საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№949აპ-19 ქ. თბილისი
ვ. ა., 949აპ-19 4 ივნისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ვ.-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენით ა. ვ., – დაბადებული წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 31 მარტიდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ვ.-მ ჩაიდინა ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, რაც გამოიხატა შემდეგში:
· არასრულწლოვანი (15 წლის) ვ. კ. ჩ-უს გოგონათა საფეხბურთო გუნდში თამაშის მიზნით იმყოფებოდა (აა) იპ ჩხოროწყუს სამსახურში, ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების ლიგაში მოთამაშე 14-დან 17 წლამდე ასაკის ქალ ფეხბურთელთა ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელ-მასწავლებლის – ა. ვ.-ს საცხოვრებელ ბინაში.
· 2018 წლის 23 მარტს დაბა ჩ.-ში, ი.-ის ქ. №, №-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ავტოფარეხში, ა. ვ.-მ სექსუალური ჟინის დაკმაყოფილებისა და 15 წლის მოზარდ ვ. კ.-სათვის სქესობრივი ლტოლვის გაღვიძების მიზნით მოსთხოვა მოფერება, რის შემდეგაც უხამსად მიიკრა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰყავდა მომწყვდეული. იგი უმსგავსოდ ეფერებოდა ვ. კ.-ს, რის შემდეგაც განაგრძო მასთან სექსუალურ თემებზე საუბარი და შესთავაზა სექსუალური ხასიათის მანიპულაციებში ჩართვა.
· იმავე დღეს ა. ვ. თავის საცხოვრებელ სახლში მარტო დარჩა ვ. კ.-ასთან, მოიხელთა იგი და განაგრძო მასთან ფიზიკური გარყვნილი ქმედებები, კერძოდ, ხელი ჩაუყო შარვალში, საცვლის ქვეშ და დუნდულოზე რამდენიმე წუთის განმავლობაში უხამსად ეფერებოდა, რის შემდეგაც მას დაუწყო სახეზე ალერსი, თან სთხოვდა, რომ მასთან ერთად წამოწოლილიყო დივანზე. აღნიშნულის შემდეგ ვ. კ.-მ გაითავისუფლა თავი, შევიდა სააბაზანოში, სადაც უკან მიჰყვა ა. ვ., ყელზე მოჰკიდა ხელი და რამდენჯერმე აკოცა ტუჩებში. ამ ხნის განმავლობაში იგი ასევე ესაუბრებოდა მას სექსუალური ხასიათის გარყვნილ თემებზე.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ს. ჯ. ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებასა და ა. ვ.-ს გამართლებას იმავე მოტივებით, რაზეც სააპელაციო საჩივარში იყო მითითებული.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა ა. ვ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე – უსაფუძვლოა. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ვ. კ.-მ თანმიმდევრულად და დამაჯერებლად დაადასტურა ა. ვ.-ს მიერ ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტი. დაზარალებულის ჩვენებასთან თანხვდენილია და მას ამყარებს აუდიო- ვიდეოჩანაწერის შინაარსი და მოწმე თ. მ.-ს ჩვენება. მოწმე ი. ბ.-მ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ დაზარალებული იყო ადეკვატური, დაკითხვისას ის თავისუფლად საუბრობდა, ამბობდა იმას, რაც განიცადა. ფონოსკოპიური ექსპერტიზისა და მოწმე ა. მ.-ს ჩვენების თანახმად, ჩანაწერი უწყვეტია, მასზე დაფიქსირებულია ა. ვ.-ს ხმა და არ აღინიშნება რაიმე სახის მონტაჟის კვალი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაზარალებულს არ მიუმართავს საგამოძიებო
ორგანოებისათვის და გამოძიება დაიწყო მისგან დამოუკიდებლად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულ ვ. კ.-ს ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი პალატას არ გააჩნია.
9. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
10. გარდა ამისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. №77აპ-17).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ვ.-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ.-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე