საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№578აპ-21 ქ. თბილისი
თ-ი ვ-ი, 578აპ-21 1 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ვ. თ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2020 წლის 6 მარტიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. თ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 5 მარტს, დაახლოებით 13:00 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ი-ს ცენტრში მდებარე ფ. გ-ის კუთვნილი მაღაზიის წინ, ვ. თ-მა ურთიერთშელაპარკებისას, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, კ. ი-ს გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენჯერმე დაარტყა დანა და მიაყენა ჭრილობები, მათ შორის – სიცოცხლისათვის სახიფათო ორი ჭრილობა, შემავალი გულმკერდისა და მუცლის არეში. დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. თ-ის ადვოკატმა მ. ბ-ემ. მან მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და ვ. თ-ის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე, რადგან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით აშკარად გამოიკვეთა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
5. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი ონისე თუთისანი შესაგებლით ითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები – №58აპ-15, №399აპ-14), ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის – დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2020 წლის 5 მარტისა და 6 მარტის ამოღებით ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 26 მარტის №- დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ ვ. თ-მა ჩაიდინა კ. ი-ის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
9. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ვ. თ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ ამ სასამართლომ საფუძვლიანად დაასაბუთა მსჯავრდებულის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დადგენილი სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობის ელემენტების არსებობა (მიყენებული დაზიანებების მდებარეობა და რაოდენობა, ვითარება, რომელშიც დაზიანებები იქნა მიყენებული და ა.შ.). მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ კ. ი-ს დაზიანებები დანით სწორედ ვ. თ-მა მიაყენა.
10. იმის დასადგენად, გადასცილდა თუ არა პირის მოქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, პირველ რიგში უნდა გაირკვეს, იმყოფებოდა თუ არა იგი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და მხოლოდ ამის შემდეგ დადგება დაცვის მართლზომიერების ფარგლების განსაზღვრის აუცილებლობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე დაკითხული დაზარალებულის – კ. ი-ისა და მოწმე ზ. ქ-ას ჩვენებებით, დაზარალებულის აქტიური როლი შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებში გამოიხატა მხოლოდ ვ. თ-ის დაძახებაში, რაც არ შეიძლება შეფასდეს, როგორც რეალური და იმწუთიერი საფრთხე, რომელიც ვ. თ-ს შეუქმნიდა ხელმყოფის მოსაგერიებლად მოქმედების აუცილებლობას. ამის შემდეგ მათ დაიწყეს ჩხუბი და ორივე ერთმანეთს აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რა დროსაც ვ. თ-მა დაზარალებულს სამჯერ დაარტყა დანა (როგორც განაცხადა კ. ი-მა). სწორედ მესამე დარტყმის შემდეგ, როცა დაჭრილ კ. ი-ს ძალა გამოეცალა, ვ. თ-მა ლოგიკურად მიიჩნია, რომ კ. ი-ის სიკვდილი მიღწეული იქნებოდა და ამის გამო შეწყვიტა დანით დაზიანებების მიყენება. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს მსჯავრდებულის სურვილზე, მომხდარი უთანხმოებიდან გამომდინარე, კ. ი-ისათვის მოესპო სიცოცხლე და ცალსახად გამორიცხავს მსჯავრდებულის მიერ თავდასხმის მოგერიებასა და, შესაბამისად, უკიდურესი თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნას.
12. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და გასცა დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
13. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე