საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1009აპ-21 ქ. თბილისი
ი-ე ა-მ, 1009აპ-21 17 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ელიზავეტა დურგლიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ი-ეს ბრალი დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.
2. აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 23:15 საათზე, ქ. ა-ში, თ-ისა და დ-ის ქუჩების გადაკვეთის ადგილზე, -- წელს დაბადებული ა. ი-ე, მთვრალი, მოძრაობდა ავტომანქანა „მერსედეს ბენცით“ (სახელმწიფო ნომერი -), რა დროსაც ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ავტომანქანა „მერსედეს ბენცს“ (სახელმწიფო ნომრით -), რომელსაც მართავდა -- წელს დაბადებული ა. თ-ი. შეჯახების შედეგად ავტომანქანა „მერსედეს ბენცის“ (სახელმწიფო ნომრით -) მგზავრმა, -- წელს დაბადებულმა ა. მ-მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენით ა. ი-ე, –– გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; მასვე განემარტა, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ელიზავეტა დურგლიშვილი ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ა. ი-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და კანონიერი, ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით.
6. გამართლებული ა. ი-ე შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელად.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №72აპ-20, №1401აპ-08, №56კოლ-05), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. ამასთან, მხარეებმა ვერ მიუთითეს იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად ვერ დადგინდა, თუ ვინ მართავდა ავტომანქანა „მერსედეს ბენცს“ (სახელმწიფო ნომერი -) ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს. ქიმიური ექსპერტის 2017 წლის 22 მარტის №- დასკვნის მიხედვით, ზემოაღნიშნული ავტომანქანის მძღოლის სავარძლიდან დაქტილოფირებით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის ა. ი-ის ქურთუკისა და ნუგზარ ინასარიძის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოს მსგავსი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება, ხოლო იმავე ავტომანქანის მძღოლის სავარძლიდან დაქტილოფირებით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის აღმოჩენილი ლურჯი ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკები კონკრეტულად დატოვებულია თუ არა ა. ი-ის ჯინსის შარვლის ქსოვილიდან, დადგენა შეუძლებელია. მოწმეების – გ. და ლ. კ-ების, ა. თ-ის ჩვენებებითა და დაზარალებულ ა. მ-ის განმარტებით, მათ არ დაუნახავთ, თუ ვინ მართავდა ავტომობილს, რომელიც მათ ავტომანქანას შეეჯახა. პატრულ-ინსპექტორები და გამომძიებელი შეჯახების მომენტს არ შესწრებიან. რაც შეეხება ზვიად ზარიძის ჩვენებას, რომ მან ცეზარ ინასარიძისაგან შეიტყო, რომ ავტომანქანას ა. ი-ე მართავდა, იგი არ არის გამყარებული სხვა, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით და, შესაბამისად, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, თანახმად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებისა. ამდენად, სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა. ი-ის ბრალეულობას.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №296აპ-14).
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ („ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ელიზავეტა დურგლიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე