საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.09.2020
საქმის ნომერი
2კ-347აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.09.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100118002312911

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №347აპ-20 ქ. თბილისი

ს–ე თ., 347აპ-20 1 სექტემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ს–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. პ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ს–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. პ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და თ. ს–ის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლზე, ხოლო ალტერნატივის სახით - სასჯელის შემსუბუქებას, შემდეგი მოტივებით: საქმეში არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, რომ თ. ს–ის ქმედების შედეგად ზიანი მიადგა კაზინო - შპს „..........“ და, ამდენად, მოცემულ საქმეზე იგი არ წარმოადგენს დაზარალებულს; ბრალდების მხარე ეყრდნობა მხოლოდ შპს „..........“ მოწოდებულ ინფორმაციას ზიანთან დაკავშირებით, ხოლო რაიმე ოფიციალური დოკუმენტი ჯეკპოტის გათამაშების პრინციპთან დაკავშირებით საქმეში არ მოიპოვება; დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა დადგენილი არ არის უტყუარი მტკიცებულებებით, არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა; დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დგინდება, რომ შპს „...........“ თ. ს–ის ქმედების შედეგად ფინანსური ზარალი არ მიუღია, რის შესაბამისადაც, არ არსებობს თაღლითობის ნიშნები; თ. ს–ის ქმედების შედეგად ზიანი მიადგათ მხოლოდ მოთამაშეებს, რომლებსაც უნდა მიეღოთ თ. ს–ის მიერ დაუფლებული თანხები, რაც წარმოადგენს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და არა - თაღლითობას; გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაშიც, მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული სასჯელი ძალიან მკაცრია და არ შეესაბამება სასჯელის მიზნებს, მსჯავრდებულის პიროვნების (არ არის ნასამართლევი), დანაშაულის აღირებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის მხედველობაში მიღებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით თ. ს–ე, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გაუქმდა თ. ს–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

თ. ს–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 8 იანვრიდან.

აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ს–მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით

თ. ს–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

თემურ სოფრომაძე 2015 წლის 1 ნოემბრიდან მუშაობდა შპს ,,....“, რომელიც ფლობს აზარტული და მომგებიანი თამაშების გამართვის ლიცენზიას. შპს ,,.....“ მიერ ორგანიზებულია ინტერნეტკაზინო და ინტერნეტტოტალიზატორი დომეინზე www.crystalbet.com. მომხმარებლების წახალისებისა და მოზიდვის მიზნით, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა აქციას და ბონუსს. ერთ-ერთი ასეთი წამახალისებელი ბონუსია ჯეკპოტი, რომელიც თამაშდება აზარტული თამაშების ყველა სახეობაში. ჯეკპოტის გათამაშება უნდა მომხდარიყო დღის იმ პერიოდში, როდესაც კონკრეტული სახეობის აზარტულ თამაშზე მომხმარებლის ყველაზე დიდი აქტივობა იყო და გათამაშების შემდეგ ჯეკპოტის საპრიზო ფონდიც თანაბრად უნდა განაწილებულიყო ყველა მოთამაშეზე. ჯეკპოტის გათამაშების ფუნქცია დაეკისრა თ. ს–ს, რომელსაც ჯეკპოტის გათამაშების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო დამოუკიდებლად, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე. თ. ს–მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გადაწყვიტა, საერთო მიზნითა და ერთიანი განზრახვით, მოტყუებით დაუფლებოდა შპს ,,.....“ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას www.crystalbet.com-ზე სხვადასხვა პირის მონაცემებით დარეგისტრირებული მომხმარებლების (იუზერების) გამოყენებით, მის მიერ წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით, რაც მდგომარეობდა შემდეგში: თ. ს–სა და სხვა პირებს 2016 წლის სექტემბრიდან კომპანიის მიერ ორგანიზებულ ონლაინსამაგიდო თამაშებში მონაწილეობის იმიტაციის მიზნით, ზემოაღნიშნული იუზერების ანგარიშებზე შემოჰქონდათ მინიმალური თანხები და ახდენდნენ ონლაინ თამაშებში მონაწილეობის იმიტაციას თ. ს–ის მიერ წინასწარ მითითებული იმ დროს, როდესაც მას უნდა გაეთამაშებინა ჯეკპოტი, რაც მხოლოდ მათთვის იყო ცნობილი და მიზნად ისახავდა ჯეკპოტის სახით გასათამაშებელი თანხის ნაწილის თაღლითურად დაუფლებას. ამ ხერხით დაუფლებული თანხები, გამოყენებული იუზერების ანგარიშებიდან, თემურ სოფრომაძის მითითებით, ირიცხებოდა სხვადასხვა პირის მიერ დამზადებულ, მის სარგებლობაში არსებულ საბარათე ანგარიშებზე, რასაც განკარგავდა საკუთარი შეხედულებით. აღნიშნული ქმედებით კომპანიას მიადგა დიდი ოდენობით - 1 208 981.84 ლარის ქონებრივი ზიანი.

3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენისააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ს–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ს–ამ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში თ. ს–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა და მისი ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ თ. ს–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ს–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულ თ. ს–ის სასიკეთოდ, კერძოდ: თ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვილი) წლით თავისუფლების აღკვეთა. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმემოიცავსსამართლებრივპრობლემას, რომლისგადაწყვეტაცხელსშეუწყობსსამართლისგანვითარებასა დაერთგვაროვანისასამართლოპრაქტიკისჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოსუზენაესსასამართლოსმანამდემსგავსსამართლებრივსაკითხზეგადაწყვეტილებაარმიუღია;

გ) საკასაციოსაჩივრისგანხილვისშედეგადმოცემულსაქმეზესავარაუდოამსგავსსამართლებრივსაკითხზესაქართველოსუზენაესისასამართლოსმანამდეარსებულიპრაქტიკისაგანგანსხვავებულიგადაწყვეტილებისმიღება;

დ) სააპელაციოსასამართლოსგადაწყვეტილებაგანსხვავდებამსგავსსამართლებრივსაკითხზესაქართველოსუზენაესისასამართლოსმანამდეარსებულიპრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციოსასამართლომსაქმეგანიხილამატერიალურიან/დასაპროცესოსამართლისნორმებისმნიშვნელოვანიდარღვევით, რასაცშეეძლოარსებითადემოქმედასაქმისგანხილვისშედეგზე;

ვ) სააპელაციოსასამართლოსგადაწყვეტილებაეწინააღმდეგებამსგავსსამართლებრივსაკითხზეადამიანისუფლებათადაძირითადთავისუფლებათადაცვისკონვენციასდაადამიანისუფლებათაევროპულისასამართლოსპრეცედენტულსამართალს;

ზ) კასატორიარასრულწლოვანიმსჯავრდებულია.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ უთითებს ისეთი სახის გარემოებებზე, რაც შესაძლოა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. დაზარალებულის წარმომადგენელ გიორგი მელიქიშვილის, მოწმეების - კ. გ–ის, ი. წ–ის, რ. მ–ის, მ. ხ–ის, ჯ. თ–ის, ლ. ნ–ის, ვ. უ–ის, ლ. ლ–ს, ლ. ი–ის, ა. გ–ის, გ. ე–ის, კ. მ–ის, დ. მ–ის, ლ. ლ–ის, ა. ო–ის, კ. ქ–ის, ა. ზ–ის, ს. გ–ის, ბ. ბ–ის, თ. ბ–ის, ი. ა–ს, თ. ბ–ის, ს. პ–ის, ნ. გ–ის, ი. პ–ის, ს. გ–ის, ბ. მ–ის, თ. გ–ის, მ. ლ–ის, ბ. გ–ის, ლ. ხ–ის, ა. წ–ის, გ. წ–ის, ბ. ნ–ის, ვ. ა–ის, მ. ც–ის, ნ. შ–ის, ნ. წ–ისა და სხვათა ჩვენებებით, თ. ს–ის ავტომანქანის, საცხოვრებელი ბინისა და სამუშაო ოთახის ჩხრეკის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, დათვალიერების ოქმებით, ჰაბიტოსკოპიური და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ თ. ს–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში კასატორი ამახვილებს ყურადღებას (მათ შორის - ქმედების კვალიფიკაციასა და მიყენებულ ზიანზე) და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.

8. რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო სასამართლომ თ. ს–სათვის სასჯელის შეფარდებისას სრულად გაითვალისწინა მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი (არაძალადობრივი ხასიათის დანაშაული), დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი, მისი პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება, ის, რომ მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნდა, არ არის ნასამართლევი და ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მას ერთი წლით შეუმსუბუქა სასჯელი, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. ს–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. პ–ის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ.თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი