საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.12.2020
საქმის ნომერი
2კ-527აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№527აპ-20 ქ. თბილისი

ს-ე ო-ნ, 527აპ-20 3 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენით ო. ს-ე, –– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 7 აპრილიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ს-ემ ჩაიდინა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 30 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ო. ს-ემ თავისი მობილური ტელეფონით (--) დარეკა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112-ის“ სამსახურში და გადასცა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, სადაც განმარტა, რომ ქ. ბ-ში, ნ-ის ქ. №--ში მდებარე სასტუმრო „შ-ში“ განთავსებულ სამორინე „მ-ში“, არის ასაფეთქებელი მოწყობილობა „ბომბი“, რომელიც აფეთქდება 30 წუთში.

· ო. ს-ეს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სამორინე „მ-ას“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე მნიშვნელოვნად შეილახა მისი იმიჯი.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენით შეიცვალა: ო. ს-ეს ქმედება საქართველოს სსკ-ის 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის 1-ლ ნაწილზე და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 7 აპრილიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ს-ემ ჩაიდინა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ლევან მურვანიძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენის გაუქმებას, ო. ს-ეს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაიზიარა და მსჯავრდებულის ქმედება არასწორად დააკვალიფიცირა, ვინაიდან სააპელაციო პალატის განაჩენში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ ო. ს-ეს ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც დადგინდებოდა, იყო თუ არა მნიშვნელოვანი სამორინე „მშვიდობისათვის“ მიყენებული ზიანი.

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECtHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECtHR; 20.03.2009).

10. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი