საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119002793498
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№468აპ-19 ქ. თბილისი
კ–ი ზ., 468აპ-19 22 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ვლადიმერ ნარინდოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ვლადიმერ ნარინდოშვილმა. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით ცვლილების შეტანას, კერძოდ: ზ. კ–ის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლით, შემდეგი არგუმენტებით: განაჩენი უსამართლოა სასჯელის ნაწილში, რადგან არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, კერძოდ: ზ. კ–ის ქმედებას შედეგად, ჯამურად მოჰყვა 13 ადამიანის სხეულის დაზიანება, ამათგან სამი ადამიანის - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ხოლო ოთხი ადამიანის - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მათ შორის - ერთ-ერთ დაზარალებულ გ. –ს დასჭირდა ფეხის ამპუტაცია; ამდენად, მისმა ქმედებამ გამოიწვია განსაკუთრებით დიდი ზიანი, რომლის სრულყოფილად ანაზღაურება ფაქტობრივად შეუძლებელია, რასაც მსჯავრდებული არც ცდილობს; ამასთან, დაზარალებულებს - გ. –სა და ნ. ი–ს ზ. კ–ის მიმართ გააჩნიათ პრეტენზია, ვინაიდან მას არ აუნაზღაურებია მათთვის მიყენებული ზიანი.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით ზ. კ–ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ზ. კ–ს 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის ორგანოს.
მსჯავრდებულ ზ. კ–ს დაევალა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. კ–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და ოთხი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
ზ. კ–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 8 მაისს, დაახლოებით 12:50 საათზე, .............ის საავტომობილო გზის მე-16 კილომეტრზე, ........ის მიმართულებით „ვოლვოს“ მარკის ავტომობილით მოძრავმა ზ. კ–მა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსს, რომელსაც მართავდა ვ. ს–ე. შეჯახების შედეგად ორივე ავტომანქანა გადავარდა თხრილში. შემთხვევის შედეგად ნაკლებად მძიმე დაზიანებები მიიღეს ავტომანქანა „ვოლვოს“ მგზავრმა დ. კ–მა და მიკროავტობუს „მერსედესის“ მგზავრებმა - გ. კ–მ და ლ. ბ–მ, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს მანქანა „ვოლვოს“ მგზავრმა თ. თ–მა და მიკროავტობუს „მერსედესის“ მგზავრებმა - გ. ს–მა, ო. ც–მ და ნ. ი–მ.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გიორგი ზუბიაშვილმა. აპელანტმა საჩივრით ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ: ზ. კ–ისთვის ისეთი სასჯელის შეფარდება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ. კ–ისათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან, იმის გათვალისწინებით, რომ მან ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული, რომელიც აღიარა და მოინანია, წარსულში არ არის ნასამართლევი, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე სურს, რომ დაზარალებულ გ. ს–საც აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, რისი საშუალებაც მისი განმარტებით ჯერ არ ჰქონდა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. კ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 63-64-ე მუხლების მოთხოვნებს და ამდენად, არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ვლადიმერ ნარინდოშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი