საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 26.03.2020
საქმის ნომერი
2კ-769აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №769აპ-19 ქ. თბილისი

მ-ე გ-ი, 769აპ-19 26 მარტი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი პროკურორის – ვლადიმერ თურმანიძისა და მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით, გ. მ-ესა და ფ. ი-ს ბრალი ედებათ სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია თერთმეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

2. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

· 2016 წლის 1 ივლისს შპს „მ. ტ-ის“ კუთვნილ შპს „ლ-ა“ და ფ. ი-ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ფ. ი-ი დასაქმდა სამორინე „ლ-ის“ ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე და დაევალა, დამორჩილებოდა შრომის შინაგანაწესსა და დამსაქმებლის ინსტრუქციებს. მასვე ევალებოდა სასტუმრო „ლ-ის“ ტექნიკური მენეჯერის უფლებამოსილების განხორციელება.

· შპს „მ. ტ-ის“ ტექნიკური სერვისის განყოფილების შრომის შინაგანაწესის მე-3 მუხლის 3.1 და 3.2 ნაწილების შესაბამისად, ფ. ი-ის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში შედიოდა საწარმოს ტექნიკური საწყობის კონტროლი და ტექნიკური სერვისის განყოფილების ხელმძღვანელობა, ასევე – ხანძარსაწინააღმდეგო წესების მოთხოვნების დაცვა, მისი ან კონტრაქტორი საწარმოს პერსონალის მიერ საწარმოს მთლიანი ტექნიკური აღჭურვილობის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანა, მოთხოვნილი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისად, შენობის შიგნით და გარეთ განეხორციელებინა განათების, გათბობის, ავზისა და წყლის გაყვანილობის აღჭურვილობის მოვლა, გაყვანილობების პერიოდული შემოწმება, ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა.

· სასტუმრო „ლ-ი“ ფუნქციონირებდა სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით, კერძოდ, შენობა არ იყო აღჭურვილი გამართული ავტომატური სახანძრო და კვამლმაუწყებელი სიგნალიზაციით, შენობაში არ იყო დაცული ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების ცალკეული მოთხოვნები და, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტებზე აკრძალულია ტექნიკური სართულების, სათავსების გამოყენება საწარმოო უბნებისა და სახელოსნოების მოსაწყობად, აგრეთვე პროდუქციის, მოწყობილობების, სხვა წვადი მასალებისა და საგნების შესანახად (მათ შორის – დროებით), ელექტროფარებთან, ელექტროძრავებსა და გამშვებ აპარატურასთან აკრძალულია წვადი (მათ შორის – ადვილაალებადი) მასალებისა და ნივთიერების დაწყობა-შენახვა, ხსენებული სასტუმროს მე-4 სართულზე მდებარე ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში სამშენებლო ნორმებისა და წესების უგულებელყოფით განთავსებულ სათავსში ინახებოდა წვადი, ადვილად აალებადი ნივთიერებები და არ იყო გამოყოფილი თამბაქოს მოსაწევი ადგილები. ამავე ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში ხანძარსაწინაღო კედლების, ზონებისა და ასევე ხანძარსაწინაღო პირველი ტიპის გადახურვების სავენტილაციო არხებით გადაკვეთის ადგილებში არ იყო გათვალისწინებული ავტომატური მოწყობილობა, რომელიც ხანძრის შემთხვევაში აარიდებდა წვის პროდუქტების სავენტილაციო არხებში გავრცელებას. ამასთან, სასტუმროში არ ფუნქციონირებდა გამართული სახანძრო მაუწყებლობა.

· ყოველივე ზემოაღნიშნულით ფ. ი-მა დაარღვია „სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.08.02–89“ „საზოგადოებრივი შენობების“ პუნქტი 3.52-ისა და ამავე წესების აუცილებელი მე-9 დანართის მე-7 ქვეპუნქტის მოთხოვნები, ასევე – „სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.01.02-85“ „ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების“ პუნქტების – 2.1-ის, 3.20-ისა და 4.28-ის მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებული „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-4 მუხლის მე-6 ნაწილით, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილითა და დანართი-2-ის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

· აღნიშნულ პირობებში 2017 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 20 საათზე, ბ-ში, შ-ის ქ. N---ში მდებარე სასტუმრო „ლ-ის“ შენობის მე-4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში, სადაც მოთავსებული იყო ვენტილაციის სისტემები, წყლის მიწოდების დანადგარები, გამათბობლები, ელექტროკარადები, სხვადასხვა ხელსაწყო, წვადი (მათ შორის – ადვილაალებადი) მასალები და ნივთიერებები, დაუდგენელი პირის მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, აალების მცირეკალორიული ცეცხლის წყაროთი (ჩაუმქრალი სიგარეტი ან ასანთი) გაჩნდა ხანძარი, რა დროსაც სახანძრო უსაფრთხოების წესებზე პასუხისმგებელ, სასტუმრო და სამორინე „ლ-ის“ ტექნიკური მენეჯერის – ფ. ი-ის მიერ სახანძრო უსაფრთხოების ზემოხსენებული წესების დარღვევის შედეგად, სასტუმროს მე-5 და მე-6 სართულებზე განთავსებულ აუზსა და სპა სალონში, ხანძრით გამოწვეული ძლიერი დაკვამლიანების გამო, ნახშირჟანგ CO-თი გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 11 პირი: ნ. ჩ., დ. ქ., გ. ც., მ. ქ., კ. მ., ბ. შ., ს. ზ., ზ. ა., რ. ჯ., დ. ლ., და მ. შ., ხოლო სასტუმროს სხვადასხვა სართულზე მყოფმა 19 პირმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

· 2016 წლის 1 ნოემბერს შპს „მ. ტ-სა“ და გ. მ-ეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ. მ-ე დასაქმდა შპს „მ. ტ-ის“ ტექნიკური საწყობის პასუხისმგებელ პირად, რომელსაც ევალებოდა, დამორჩილებოდა შრომის შინაგანაწესსა და დამსაქმებლის ინსტრუქციებს.

· შპს „მ. ტურმიზმის“ ტექნიკური სერვისის განყოფილების შრომის შინაგანაწესის მე-3 მუხლის 3.2 ნაწილის შესაბამისად, გ. მ-ის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში შედიოდა საწარმოს ტექნიკური საწყობის კონტროლი, ცეცხლჩამქრობების გადამოწმება და შესაბამისი ინფორმაციის ზემდგომი ხელმძღვანელისადმი მიწოდება. მასვე ევალებოდა საპასუხისმგებლო ადგილებში სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოების, ასევე – საფრთხის შემცველი შემთხვევების თავიდან აცილებისათვის შესაბამისი ზომების მიღება და ასეთი საფრთხეების არსებობის თაობაზე ტექნიკური მენეჯერის ინფორმირება.

· სასტუმრო „ლ-ი“ ფუნქციონირებდა სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით, კეძოდ, შენობაში არ იყო დაცული ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების ცალკეული მოთხოვნები და მიუხედავად იმისა, რომ ობიექტებზე აკრძალულია ტექნიკური სართულების, სათავსების გამოყენება საწარმოო უბნებისა და სახელოსნოების მოსაწყობად, აგრეთვე პროდუქციის, მოწყობილობების, სხვა წვადი მასალებისა და საგნების შესანახად (მათ შორის – დროებით), ელექტროფარებთან, ელექტროძრავებსა და გამშვებ აპარატურასთან აკრძალულია წვადი (მათ შორის – ადვილაალებადი) მასალებისა და ნივთიერების დაწყობა-შენახვა, ხსენებული სასტუმროს მე-4 სართულზე მდებარე ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში სამშენებლო ნორმებისა და წესების უგულებელყოფით განთავსებულ სათავსში ინახებოდა წვადი და ადვილად აალებადი ნივთიერებები და არ იყო გამოყოფილი თამბაქოს მოწევის ადგილები. ამავე ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში ხანძარსაწინააღმდეგო კედლების, ზონებისა და ასევე ხანძარსაწინააღმდეგო პირველი ტიპის გადახურვების სავენტილაციო არხებით გადაკვეთის ადგილებში არ იყო გათვალისწინებული ავტომატური მოწყობილობა, რომელიც ხანძრის შემთხვევაში აარიდებდა წვის პროდუქტების სავენტილაციო არხებში გავრცელებას. ამასთან, სასტუმროში არ ფუნქციონირებდა გამართული სახანძრო მაუწყებლობა.

· ყოველივე ზემოაღნიშნულით გ. მ-ემ დაარღვია „სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.01.02–85“ „ხანძარსაწინაააღმდეგო ნორმების“ პუნქტების – 2.1-ის, 3.20-ისა და 4.28-ის მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებული „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-4 მუხლის მე-6 ნაწილით, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილითა და დანართი-2-ის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

· აღნიშნულ პირობებში 2017 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 20 საათზე, ბ-ში, შ-ის ქ. N---ში მდებარე სასტუმრო „ლ-ის“ შენობის მე-4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში, სადაც მოთავსებული იყო ვენტილაციის სისტემები, წყლის მიწოდების დანადგარები, გამათბობლები, ელექტროკარადები, სხვადასხვა ხელსაწყო, წვადი (მათ შორის – ადვილაალებადი) მასალები და ნივთიერებები, დაუდგენელი პირის მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, აალების მცირეკალორიული ცეცხლის წყაროთი (ჩაუმქრალი სიგარეტი ან ასანთი) გაჩნდა ხანძარი, რა დროსაც სახანძრო უსაფრთხოების წესებზე პასუხისმგებელ გ. მ-ის მიერ სახანძრო უსაფრთხოების ზემოხსენებული წესების დარღვევის შედეგად სასტუმროს მე-5 და მე-6 სართულებზე განთავსებულ აუზსა და სპასალონში, ხანძრით გამოწვეული ძლიერი დაკვამლიანების გამო, ნახშირჟანგ CO-თი გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 11 პირი: ნ. ჩ., დ. ქ., გ. ც., მ. ქ., კ. მ., ბ. შ., ს. ზ., ზ. ა., რ. ჯ., დ. ლ., და მ. შ., ხოლო სასტუმროს სხვადასხვა სართულზე მყოფმა 19 პირმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ფ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 1 იანვრის რედაქცია) და მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 წლით ჩამოერთვა მენეჯერულ პოზიციაზე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება. ამავე განაჩენით გ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან (2018 წლის 1 იანვრის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2201-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2018 წლის 1 იანვრის რედაქცია) და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2018 წლის 23 მარტიდან.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-ემ ჩაიდინა გულგრილობა, ე.ი. ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, გ. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო ფ. ი-ის ნაწილში – განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო პალატა არ ეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 1 იანვრის რედაქცია) დამნაშავედ ცნობის, ხოლო დაცვის მხარის საჩივრის მოთხოვნას – მსჯავრდებულ გ. მ-ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, რადგან ასეთ მოთხოვნებს არ გააჩნია დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და დამატებითი დათვალიერების ოქმები, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, სახანძრო-ტექნიკური, საინჟინრო, საინჟინრო-ტექნიკური, კომპიუტერული ექსპერტიზების დასკვნები, მოწმეების – უ. კ-ის, გ. ბ-ის, დ. ხ-ის, ი. ბ-ის, ზ. შ-ის, ა. დ-ის, რ. გ-ის, მ. კ-ის, უ. ხ-ის, ხ. შ-ის, ი. ბ-ის, რ. ს-ას, რ. დ-ის, ი. ი-სა და სხვათა ჩვენებები, 2016 წლის 1 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულება, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილება და სხვა მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ გ. მ-ე არ იყო სასტუმროში სახანძრო წესების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, შესაბამისად - საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი, თუმცა დადგენილია, რომ მისი ყოველდღიური საქმიანობა დაკავშირებული იყო სასტუმროს მე-4 სართულზე განთავსებულ სპეციალურ ოთახთან, სადაც, მისივე პასუხისმგებლობით, ხდებოდა ისეთი ნივთებისა და ნივთიერების მოთავსება, რომლებიც ადვილად აალებადი იყო, აქვე ეწეოდა ტექნიკური პერსონალი სიგარეტს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გ. მ-ის სამოქმედო ტერიტორიაზე სისტემატურად ირღვეოდა სახანძრო უსაფრთხოების წესები.

11. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა და ასევე სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულ გ. მ-ის ქმედების კვალიფიკაცია და მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივრებში ამახვილებენ ყურადღებას დაცვისა და ბრალდების მხარეები და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა, მხარეები საჩივრებში არ უთითებენ.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი პროკურორის – ვლადიმერ თურმანიძისა და მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე