საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.09.2021
საქმის ნომერი
2კ-330აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.09.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100120003827034

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№330აპ-21 ქ. თბილისი

ს–ი რ., 330აპ-21 2 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და რ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა; კასატორის მტკიცებით, მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - რ. ბ–მ, ე. ბ–მ და ა. გ–მ დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და ზედმიწევნით აღწერეს დაზარალებულების მონათხრობი რ. ს–ს ძალადობასთან დაკავშირებით; საქმეში მოიპოვება საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმი, რომელიც დამოუკიდებელ მტკიცებულებად შეეძლო გამოეყენებინა სასამართლოს; არასრულწლოვანმა დაზარალებულებმა - ნ. და რ. ს–ებმა და მოწმე - ს. ს–მ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენებები სასამართლოს, თუმცა არ უარუყვიათ რ. ს–ს ბრალეულობა; სასამართლომ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას სათანადოდ არ შეაფასა დაზარალებულების ქცევა, რომლებიც თავდაპირველად ნებაყოფლობით გამოცხადდნენ პოლიციაში, მისცეს რ. ს–ს მამხილებელი ჩვენებები, მონაწილეობდნენ ყველა საგამოძიებო და საპრცესო მოქმედებაში და იყვნენ მოტივირებულნი, რათა ხელი შეეწყოთ ობიექტური გამოძიებისათვის, თუმცა მოგვიანებით შეიცვალეს პოზიცია, რადგან არიან შეშინებულნი და მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებას სწორედ მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავენ.

2. გამართლებულ რ. ს–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. მ–ე საკასაციო შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. ს–ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ორი პირის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

ü 2020 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ .......ში, ს–ების ოჯახის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის აივანზე, ნასვამმა რ. ს–მ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მარჯვენა ხელის ყელზე ძლიერად მოჭერით იძალადა არასრულწლოვან შვილზე - ნ. ს–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2018 წლის მაისიდან 2020 წლის 23 ივლისის დროის შუალედში, რ. ს–ი სისტემატური შეურაცხყოფითა და დამცირებით ფსიქოლოგიურად ძალადობდა არასრულწლოვან შვილებზე - ნ. და რ. ს–ებზე, რის შედეგადაც დაზარალებულები განიცდიდნენ ტანჯვას.

ü 2020 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ .....ში, ს–ების ოჯახის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის აივანზე, ნასვამმა რ. ს–მ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მარჯვენა ხელი ყელზე ძლიერად მოუჭირა არასრულწლოვან შვილს - ნ. ს–ს და ძალადობის მომენტში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. რ. ს–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით.

5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 დეკემბრის განაჩენით რ. ს–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და რ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება რ. ს–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, რადგან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა რ. ს–ს ბრალეულობა; რ. ს–სათვის შერაცხული ქმედების თვითმხილველებიდან, ერთი მხრივ, თავად რ. ს–მ გამოიყენა დუმილის უფლება, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება შეფასდეს, როგორც მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო, მეორე მხრივ, დაზარალებულებმა - ნ. და რ. ს–ებმა და მოწმე ს. ს–მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულებისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ან/და მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში მითითებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა მტკიცებულებებიდან: მოწმეების - რ. ბ–ს, ე. ბ–სა და ა. გ–ს ჩვენებები, მათი შინაარსიდან გამომდინარე, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით არის ირიბი, ვინაიდან ეფუძნება სხვა პირთა მონათხრობს და ვერ დაედება საფუძვლად რ. ს–ს მსჯავრდებას; აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების თანახმად, ნ. და რ. ს–ებს სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რამე ნიშნები არ აღენიშნებოდათ, ხოლო სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით - ნ. და რ. ს–ების სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევების შედეგების მიხედვით, რ. ს–ს ქმედებებით არასრულწლოვნები ფსიქოლოგიურ ტანჯვას არ განიცდიდნენ. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა რ. ს–ს ბრალეულობა.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი