საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #120100118002338292
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №135აპ-19 ქ. თბილისი
ს–ი ვ., 135აპ-19 2 ოქტომბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ს–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ბ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ. ს–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. ბ–მა. კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ვ. ს–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი მოტივებით:
სააღსრულებო წარმოების პროცესში კერძო აღმასრულებელს არ აღუწერია სადავო ქონება, შესაბამისად, არ შეუდგენია ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი და ეს ქონება მინდობილი პირისთვის არ გადაუცია; ვ. ს–ს აღმასრულებლისათვის უარი არ უთქვამს მანქანის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე და ვერც ეტყოდა, რადგან ვ. ს–მა თვითონაც არ იცოდა, თუ კონკრეტულად სად და რა მისამართზე იყო ა/მანქანა გაჩერებული, ვინაიდან ამ ა/მანქანით მოხდა ავარია და დამნაშავე მძღოლს იგი შესაკეთებლად ჰქონდა წაყვანილი; გარდა ამისა, აღმასრულებელმაც დაადასტურა, რომ მას არანაირი ოქმი არ შეუდგენია და ამდენად, ვ. ს–ის ქმედებაში არ იკვეთება სსკ-ის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები.
2. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი მამუკა ქომოშვილი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ვ. ს–ი, - დაბადებული ..... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათით.
გაუქმდა ვ. ს–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ს–მა ჩაიდინა აღწერილი ქონების დამალვა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 17 ნოემბერს ...........ში,.........ის ქ N...-ში მცხოვრებმა ვ. ს–მა სს „................“ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ისესხა 4800 ლარი, რის სანაცვლოდაც საბანკო დაწესებულებაში საგარანტიო ნივთად ჩადო თავისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ა/მანქანა, სახ. N – ........ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ვ. ს–მა დაარღვია საბანკო დაწესებულებასთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და აღარ იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხის თანხას, ასევე, აღმასრულებელს დაუმალა აღწერილი ქონების, კერძოდ, ა/მანქანა „მერსედესის“ ადგილმდებარეობა.
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ. ს–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. ბ–მა. აპელანტებმა საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6.საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ. ს–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმე დ. მ–ის ჩვენებით, მოწმე შ. შ–ის გამოკითხვის ოქმით, 2016 წლის 17 ნოემბრის N......... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, 2016 წლის 17 ნოემბრის N.......... გირავნობის ხელშეკრულებით მისი დანართისა და გირავნობის N ..... მოწმობით, 2018 წლის 23 იანვარს სს „.........“ მიერ გაცემული დავალიანების შესახებ ცნობითა და ანგარიშიდან ამონაწერით, 2016 წლის 15 მარტს სს „..........“ და კერძო აღმასრულებელ დ. მ–ს შორის გაფორმებული სააღსრულებო მომსახურების ხელშეკრულებით, კერძო აღმასრულებელ დ. მ–ის 2017 წლის 7 ნოემბრისა და 2017 წლის 15 ნოემბრის წერილებით, სააღსრულებო მოქმედების შესახებ 2017 წლის 14 ნოემბრისა და 2017 წლის 19 დეკემბრის ოქმებით, ავტომანქანა „მერსედეს ბენცი E- 320-ის“ დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება, რომ ვ. ს–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. ს–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ბ–ის საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი