საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.12.2020
საქმის ნომერი
2კ-286აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100115001148615

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №286აპ-19 ქ. თბილისი

ვ–ე მ., 286აპ-19 7 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი მარიამ ნიკოლაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მ. ვ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ვ–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 25 მაისს ქ ......ში, ..........ის ქუჩაზე მდებარე სასადილოში ზ. დ–ესა და მ. ვ–ს მოუხდათ უთანხმოება. მათმა დაპირისპირებამ გადაინაცვლა ქუჩაში, სადაც მ. ვ–მ ზ. დ–ეს მუშტი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც იგი წაიქცა და დაკარგა გონება. ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზ. დ–ის ჯანმრთელობის დაზიანება მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენით:

მ. ვ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 124-ე მუხლზე.

მ. ვ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.

მ. ვ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 25 მაისს ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე მ. ვ–მ ზ. დ–ეს ერთჯერადად დაარტყა მუშტი სახის არეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი წაიქცა და დაკარგა გონება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ზ. დ–ეს დაუდგინდა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მ. ვ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენი იგივე მოტივებით გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ბრალდების მხარის არგუმენტებზე სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება; საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული რაიმე ახალი გარემოების ან ფაქტის შესახებ, რაც საჭიროებს სასამართლოს მხრიდან შეფასებას; ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სხვა რომელიმე წინაპირობის არსებობა.

8. ზეაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე