საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002557067
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №129აპ-19 ქ. თბილისი
კ–ე დ., 129აპ-19 11 იანვარი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
პროკურორი დარიკო ვადაჭკორია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და დ. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. კ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 ივნისს, დილის საათებში, ............ში ..........ის ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დ. კ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს ბ. კ–ს და მეუღლის დედას რ. ლ–ს. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დ. კ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
დ. კ–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დ. კ–ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ დ. კ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, დ. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულმა ბ. კ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - მამის წინააღმდეგ.
8. რაც შეეხება დაზარალებულ რ. ლ–ის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, აღნიშნულით ირკვევა, რომ დ. კ–ს სიმთვრალეში ჩვევად ჰქონდა გინება, მან და ბ. კ–მ პატრულს მხოლოდ იმიტომ დაურეკეს, რომ იფიქრეს, ამით დ. კ–ე შეშინდებოდა და დამშვიდდებოდა, დ. კ–ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარას ადგილი არ ჰქონია, იგი არც ფიზიკური ანგარიშსწორებით დამუქრებია ვინმეს.
9. ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ არცერთ მოწმეს (ა. ბ–ა, ო. ხ–ი, რომლებიც წარმოადგენენ ირიბ მოწმეებს) არ დაუდასტურებია, რომ დ. კ–ე დაემუქრა თავის სიდედრს რ. ლ–ს; არც სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით და ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება დ. კ–ის მიერ მუქარის განხორციელების ფაქტი.
10. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს დ. კ–ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე