კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
2კ-14-I-20
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802220003514720

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№14I-20 ქ. თბილისი

ო. მ., 14I-20 20 მარტი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ო-ს (M. O.) ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. ფ-სა და მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 11 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. ო-ს მიმართ თ-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2013 წლის 23 ივლისს თ-ს რესპუბლიკის ს-ს საქალაქო მე-10 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით მ. ო., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ს რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული ორგანიზაციის შექმნა და ხელმძღვანელობა), ამავე კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ძარცვის მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 109-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ძარცვის მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) 3 ეპიზოდი)), 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (ძარცვის მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) 2 ეპიზოდი)), 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (შრომის თავისუფლების შეზღუდვა, ჩადენილი ძალადობით, მუქარით ან სხვა უკანონო ქმედებით) და თ-ს რესპუბლიკის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ფლობა). მის მიმართ წარმართულ სასამართლო განხილვას ესწრებოდნენ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი და მისი ადვოკატი.

თ-ს რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, მ. ო-ს მიერ თ-ს რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

მ. ო-მ შექმნა ორგანიზებული ჯგუფი, ხელმძღვანელობდა მას და დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით ჯგუფის წევრებს აძლევდა შესაბამის მითითებებს. ორგანიზებული ჯგუფი ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღებს, რომლებსაც ცალკეულ შემთხვევაში ჯგუფის წევრები იყენებდნენ დანაშაულის ჩასადენად, მათ შორის - დაზარალებულებზე თავდასხმისთვის. მ.ო-ს მიერ შექმნილმა ორგანიზებულმა ჯგუფმა შეიმუშავა არაერთი დანაშაულებრივი გეგმა და მიიღო უკანონო შემოსავალი. მ. ო-სა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრთა მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ე. დ-ს სურდა ყოფილი ბიზნესპარტნიორ - ე. რ-სთვის ფულადი თანხის - 250 000 ლირის გამოძალვა. 2007 წლის აპრილში მან თანხის მიღებაში დახმარების თხოვნით მიმართა მ. ო-ს. აღნიშნულის შემდეგ, მ.ო-ს დავალებით ჰ. ქ-მ და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებმა დაიბარეს ე.რ. და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით შეეცადნენ, მას ხელი მოეწერა 250 000 ლირის ღირებულების ობლიგაციაზე, თუმცა ე.რ-მ აღნიშნულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

ამასთან, 2007 წლის 15 მაისს, მ.ო-ს დავალებით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს დაზარალებულ ი. დ-ს, იგი მიიყვანეს სანოტარო ბიუროში და იძულებით მოაწერინეს ხელი 96 000 ლირის ოდენობის ვალის აღიარების დოკუმენტ, რის შემდეგაც, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ი.დ. მიიყვანეს დაუდგენელ შენობაში, სადაც 2007 წლის 17 მაისს - გათავისუფლებამდე, თავისუფლება უკანონოდ ჰქონდა აღკვეთილი.

გარდა აღნიშნულისა, მ. ო-ს მითითებით, 2007 წლის 11 ივნისს ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დაზარალებულ მ. ბ. უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, აიძულეს, ავტომობილში ჩამჯდარიყო და შ. თ. მიმართულებით წაიყვანეს. ავტომობილში, ჰ.ქ-მა ცეცხლსასროლი იარაღი რამდენჯერმე დაუმიზნა დაზარალებულს, შემდგომ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და მოსთხოვა, 100 000 000 ლირის 5 დღის ვადაში გადახდა. მოთხოვნის შეუსრულებლობის ან სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირების შემთხვევაში, ჰ.ქ-ში დაემუქრა დაზარალებულს, რომ მისი ოჯახის წევრებს დახოცავდა, რის შემდგომაც დაზარალებული ავტომობილიდან ჩამოსვეს. მ. ბ-მ არ შეასრულა ორგანიზებული ჯგუფის წევრთა მოთხოვნა, რის გამოც მ. ო-მა და მისმა თანამზრახველებმა ვერ შეძლეს დანაშაულის დამთავრება.

20.. წლის ივლისში ორგანიზებული ჯგუფის წევრები, მ.ო-ს მითითებით, დაემუქრნენ დაზარალებულებს - ბ. ს-ს და ი. ო-ს, რათა მათ გადაეხადათ ფულადი თანხ - 15 000 ლირა, თუმცა დაზარალებულებმა აღნიშნული მოთხოვნა არ შეასრულეს.

20.. წლის .. ოქტომბერს, დაზარალებულ ბ. ა-ს, რომელიც კოოპერატივის - „...“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა, დაუკავშირდა უცნობი პირი და განუმარტა, რომ „...“ მასთან შეხვედრა სურდა და სადილზე ეპატიჟებოდა. ბ. ა-მ უარი განუცხადა, რის შემდგომაც უცნობი პირი პირადად მივიდა მასთან და დაჟინებით მოსთხოვა „მეთაურთან“ შეხვედრა, რაზეც ბ.ა-მ კვლავ უარი განაცხადა. 20.. წლის .. ოქტომბერს ეს პირი კვლავ დაუკავშირდა ბ. ა-ს და განუცხადა, რომ მასთან „მეთაურთან“ ერთად მიდიოდა. აღნიშნულის შემდგომ, მალევე, მ.ო-ს დავალებით, ადგილზე 3 ავტომობილით მივიდა 20 ადამიანი, რომელთაგან 8 პირი ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს. „მეთაურმა“ ბ.ა-ს მოსთხოვა კოოპერატივის 50%-იანი წილის გადაფორმება და შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერა, რაზეც მან უარი განაცხადა. „მეთაურმა“ მას დოკუმენტზე ხელმოსაწერად განუსაზღვრა 24 საათიანი ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დაემუქრა. თუმცა ბ. ა-მ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

20.. წლის .. აპრილს, მ.ო-ს დავალებით, ჰ. ქ-მ და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს დაზარალებულ ა. გ-ს და მისივე ავტომობილით, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, მიიყვანეს ქურუჩეშმეში მდებარე პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ ადგილას მისვლის შემდგომ, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ჰკითხეს დაზარალებულს, იცნობდა თუ არა ფ. ქ-ს - პირს, რომელსაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხზე დაზარალებულ ა. გ-სთან წარსულში მოუხდა კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კითხვის დასმის შემდეგ, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ა.გ-ს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყეს და დატოვეს შემთხვევის ადგილი.

20.. წლის დეკემბერში ი. გ-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ს. ხ-ს. დაზარალებულის მხარისგან დაცვის მიზნით, ი.გ-ს ოჯახის წევრებმა - მ.გ-მ და მ.ა-მ მიმართეს ი. გ-ს და ჰ.ქ-ს, რათა მ.ო-ს დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზებულ ჯგუფს უზრუნველეყო მათი დაცვა. მოთხოვნის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ახორციელებდნენ დაცვით ღონისძიებებს, რის სანაცვლოდაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მ. გ-ს მოსთხოვეს 50 000 ლირის გადახდა, რაზეც მ. გ-მ განაცხადა უარი, რის შემდგომაც, მ. ო-ს მითითებით, ი. გ-მ, ჰ. ქ-მ და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს მ. გ-ს სიმამრს - ი. ა-ს და სიძეს - ი. ი-ს და მ. გ-ს მოსთხოვეს ფულადი თანხის გადახდა. დაზარალებულების გათავისუფლება მოხდა მხოლოდ მოლაპარაკების პროცესში შუამავლების ჩართვის შემდეგ.

20.. წლის აპრილში, მ.ო-ს მითითებით, ჰ. ქ., ბ.ქ. და ა.ფ. მივიდნენ მ. მ-ს საკუთრებაში არსებულ სასტუმრო - „...“ და მ. მ-ს ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით მოსთხოვეს სასტუმროს გადაფორმება, რის შემდგომაც დატოვეს შემთხვევის ადგილი.

2015 წლის 4 ნოემბერს თ-ს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

2016 წლის 30 მაისს თ-ს რესპუბლიკის ქოჯაელის საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით სტამბოლის საქალაქო მე-10 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მ. ო-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 45 წლით, 58 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა.

იმავე დღეს, თ-ს რესპუბლიკის ქოჯაელის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა მ. ო.ს დაკავების ბრძანება.

2. მ. ო.ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2018 წლის 25 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო მ.ო.ს ექსტრადიციის თაობაზე თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები.

2019 წლის 2 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ.ო..

2019 წლის 3 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ.ო-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2019 წლის 26 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მ.ო.ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო 2019 წლის 20 სექტემბერსა და იმავე წლის 18 ოქტომბერს.

2019 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ.ო-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2020 წლის 2 თებერვლამდე.

2020 წლის 30 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ.ო-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2020 წლის 2 მაისამდე.

3. 2020 წლის 9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა. შუამდგომლობის ავტორმა ითხოვა მ. ო.ს (M. O.) თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა თ-ს რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული ორგანიზაციის შექმნა და ხელმძღვანელობა), ამავე კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ძარცვის მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 109-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ძარცვის მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) 3 ეპიზოდი)), 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 35-ე მუხლთან

ერთობლიობაში 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (ძარცვის მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) 2 ეპიზოდი)), 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (შრომის თავისუფლების შეზღუდვა, ჩადენილი ძალადობით, მუქარით ან სხვა უკანონო ქმედებით) და თ-ს რესპუბლიკის N 6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ფლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თ-ს რესპუბლიკის სტამბოლის საქალაქო მე-10 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2013 წლის 23 ივლისს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა:

დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ო.ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია თ-ს რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული ორგანიზაციის შექმნა და ხელმძღვანელობა), ამავე კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ძარცვის მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 109-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ძარცვის მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) 3 ეპიზოდი)), 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (ძარცვის მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) 2 ეპიზოდი)), 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (შრომის თავისუფლების შეზღუდვა, ჩადენილი ძალადობით, მუქარით ან სხვა უკანონო ქმედებით) და თ-ს რესპუბლიკის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ფლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თ-ს რესპუბლიკის სტამბოლის საქალაქო მე-10 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2013 წლის 23 ივლისს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ო.ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - ნ. ფ. და მ. ჩ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ, რომ არ იქნეს დასაშვებად ცნობილი მ. ო.ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია და გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 11 მარტის განჩინება შემდეგი საფუძვლებით:

6. ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოს საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. მ. ო.ს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართული ჰქონდა შესაბამისი ორგანოსთვის, რაზეც მას უარი ეთქვა. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მითითებული სასამართლოს განმარტებით, მართალია, მ. ო.ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მაგრამ არც მას და არც მის უფლებადამცველებს სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებიათ; გარდა ამისა, მ. ო.მ მიმართა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღებაზე, რასთან დაკავშირებითაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია; მ. ო.ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, შესაძლოა დაემუქროს რეალური საფრთხე, ვინაიდან იგი იდევნება პოლიტიკური ნიშნით; ასევე, არსებობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის რისკი, რადგან მ. ო.ს მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლეები და პროკურორი მიცემული არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებებით; მ. ო.ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და მისთვის შექმნილმა სტრესულმა ფონმა, შეიძლება გამოიწვიოს მისი გარდაცვალება, ისევე როგორც კორონა ვირუსიდან გამომდინარე პანდემიის საფრთხემ.

7. საკასაციო სასამართლომ, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ო.ს (M. O.) ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. ფ-სა და მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარეებს მისცა შესაძლებლობა დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა. ბრალდების მხარემ საკასაციო პალატას წარმოუდგინა შესაგებელი (ბრალდების მხარის პოზიცია) დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე, ხოლო კასატორებს რაიმე დამატებითი ინფორმაცია/მასალა არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თ-ს რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ო. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 2 აგვისტოს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. დაცვის მხარის ერთ-ერთ არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ მ. ო. თ-ს რესპუბლიკაში იდევნება პოლიტიკური ნიშნით, რის გამოც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება რეალური საფრთხე, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ პირი ექსტრადიციის შემთხვევაში დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას, ან არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის „რეალური საფრთხე“ („სოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Soering v. the United Kingdom), # 14038/88, § 88-91, 07.07.1989; „ვილვარაჯა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Vilvarajah and others v. United Kingdom), # 13163/87 & 13164/87 &13165/87 & 13447/87 & 13448/87, 30.10.1991). ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება („ჯ.კ. და სხვები შვედეთის წინააღმდეგ“ (J.K. and others v. Sweden) # 59166/12; § 91,96, 23.08.2016, „საადი იტალიის წინააღმდეგ“ (Saadi v. Italy) # 37201/06, § 129, 28.02.2008).

6. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არის ზოგადი ხასიათის და გარდა იმისა, რომ არაავთენტიკურია, არ არის დადასტურებული ხელმოწერებით, სათანადო ბეჭდითა, თუ სხვა საშუალებებით, მათში გადმოცემული ინფორმაციით არ დასტურდება, რომ მ. ო. ეწეოდა პოლიტიკურ საქმიანობას, ან მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, თუ პოლიტიკური აქტიურობიდან გამომდინარე, დაექვემდებარება პოლიტიკური ნიშნით დევნას, ვინაიდან კასატორის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეიცავს ძირითადად თ-ს რესპუბლიკაში მ. ო.ს ინტერესების დამცველი ადვოკატის განცხადებებსა და ინფორმაციას თ-ს რესპუბლიკაში არსებული ზოგადი მდგომარეობის შესახებ. თავის მხრივ, ვერც ბრალდების მხარემ მოიპოვა რაიმე მტკიცებულება და არც საექსტრადიციო მასალებით არ დასტურდება მ. ო.ს პოლიტიკური ნიშნით დევნისა და მისი უფლებების დარღვევის საფრთხეები.

7. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან წარმოდგენილია გარანტია იმის შესახებ, რომ მ. ო.ს ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისთვის. აგრეთვე, წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, მ.ო. უზრუნველყოფილი იქნება დაცვის უფლებებით.

8. ამასთან, გარანტია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოს მიერ არის გაცემული;მისი შინაარსი არ არის ზოგადი და ბუნდოვანი (იხ.ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „კლეინი რუსეთის წინააღმდეგ“ (Klein v. Russia), N24268/08, §55 და „ჩაჰალი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ“ (Chahal v. The United Kingdom), N22414/93, §105). ევროპული სასამართლო ასევე „განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, ECtHR, no 35/10, 27/02/2014, §113; Gasayev v Spain, ECtHR, no 48514/06, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, ECtHR, no 21022/08; 51946/08, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია არანაირი საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს იგი.

9. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მ. ო.ს მიმართ დაირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან მ. ო.ს მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლეები და პროკურორი მიცემული არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა დადგეს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საკითხი იმ შემთხვევებში, როდესაც ექსტრადიციის მომთხოვნმა ქვეყანამ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ „აშკარად“ დაარღვია სამართლიანი სასამართლოს უფლება ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე.

11. საექსტრადიციო მასალების თანახმად, არ იკვეთება, რომ საქმეში არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევები, რომლებიც არსებით საფუძველს შექმნიდა ვარაუდისათვის, რომ მ. ო. დაექვემდებარება სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას. ამასთან, გარდა იმისა, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ავთენტიკური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ. ო.ს მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლეებისა და პროკურორის სამხედრო გადატრიალების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ფაქტს, აგრეთვე არ დასტურდება, რომ აღნიშნული რაიმე სახით უკავშირდება მ. ო.ს ბრალეულობის საკითხს, რის გამოც მითითებული მოსაზრება ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოხდა სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე.

12. კასატორის კიდევ ერთ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ დაცვის მხარე ელოდება სააპელაციო პალატისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას მ. ო.ს სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ო-ს უარი ეთქვა საერთაშორის დაცვის მოთხოვნის შესახებ მისი განცხადების დაკმაყოფილებაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ როგორც აღნიშნული პროცედურები, რომლებზეც სააპელაციო პალატას უკვე მიღებული აქვს საბოლოო გადაწყვეტილება, ისე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადების განხილვა არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევასა და მ. ო.ს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას, ვინაიდან არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და ნორმების თანახმად, ის ფაქტი, რომ პირი არის თავშესაფრის მაძიებელი, კრძალავს მხოლოდ მის ფაქტობრივ გადაცემას და არ გამორიცხავს პარალელური რეჟიმით პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულებას.

13. მ. ო.ს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კი საექსტრადიციო მასალებიდან ირკვევა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო რაც შეეხება კორონავირუსიდან მომდინარე საფრთხეს, აღნიშნული ვირუსი გავრცელებულია როგორც თ-ს რესპუბლიკაში, ისე საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ გამოირიცხება მისი გავრცელების მატების საფრთხე.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 11 მარტის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ო.ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. ფ-სა და მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 11 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი