განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140141121004277399
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №317I -21 თბილისი
ბ–ა ჯ., 317I -21 12 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქმის მასალების მიხედვით: გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენით ჯ. ბ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით, დამატებით სასჯელად კი დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი; ჯ. ბ–ს სასჯელი აეთვალა 2019 წლის 7 მარტიდან.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით - 1260 საათით და იგი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2019 წლის 30 დეკემბერს.
3. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოდან - თბილისის პრობაციის ბიუროდან გორის რაიონულ სასამართლოში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს პირადი საქმე.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს გაუნახევრდა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა - 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 1 წელი და 3 თვე ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით; გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ. ბ–მ, რომელიც ითხოვს განჩინების შეცვლასა და, იმის მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლომ მხოლოდ პირობითი მსჯავრი შეუმცირა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მისთვის შეფარდებულ რეალურ სასჯელზე გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.
3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: იმის გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი იყო ჯ. ბ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის აღსრულების ყველა წინაპირობა მას უნდა განახევრებოდა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 1 წელი და 6 თვე განსაზღვრული ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი, ჩათვლილი ჰქოდა პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით და უნდა შეფარდებოდა - 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 9 თვე უნდა განსაზღვროდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 2 წელი უნდა ჩათვლოდა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, მაგრამ, იმის მხედველობაში მიღებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან მიიღოს მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის საჩივრის საფუძველზე და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებას მსჯავრდებულისათვის დადგენილი პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის ნაწილში, როდესაც ნაცვლად 2 წლის პირობითი მსჯავრისა და 2 წლის გამოსაცდელი ვადისა, განესაზღვრა - 1 წელი და 3 თვე - პირობითად, 1 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით, საუარესოდ ვერ შეაბრუნებს, საამისოდ აუცილებელი საპროცესო საფუძვლის არარსებობის გამო.
3. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ ჯ. ბ–ს ასევე არ შეუმცირა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოუხდელი ნაწილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეცვლილი ჰქონდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით - 1260 საათით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მართებულად გავრცელების შემდეგ, როდესაც ჯ. ბ–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად უნდა განესაზღვროს - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ეს სასჯელი ფაქტობრივად მოხდილი აქვს და იგი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოკვეთილია საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება;
3. ჯ. ბ–ს გაუნახევრდეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე მისჯილი ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩათვლილი ჰქოდა პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით და განესაზღვროს - 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 9 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 1 წელი და 3 თვე ჩაეთვალოს პირობითად, 1 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით;
4. ჯ. ბ–ა გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისაგან;
5. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი