 1.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 13 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2003 წლის 1 სექტემბერს, გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლომ დაარეგისტრირა შპს „მ“ (ს/ნ …). საზოგადოების იურიდიული მისამართია: ქ.თ. ა-ს ქუჩა №.. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ბუნებრივი რესურსების (პემზის) მოპოვება და რეალიზაცია. 2002 წლის 19 სექტემბერს გაცემულია საწარმოზე წიაღით სარგებლობის ლიცენზია 10 წლით.

2009 წლის 12 მარტიდან საწარმოს ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა და საზოგადოების საქმიანობას წარმართავდა ვ. მ. მასვე ევალებოდა საზოგადოების საქმიანობას გაძღოლოდა კეთილსინდისიერად და გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო - სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მიუხედავად აღნიშნულისა, ვ. მ-მ არ შეასრულა თავისი მოვალეობა და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით, არ გადაიხადა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები.

2014 წლის 19 თებერვალს, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში დაინიშნა შპს „მ-ს“ 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 19 თებერვლამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზია. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 2 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით შპს „მ-ს“ ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 225 827 ლარი, აქედან ძირითადი - 152 790 ლარი, ჯარიმა - 73 037 ლარი, ხოლო ვ. მ-ს ხელმძღვანელობის პერიოდზე კომპანიას ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 186 536 ლარი, მათ შორის ძირითადი - 124 820 ლარი და ჯარიმა - 61 646 ლარი (მოგების გადასახადი: ძირითადი - 59 820 ლარი, ჯარიმა - 29 918 ლარი; დღგ: ძირითადი - 24 781 ლარი, ჯარიმა 11 688 ლარი; საშემოსავლო გადასახადი: ძირითადი - 39 046 ლარი, ჯარიმა - 19 524 ლარი; ქონების გადასახადი: ძირითადი - 1 172 ლარი, ჯარიმა - 516 ლარი).

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2014 წლის 2 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოსცა 2014 წლის 4 დეკემბრის N.. საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2014 წლის 8 დეკემბერს.

ვ. მ-მ კანონით დადგენილ 45-დღიან სამუშაო ვადაში არ გადაიხადა დაკისრებული ძირითადი თანხა. ამასთან, ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება.

2. პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებულ ვ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ვ. მ-ს გამართლებას.

5. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

6. სასამართლო კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ. მ-ს უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ ვ. მ-ს მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებაში მისი ბრალეულობის თაობაზე აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, ემყარება კანონიერ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას, მათ შორის: მოწმეების - მ. ა-ს, ნ. ძ-ს, ი. ჯ-სა, გ. მ-ს, ე. ჩ-ს, ა. ს-ს, რ. გ-ს, რ. ბ-ს ჩვენებებს, საქმეში არსებულ და სასამართლოზე გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებს.

7. მსჯავრდებულ ვ. მ-ს ინტერესების დამცველი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით არასწორადაა გადაწყვეტილი განსახილველ საქმეზე ამნისტიის კანონის გავრცელების საკითხი.

8. სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ პრეტენზიაზე დამაჯერებელი პასუხია გაცემული, კერძოდ, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს 2012 წლის 2 ოქტომბრამდე. მოცემულ შემთხვევაში 2014 წლის 19 თებერვალს სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“ აუდიტის დეპარტამენტში დაინიშნა შპს „მ-ს“ 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 19 თებერვლამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზია. 2014 წლის 2 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, ხოლო იმავე წლის 4 დეკემბერს გამოიცა N0….საგადასახადო მოთხოვნა. რევიზიის აქტით დადგინდა, რომ შპს „მ-ს“ ფაქტობრივმა დირექტორმა - ვ. მ-მ არ შეასრულა კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება, დამალა და არ გადაიხადა დიდი ოდენობით გადასახადი. საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, იგი წარმოადგენს განგრძობად დანაშაულს, რომელიც დამთავრებულია უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარდ დგინდება, რომ ვ. მ-ს მიერ ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილი მოცემული დანაშაულებრივი ქმედება დაიწყო 2009 წლის 12 მარტს, რომელიც დასრულდა 2013 წლის 31 მარტს. აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ. ამდენად, ვ. მ-ს სწორედ 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით ჰქონდა დრო საგადასახადო ორგანოში წარედგინა დეკლარაცია და მოეხდინა ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, რაც მას არ განუხორციელებია. ამდენად, აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ვ. მ-ს მიმართ გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი.

9. სასამართლო ეთანხმება რა სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს შპს ,,მ-ს“ პასუხისმგებელ პირთა საკითხზე, მიაჩნია: საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შპს ,,მ-“ წარმოადგენდა მ-ს ოჯახის საკუთრებას და აღნიშნულ კომპანიას ვ. მ-ს მამის გარდაცვალების შემდგომ ერთპიროვნულად ხელმძღვანელობდა და ზედამხედველობას უწევდა მსჯავრდებული. საქმეში არსებული, 2009 წლის 12 მარტის სანოტარო აქტით დასტურდება, რომ შპს ,,მ-ს“ დირექტორმა ნ. მ-მ უფლებამოსილება გადასცა ვა. მ-ს, რომ დირექტორის მუშაობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის კანონით დადგენილი გადასახადების გადახდაც, მას ეწარმოებინა. 2011 წლის 30 დეკემბრის სანოტარო აქტით ე. ჩ-მ უფლებამოსილება გადასცა ვ. მ-ს, რომლის საფუძველზეც ვ. მ-ს მიენიჭა დირექტორის ყველა უფლებამოსილება, მათ შორის იქნებოდა დირექტორის წარმომადგენელი საგადასახადო ორგანოებში. საგულისხმოა თავად ე. ჩ-ს მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2011 წლიდან იყო შპს ,,მ-ს“ ფიქტიური დირექტორი. კომპანიის მართვასთან შეხება არასდროს ჰქონია, არც სარგებელი მიუღია და ისიც კი არ იცის, კომპანია სად მდებარეობს, ხოლო აღნიშნული კომპანიის დირექტორად ვ. მ-ს თხოვნის საფუძველზე დარეგისტრირდა. მოწმე გ. მ-ს განმარტებით, შპს ,,მ.“ ვ. მ-ს მამის კომპანია იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგაც კომპანიაში საქმიანობას ვ. მ. ახორციელებდა. მოწმე პ. თ-ს ჩვენებით, მას 2010 წლის დასაწყისში კომპანიაში მუშაობა დააწყებინა ვ. მ-მ. მისთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ კომპანიას თავდაპირველად ვ. მ-ს მამა ხელმძღვანელობდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ კომპანიას ზედამხედველობას უწევდა და ერთპიროვნულად ხელმძღვანელობდა ვ. მ. მისივე განმარტებით, შპს ,,მ-სთან“ დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებას იღებდა ვ. მ. აღნიშნულ კომპანიაში მისი დირექტორად დარეგისტრირების პერიოდშიც კომპანიის რეალური დირექტორი და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი იყო ვ. მ. მოწმეების - რ. ბ-სა და რ. გ-ს მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციითაც დასტურდება ის გარემოება, რომ კომპანიებს შორის არსებულ ბიზნესურთიერთობებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდა და შპს ,,მ-ს“ წარმოადგენდა ვ. მ.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოებმა ამომწურავად იმსჯელეს ყველა იმ ძირითად საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას დაცვის მხარე და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე