დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №324I -21 თბილისი
ხ-ი გ-ი, 324I -21 19 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ისა და მისი ადვოკატ თ. ხ-ის საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის მარტში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გორის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ხ-ის პირადი საქმე.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განჩინებით მსჯავრდებული გ. ხ-ი, - დაბადებული -- წელს, - „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით), ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით გ. ხ-ისათვის საბოლოოდ დადგენილი სასჯელი დარჩა უცვლელად.
3. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ხ-მა და მისმა ადვოკატმა თ. ხ-მა, რომლებიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით გ. ხ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის განახევრებას, ვინაიდან გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელისგან ამავე სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე გათავისუფლების შემდეგ გ. ხ-ი ნასამართლობის არმქონედ ითვლება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენთან მიმართებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულის ადვოკატ თ. ხ-ის მოთხოვნასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ გ. ხ-ი გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელისაგან გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გ. ხ-ის გათავისუფლება არ ნიშნავს მის გამართლებასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით დადგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროისათვის ნასამართლობის არქონას.
3. ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. ხ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ. ხ-ისა და მისი ადვოკატ თ. ხ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ხ-ისა და მისი ადვოკატ თ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი