საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.05.2020
საქმის ნომერი
2კ-225აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.05.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100119002897415

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №225აპ-20 ქ. თბილისი

კ–ი თ. 225აპ-20 11 მაისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლევან ვეფხვაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: თ. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2000 წლიდან თ. კ–ი და ა. ჯ–ე იმყოფებიან ფაქტობრივ ქორწინებაში და ჰყავთ ორი საერთო შვილი. დაახლოებით ოთხი წლის წინ თ. კ. გაემგზავრა კ.....ში სამუშაოდ. წასვლამდე ისინი განქორწინდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც თანაცხოვრებას ეწეოდნენ. 2019 წლის 4 თებერვალს, შუადღის საათებში, ქ. თ....ში, ....... , ... მ/რ, .....-ე კორპუსში მდებარე ბინა .....-ში, თ. კ–მა ეჭვიანობის ნიადაგზე ა. ჯ–ს თავის არეში ჩაარტყა მობილური ტელეფონი, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2019 წლის 5 თებერვალს, ღამის საათებში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თ. კ–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა. ჯ–ს. კერძოდ, უწმაწური სიტყვებით მიმართა და ორჯერ ჩაარტყა მუჭი თავის მარცხენა არეში. დარტყმების შემდეგ დაზარალებული გავიდა სააბაზანოში, საიდანაც მალევე მობრუნდა საძინებელ ოთახში, სადაც ფეხზე დამდგარი დახვდა თ. კ., რომელმაც გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყაზე. აღნიშნული ქმედების შედეგად ა. ჯ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 10:30 საათზე, ქ. თ–ში, ......., ... მ/რ, ...-ე კორპუსის მე.... სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, თ. კ–სა და მის სიმამრს - დ. ჯ–ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც თ. კ–მა დ. ჯ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, სახეში გაარტყა გასაღებების აცმა, რის გამოც დ. ჯ–ს დაუზიანდა მარჯვენა ლოყისა და ცხვირის მიდამო. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის განაჩენით თ. კ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გამართლებულ თ. კ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თ. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი, რომელიც არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. საქმე N766აპ-19), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

7. საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას.

8. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ ეთანხმება კასატორის პოზიციას აღნიშნულ საკითხში, კერძოდ: სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ დ“ ქვეპუნქტითა და 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენება არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე (მაგ. გამოკითხვის ოქმში) მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას და არ ადასტურებს დანაშაულებრივი ქმედების არ არსებობას. მაგრამ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი არ წარმოადგენს მტკიცებულებას, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია.

9. სასამართლო განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარის თქმა შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს განპირობებული. მათ შორის, მოწმე ან/და დაზარალებული შეიძლება თავისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობა საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზის საფუძველზე უნდა შეფასდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი №527აპ-17). მოწმის/დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა მითუმეტეს არ გულისხმობს ბრალდებულის გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში.

10. ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა ერთობლიობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. სასამართლო კვლავაც ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე, უზრუნველყოს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთა სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება, მართლმსაჯულების განხორციელება და ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირება (მაგ.იხ. X and Y v. Georgia, No. 24/2009; U.N. Doc. CEDAW/C/61/D/24/2009, 2015, §§9.7; 9.6).

11. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლი საქართველოს ავალდებულებს, ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის დანაშაულებზე უზრუნველყოფილი იყოს ex officio სასამართლო პროცესები, რომელიც არ უნდა იყოს „მთლიანად დამოკიდებული“ მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე პირის ბრალდება „მთლიანად დამოკიდებულია“ დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას გამოძიების ორგანოსთვის მიწოდებულ ინფორმაციასა და ირიბ ჩვენებებზე. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ: მოცეულ შემთხვევაში საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება არა მხოლოდ ბრალდებულის ბრალეულობა, არამედ თავად საქართველოს სსსკ-ის 1261-ემუხლით აკრძალული ქმედების განხორციელების ფაქტი.

13. დაზარალებულ ა. ჯ–ის ეპიზოდთან მიმართებით მოწმეების - დ. ჯ–ისა და მ. მ–ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ირიბ ჩვენებას წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას; აღნიშნული მოწმეები თავიანთ ჩვენებებში ზოგადად მიუთითებენ თ. კ–სა და ა. ჯ–ს შორის კონფლიქტზე, რაც დ. ჯ–თვის ცნობილი გახდა ა. ჯ–გან, ხოლო მ. მ–თვის - დ. ჯ–გან; რაც შეეხება დ. ჯ–ის ეპიზოდს, როგორც დაზარალებულმა დ. ჯ–მ სასამართლოში განაცხადა, მას თ. კ–თან ფიზიკური დაპირისპირების დროს, რა დროსაც თ–მ სახეში გაარტყა გასაღებების აცმა, ტკივილი არ უგრძნია. იმავდროულად, საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ობიექტური კრიტერიუმებით დაადასტურებდა დაზარალებულში ტკივილის განცდის არსებობას. მოწმე მ. მ–მ მიუთითა, რომ დ. ჯ–ს ნაკაწრი ჰქონდა სახეზე, ამასთან, თითქმის ყველა მოწმემ აღნიშნა, რომ კონფლიქტის შედეგად გაცილებით მძიმე დაზიანებები ჰქონდა თ. კ–ს, რაც ასევე დასტურდება მის მიმართ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნით. რაც შეეხება დ. ჯ–ის მიმართ ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას, აღნიშნული ექსპერტიზის №.... დასკვნით ობიექტურად ასევე არ დასტურდება დაზარალებულში ტკივილის განცდის არსებობა.

14. სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას განსაკუთრებულ შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის #548-ე გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ „37. ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობისა და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს“. ,,52. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015).შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნებს.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე