საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002482993
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №329აპ-20 ქ. თბილისი
მ. ნ., 329აპ-20 7 სექტემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი თამარ კერესელიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ნ. მ.-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენით ნ. მ., - დაბადებული …. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 25 აპრილიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ. და დაზარალებული პ. ხ. არიან ნათესავები. ნ. მ. იმავდროულად არის მ. მ.-ის ბიძა, ხოლო პ. ხ. - მ. მ.-ის მეუღლე. პ. ხ. და მ. მ., მათ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე. პ. ხ.-სა და მ. მ.-ს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ ინფორმირებული იყო ნ. მ., რის გამოც არაერთხელ უსაუბრია პ. ხ.-თან. 2018 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათისათვის, ნ. მ. და პ. ხ. ერთმანეთს შეხვდნენ თ.-ში, ვ.-ის მ.-ში, წ.-ის ქ. N….-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ისინი შელაპარაკდნენ. ნ. მ.-მ განიზრახა პ. ხ.-ის მოკვლა, ამოიღო დანა და ზურგის მხრიდან დაზარალებულ პ. ხ.-ს გულმკერდის ღრუში ჩაარტყა, რითაც მან მიიღო შემავალი ჭრილობა.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა ნ. მ.-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დააზუსტეს მოთხოვნა და იშუამდგომლეს ნ. მ.-ის დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ნ. მ.-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ნ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 25 აპრილიდან.
5. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა (მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენები საქმეზე N227აპ.-16 და N680აპ.-17); კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
6. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება ნათლად ადასტურებს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა მის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო დაზიანება, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, რა დროსაც ცალსახად დადგინდა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო აღნიშნული ქმედების განმახორციელებელი პირის/სუბიექტის დადგენის კუთხით ნათლად და უტყუარად გამოიკვეთა, რომ პირი, რომელმაც დაზარალებულს მიაყენა გულმკერდის უკანა ზედაპირზე დაზიანება, არის მსჯავრდებული ნ. მ.. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ ნ. მ.-ს ჰქონდა საკმაო დრო და საშუალება, რომ კიდევ მიეყენებინა ჭრილობა პ. ხ.-სათვის მისი მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში. დაზარალებულმაც ცალსახად დაადასტურა, რომ მისთვის ზურგის არეში ჭრილობის მიყენების შემდეგ ნ.-ს (მ.-ს) შეეძლო კიდევ ჩაერტყა დანა, ხელს არაფერი უშლიდა, თუმცა აღარ დაარტყა, ისე წავიდა. სასამართლოს აზრით, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ჭრილობის ლოკალიზაცია (გულმკერდის უკანა ზედაპირზე) ვერ გახდება ნ. მ.-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით დაკვალიფიცირების საფუძველი, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზი გამორიცხავს მსჯავრდებულის ქმედებაში დაზარალებულის მოკვლის განზრახვის არსებობას.
7. ამდენად, საკასაციო სასამართლო ნ. მ.-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას მართებულად მიიჩნევს და სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის საკმარის საფუძველს ნ. მ.-ის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებისათვის. აღნიშნული მტკიცებულებები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას პროკურორი და რასაც სასამართლოც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი გახდებოდა, ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე