ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141322005385767
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№111-22 16 მარტი, 2022 წელი
ბ-ი გ, 111-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - გოჩა ქორაიას
ადვოკატ - თ. ბ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით გ. ბ, - დაბადებული .... წელს, ნასამართლობის არმქონე, - დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 წლითა და 3 თვით. განაჩენის თანახმად, მას სასჯელის მოხდა უნდა დასწყებოდა დაკავების მომენტიდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინებით ადვოკატ თ. ბ-ს შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებისა და სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ბ-მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. ადვოკატი ითხოვს განჩინების გაუქმებასა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათის მსჯავრდებულ გ. ბ-ზე გავრცელებას.
3.1. წარმოდგენილი საჩივრის თანახმად, სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, ჰიპოტეტურად მიიჩნია, რომ კანონის გამოყენების შემდეგ მოპოვებული დაზარალებულის თანხმობა არ წარმოადგენს ,,ამნისტიის კანონის“ ხელმეორედ გავრცელების საფუძველს. სასამართლომ უარის თქმის საფუძვლად აგრეთვე ის გარემოება მიუთითა, რომ დაცვის მხარეს არ ჰქონდა უფლება, სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიემართა და ეს მხოლოდ პროკურატურის პრეროგატივა იყო. დაცვის მხარემ განცხადებით მიმართა ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურას და სთხოვა სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვა. პროკურორი ადვოკატს ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა და განუმარტა, რომ დაცვის მხარეს უნდა მიემართა სასამართლოსათვის.
4. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე ადვოკატმა თ. ბ-მა მხარი დაუჭირა საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
5. პროკურორმა გოჩა ქორაიამ მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის საჩივარს და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.
2. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 წლითა და 3 თვით. ვინაიდან იმ დროისათვის დაზარალებულმა ი. დ-მ უარი განაცხადა გ. ბ-ს სასჯელისგან გათავისუფლებაზე მსჯავრდებულს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მხოლოდ ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი. აღნიშნულის შემდეგ, დაცვის მხარემ წარმოადგინა 2021 წლის 17 დეკემბრით დათარიღებული, დაზარალებულ ი. დ-ს ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი, რომლითაც ირკვევა, რომ მას სრულად აუნაზღაურდა დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი და იგი თანახმაა, მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი და სრულად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინებით ადვოკატ თ. ბ-ის შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ამნისტიის კანონის ამოქმედებისა და განაჩენის გამოტანიდან 8 წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, დაზარალებულის თანხმობის წარმოდგენა არ ქმნის მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის ხელახლა გავრცელების საფუძველს, რამდენადაც მსგავსი შესაძლებლობა მოცემული კანონით არ არის გათვალისწინებული. ამასთან, ამავე კანონის მიხედვით, ძებნილ მსჯავრდებულებზე ამნისტიის გავრცელების შესახებ სასამართლოს მიმართავს საქართველოს პროკურატურა და არა მსჯავრდებულის ადვოკატი (როგორც ეს მოხდა განსახილველ შემთხვევაში).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნულ არგუმენტებს საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება, ვინაიდან:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლი ადგენს, რომ პირი, რომელმაც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი თავისი არსით ჰუმანიზმის პრინციპზეა დამყარებული.
5. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით გ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მხოლოდ ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი (ვინაიდან იმ ეტაპისთვის დაზარალებულმა ი. დ-მ უარი განაცხადა მისი სასჯელისგან გათავისუფლებაზე), ხოლო აღნიშნულის შემდეგ, დაცვის მხარემ წარმოადგინა 2021 წლის 17 დეკემბრით დათარიღებული, დაზარალებულ ი. დ-ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, იმავე ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 23-ე მუხლით დადგენილი ვადები, მოცემულ საქმეში არ უნდა განიმარტოს სიტყვა-სიტყვით, ვიწრო მნიშვნელობით და გ. ბ-ს მიმართ უნდა გავრცელდეს ხსენებული ამნისტიის კანონით დადგენილი შეღავათი. რაც შეეხება მომართვაზე უფლებამოსილ პირს, საკასაციო სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ ადვოკატმა მართლაც აცნობა პროკურატურას დაზარალებულის თანხმობის მოპოვების თაობაზე და სთხოვა, სასამართლოსათვის მიმართვა, თუმცა მას სიტყვიერად განემარტა, რომ მისი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა. მსგავს შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვა დაცვის მხარისათვის არ უნდა გახდეს დამაბრკოლებელი გარემოება მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ინტერესების დასაცავად (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის, №101-22 გადაწყვეტილება).
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მსჯავრდებული გ. ბ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინება გაუქმდეს:
3. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული გ. ბ. გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი