საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115001087472
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №20აპ-19 ქ. თბილისი
ჭ–ა თ., 20აპ-19 2 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე პროკურორ ირაკლი მირცხულავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
პროკურორი ირაკლი მირცხულავა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, თ.; ჭ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ჭ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ესე იგი საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების გამოყენება თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2003 წლის 2 სექტემბერს დაარსდა შპს „.........“. საწარმოს დამფუძნებლები იყვნენ: პ. ნ–ე 49% წილით, თ. ჭ–ა - 49% წილით და ქ. რ–ე - 2% წილით. საწარმოს დირექტორი 2007 წლიდან 2014 წლის 5 ივნისამდე იყო თ. ჭ–ა, 2014 წლის 5 ივნისიდან 2014 წლის 16 სექტემბრამდე კი - ი. რ–ე. 2014 წლის 15 სექტემბერს შპს „.........ს“ 2% წილი თ. ჭ–ამ შეიძინა ქ. რ–სგან და გახდა შპს „.........ს“ 51% წილის მფლობელი და დირექტორი. შპს „.........ს“ გაკოტრებისა და ფაქტობრივად მის მფლობელობაში არსებული შპს „.............ათვის“ მოგების მიღების მიზნით, თ. ჭ–მ 2014 წლის 30 და 31 მაისს შპს „.........ს“ მიერ დილერებისათვის 10%-20% მარჟით მიწოდებული პროდუქცია დაიბრუნა უკან ისე, რომ არ მოუხდენია ტვირთის ტრანსპორტირება. იმავე დღეს ტვირთი ტრანსპორტირების გარეშე მიაწოდა შპს „.............“ 1,5% მარჟით, ხოლო შპს „.............“, თავის მხრივ, იმავე დღეს საქონელი მიაწოდა იმავე დილერებს იმავე ფასში, როგორც შპს „............ს“ ჰქონდა რეალიზებული. აღნიშნული ქმედებით შპს „ინტერტექნიკსმა“ დაკარგა 13 367 ლარის მისაღები მოგება და მოგება ნახა შპს „.............“. თ. ჭ–ს ქმედებით შპს „.............“ მიადგა 13 367 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენით თ. ჭ–ა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
განემარტა თ. ჭ–ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, თ. ჭ–ა გამართლდა მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა თ. ჭ–ს განზრახვა ემოქმედა შპს „.........ს“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ. ამასთან, თ. ჭ–ს მიერ 2014 წლის 30 და 31 მაისს შპს ,,.............“ მონაწილეობით განხორციელებული ტრანზაქციები უნდა შეფასდეს საწარმოს მართვის პროცესში დირექტორის მიერ მიღებულ ისეთ ბიზნეს გადაწყვეტილებად, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე გამართლებულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.
8. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ შპს „ი.........ში“ თემატური შემოწმების ჩატარების შედეგად 2015 წლის 17 ივლისს გაცემული ცნობით დგინდება შემდეგი: შპს „.............“ დილერებისათვის მიწოდებული 127 979 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ღირებულების 217 ცალი დასახელების საყოფაცხოვრებო ტექნიკა 2014 წლის 30-31 მაისს დაბრუნებული აქვს უკან, რომელიც იმავე დღეს 114 610 (დღგ-ს ჩათვლით) მიწოდებული აქვს შპს „.........ზე“, ხოლო შპს „.............“ ზ/აღნიშნული საქონელი მიწოდებული აქვს იმავე დღეს იმავე დილერებზე. ამდენად, შპს „.........ს“ მიერ დილერებიდან უკან დაბრუნებული და შპს „...........ზე“ მიწოდებული საქონლის ღირებულებებს შორის სხვაობამ შეადგინა 13 367 ლარი (127 979-114 610), თუმცა მოცემული ექსპერტიზის დასკვნით (და არც სხვა მტკიცებულებით) არ დგინდება, რომ მითითებული სხვაობა კომპანიის ფინანსური/მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს. უფრო მეტიც, მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით დგინდება, რომ კომპანიას გააჩნდა ფინანსური სახსრების რამდენიმე მილიონიანი ბრუნვა. ამასთან, ზემოაღნიშნული სხვაობის ნაწილთან დაკავშირებით სხვაობა დაანგარიშდა პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მისაღები შესაძლო მოგების (შემოსავლის) ფარგლებში და არა პროდუქციის კომპანიის შესაძენი ღირებულების ოდენობასთან მიმართებით დადგენილი სხვაობით, რის გამოც საქონლის ღირებულებებს შორის დადგენილი სხვაობა სასამართლომ ვერ შეაფასა მნიშვნელოვან ზიანად, რითიც გამოირიცხება საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით პირის ქმედების კავლიფიკაციისათვის იმპერატიულად განსაზღვრული ერთ-ერთი პირობის - მნიშვნელოვანი ზიანის - არსებობა, რაც კიდევ ერთხელ გამორიცხავს თ. ჭ–ს ბრალეულობს მისთვის წარდგენილი ბრალდებაში.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ ირაკლი მირცხულავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე