საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№180აპ-20 ქ. თბილისი
გ-ა რ-ნ, 180აპ-20 15 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე ს. ს-ის საოლქო პროკურატურის პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ-ნ გ-ას, –– ბრალად დაედო ცეცხლსასროლი იარაღის, მისი მაკომპლექტებელი დეტალისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში :
· რ-ნ გ-ა 2006 წლის 6 თებერვალს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს. ს-ის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზ-ის რ-ი ს-ოს კრიმინალური პოლიციის განყოფილების გამომძიებლის თანამდებობაზე. მ. რ-ას მიმართ სისხლის სამართლის №---------- საქმეზე შსს ზ-ის რ-ი ს-ოს კრიმინალური პოლიციის გამომძიებელმა პ. გ-ამ 2007 წლის 13 აპრილს ზ-ში, მარცხენა სანაპიროს ქუჩაზე მდებარე შპს სავაჭრო ცენტრ „მ. რ-აში“ არსებულ მ. რ-ას სამუშაო ოთახში განთავსებული სეიფიდან ამოიღო მ. რ-ას სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული „ვიკინგის“ სისტემის პისტოლეტი №EKA1833, 2 მჭიდი და 43 ვაზნა. მან 2007 წლის 21 აპრილს, პატაკის საფუძველზე, სისხლის სამართლის №---------- საქმე გამოსაძიებლად გადასცა საქართველოს შსს ზ-ის რ-ი ს-ოს კრიმინალური განყოფილების გამომძიებელ რ-ნ გ-ას. 2007 წლის 23 აპრილს რ-ნ გ-ამ შეადგინა ხელწერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ გამომძიებელ პ. გ-ასაგან ჩაიბარა ხსენებული „ვიკინგის“ სისტემის პისტოლეტი №EKA1833, 2 მჭიდი და 43 ვაზნა. იგი ამ ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა თავის სამუშაო ოთახში არსებულ სეიფში.
· 2008 წლის 4 ივნისს სისხლის სამართლის №---------- საქმეზე დამთავრდა გამოძიება და საბრალდებო დასკვნით წარიმართა სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ზემოთ მითითებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდები და ვაზნები არ იყო ცნობილი ნივთიერ მტკიცებულებად და, შესაბამისად, არ მიუთითებდა მ. რ-ას ბრალდების დამადასტურებელი რაიმე გარემოების შესახებ, რ-ნ გ-ამ არ დაუბრუნა ისინი კანონიერ მფლობელს. მას ნივთები არ დაუბრუნებია არც 2007 წლის 14 ივნისს ზ-ის რ-ი ს-ოს მიერ სისხლის სამართლის №---------- საქმეზე მ. რ-ას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგაც.
· 2007 წლის 26 ივლისს რ-ნ გ-ა დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს. ს-ის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზ-ის რ-ი ს-ოს კრიმინალური პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე-გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგაც რ-ნ გ-ას არ გადაუწერია ზემოთ მითითებული ნივთები რიგითი გამომძიებლისათვის.
· რ-ნ გ-ამ განიზრახა, დაუფლებოდა ზემოხსენებულ ნივთებს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. 2007 წლის 23 აპრილიდან 2007 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ქ. ზ-ში, გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ, მისაკუთრების მიზნით, იგი დაეუფლა მ. რ-ას კუთვნილ „ვიკინგის“ სისტემის №EKA1833 ცეცხლსასროლ იარაღს – პისტოლეტს, მის მაკომპლექტებელ დეტალს, 2 მჭიდსა და საბრძოლო მასალას – 43 ვაზნას.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით რ-ნ გ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დავით პაპავამ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და რ-ნ გ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ განაჩენი უკანონოა, მასში გადმოცემული დასკვნები არასწორად და არაობიექტურად არის შეფასებული; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია რ-ნ გ-ას ბრალეულობა.
5. მსჯავრდებული რ-ნ გ-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. შ. შესაგებლებით ითხოვენ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და ეჭვი სწორად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
9. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს ბრალმდებელი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ს-ის საოლქო პროკურატურის პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი