დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802222005465679
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№14I-22 28 მარტი, 2022 წელი
ქ. გ., 14I-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - გ. ქ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. მ-სა და მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ. ქ-ს მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2021 წლის 24 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების კოლუმბიის ოლქის სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა დიდი ფედერალური შემადგენლობის გადაწყვეტილებით დამტკიცდა საბრალდებო დასკვნა, რომლის თანახმად, გ. ქ-ს ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულების ჩადენაში: აშშ-ის კოდექსის მე-18 კარის მე-2, 1349-ე, 1343-ე, 1344 (2)-ე ნაწილებით (შეთქმულება საბანკო თაღლითობის ჩადენის მიზნით და საბანკო თაღლითობის ჩადენა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაული (საბრალდებო დასკვნის პირველი პუნქტი); აშშ-ის კოდექსის მე-18 კარის მე-2 და 1344 (2)-ე ნაწილებით (საბანკო თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაული (საბრალდებო დასკვნის 2-5 პუნქტები); აშშ-ის კოდექსის მე-18 კარის მე-2, 1029 (a) (2)-ე და (c) (1) (A )(i) ნაწილებით (თაღლითობა წვდომის საშუალებების გამოყენებით, ჩადენილი ნებისმიერი ერთი წლის განმავლობაში, როდესაც მიღებული შემოსავალი შეადგენს - 1000 აშშ დოლარს ან მეტს) გათვალისწინებული დანაშაული (საბრალდებო დასკვნის 6-8 პუნქტები); აშშ-ის კოდექსის მე-18 კარის მე-2, 1029 (a) (3) და (c) (1) (A) (i) ნაწილებით (თაღლითობა წვდომის საშუალებების გამოყენებით, როდესაც პირი ფლობს სისტემაზე უნებართვო წვდომის თხუთმეტ ან მეტ საშუალებას და დანაშაული გავლენას ახდენს შტატებს შორის ან საგარეო ვაჭრობაზე) გათვალისწინებული დანაშაული (საბრალდებო დასკვნის 9-11 პუნქტები); აშშ-ის კოდექსის მე-18 კარის 1028 A (c) ნაწილითა და მე-18 კარის 1028 A (a) (1), 1028 A (b) და 1028 A (c) (4) და (5) ნაწილებით (პირადი მონაცემების ქურდობა დამამძიმებელ გარემოებებში, ამ დანაშაულის ჩადენის დროს და მასთან დაკავშირებით) გათვალისწინებული დანაშაული (საბრალდებო დასკვნის 12-15 პუნქტები).
2021 წლის 24 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების საოლქო სასამართლოს კოლუმბიის ოლქის სასამართლომ გამოსცა გ. ქ-ს დაკავების ორდერი.
2021 წლის 9 სექტემბერს გ. ქ-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის არხებით.
2. ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოებიდან მიღებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულების ფაქტობრივი გარემოებები გამოიხატა შემდეგში:
2012 წლიდან 2021 წლის ივნისამდე პერიოდში ინტერნეტში მოქმედებდა ,,S-ის” ონლაინ პლატფორმა, რომელზეც წარმოებდა ავტორიზაციისთვის საჭირო მოპარული იმ მონაცემებით უკანონო ვაჭრობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდებოდა ფინანსური დაწესებულებების, ონლაინ საგადასახადო სერვისების მიმწოდებლებისა და საცალო ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლების ონლაინ ანგარიშებზე უკანონო წვდომა. ,,S-ს” პლატფორმა საშუალებას აძლევდა პირებს, მისი მეშვეობით გაეყიდათ ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემები და მასთან დაკავშირებული პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია (სახელი და გვარი, სოციალური დაცვის ნომერი, საბანკო ანგარიშის ნომერი, ონლაინ ანგარიშის მომხმარებლის სახელი, პაროლი და სხვა), ხოლო გადახდილი თანხები მიეღოთ ,,S-ის”, როგორც შუამავლის, მეშვეობით. ,,S-ის” ადმინისტრატორები და მოვაჭრეები ერთობლივი ძალისხმევით, უკანონოდ ეწეოდნენ ზემოხსენებული ინფორმაციით ვაჭრობას, რისთვისაც ადმინისტრატორები გაწეული მომსახურებისთვის იღებდნენ წილის სახით გარკვეულ საფასურს მათ პლატფორმაზე წარმოებული გაყიდვებიდან.
დაახლოებით 2012 წლის დეკემბერში გ. ქ., დანაშაულებრივი საქმიანობის წარმართვის მიზნით, დარეგისტრირდა ,,S-ის” პლატფორმაზე და შექმნა ანგარიში მეტსახელით ,, ”, ხოლო 2021 წლის მარტში დაირქვა მეტსახელი - ,, “. შემდგომში, დაახლოებით 2016 წლის მაისიდან, სულ მცირე, 2021 წლის მაისამდე პერიოდში, პლატფორმის ადმინისტრატორებთან ერთობლივი საქმიანობით, გ. ქ. აღასრულებდა დანაშაულებრივ სქემას აშშ-ში მდებარე ბანკებისა და კომპანიის ანგარიშებზე ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემებისა და პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების გზით, მოგვიანებით მათი პლატფორმაზე უკანონოდ რეალიზაციისა და ერთობლივი სარგებლის მიღების მიზნით. დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში გ. ქ-მ გაყიდა - 300 000-ზე მეტი ანგარიშის უკანონოდ მოპოვებული ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემი და პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია.
ამასთან, გ. ქ. და პლატფორმის ადმინისტრატორები ვაჭრობისას, თანხების განკარგვის მიზნით, იყენებდნენ ციფრულ ვალუტა - ბიტკოინს. კერძოდ:
საბრალდებო დასკვნის პირველი პუნქტის თანახმად, 2016 წლის მაისიდან, სულ მცირე, 2021 წლის მაისამდე პერიოდში, გ. ქ. შეგნებულად და ნებაყოფლობით ჩაერთო დანაშაულებრივ საქმიანობაში ,,S-ის” ადმინისტრატორებთან ერთად, რის ფარგლებშიც უკანონოდ მოიპოვა და ისარგებლა ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემებითა და მასთან დაკავშირებული პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაციით, რომელიც დაკავშირებული იყო აშშ-ში მდებარე A, B, C, D ბანკების ანგარიშებთან, E კომპანიის ონლაინ გადახდისა და აგრეთვე სხვა ანგარიშებთან. დროის დასახელებულ მონაკვეთში ,,S-ის” ადმინისტრატორები ემსახურებოდნენ, რეკლამას უწევდნენ და უზრუნველყოფდნენ პლატფორმის გამართულ ფუნქციონირებას, რაც გ. ქ-ს საშუალებას აძლევდა პლატფორმის საკუთარ გვერდზე, ელექტრონულად განეთავსებინა და წარმატებით გაეყიდა უკანონოდ მოპოვებული მონაცემები და ინფორმაცია, რომელიც შემდგომში მყიდველებმა გამოიყენეს დაახლოებით - 5 286 712.69 აშშ დოლარის თაღლითური ტრანზაქციების განხორციელებაში. ამასთან, ,,S-ის” პოლიტიკის შესაბამისად, ადმინისტრაციამ დაიტოვა გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის პროცენტული წილი ბიტკოინის სახით, ხოლო დარჩენილი შემოსავალი ჩაურიცხა გ. ქ-ს. მაგალითად: 2016 წლის მაისიდან 2018 წლის მარტამდე დროის პერიოდში, მომხმარებლებმა გ. ქ-საგან შეიძინეს მონაცემები და ინფორმაცია, რომელშიც გადაიხადეს - 389 709.33 აშშ დოლარზე მეტის ღირებულების ბიტკოინი. ამავე პერიოდში გ. ქ-მ დასახელებული პლატფორმის საკუთარი ანგარიშიდან გამოიტანა - 184 554.04 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი.
საბრალდებო დასკვნის 2-5 პუნქტების თანახმად, 2016 წლის მაისიდან 2021 წლის მაისამდე პერიოდში, გ. ქ-მ აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ტერიტორიაზე შეგნებულად განახორციელა ზემოაღნიშნული თაღლითური დანაშაულებრივი გეგმა და ,,S-ის” პლატფორმის საშუალებით მიღებული თანხის სანაცვლოდ გაყიდა ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემები ან/და პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია, რომლებიც დაკავშირებული იყო აშშ-ში მდებარე A, B, C და D ბანკების ონლაინ ანგარიშებთან, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა მითითებული ბანკების ანგარიშებზე თაღლითური წვდომა.
საბრალდებო დასკვნის 6-8 პუნქტების თანახმად, 2016 წლის ივლისიდან 2016 წლის დეკემბრამდე, 2017 წლის 3 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე და 2018 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრამდე პერიოდებში, გ. ქ-მ აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ტერიტორიაზე შეგნებულად განახორციელა სისტემაზე უნებართვო წვდომის ერთი ან მეტი საშუალებით ვაჭრობა ასობით კომპანიის, A და C ბანკებისა და მომსახურების სხვა მიმწოდებლებთან დაკავშირებულ ონლაინ ანგარიშებზე წვდომის მიზნით, რაც წარმოადგენს ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემებს, მომხმარებლის სახელისა და პაროლის ჩათვლით. მითითებული მონაცემების რეალიზაციის შედეგად, საბრალდებო დასკვნის დასახელებული თითოეული პუნქტის შესაბამისად, ერთ წელზე ნაკლები დროის პერდიოში, გ. ქ. დაეუფლა - 1 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების შემოსავალს.
საბრალდებო დასკვნის 9-11 პუნქტების თანახმად, დაახლოებით 2017 წლის 20 იანვრის, 2017 წლის 17 თებერვლისა და 2018 წლის 3 მარტის პერიოდებისთვის, გ. ქ-ს A და C ბანკების და სხვა მრავალი პროვაიდერის ონლაინ ანგარიშებზე წვდომის მოსაპოვებლად, საკუთარ სარგებლობაში თაღლითური მიზნით გააჩნდა სისტემაზე უნებართვო წვდომის 15 ან მეტი საშუალება, რაც წარმოადგენს ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემებს, მომხმარებლის სახელისა და პაროლის ჩათვლით. მითითებულ სისტემაზე უნებართვო წვდომის საშუალებების მოპოვებამ გავლენა იქონია შტატებს შორის და საერთაშორისო ვაჭრობაზე.
საბრალდებო დასკვნის 12-15 პუნქტების თანახმად, 2018 წლის 12 თებერვლიდან 2019 წლის 19 სექტემბრამდე პერიოდში, აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ტერიტორიაზე, გ. ქ-მ შეგნებულად, სათანადო ნებართვის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა და გაასხვისა 4 პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემები) იმ ონლაინ ანგარიშებისთვის, რომლებიც მრავალ კომპანიასთან იყო დაკავშირებული.
3. გ. ქ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2021 წლის 8 ოქტომბერს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს (აშშ) შორის გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია გ. ქ-ს ექსტრადიციის თაობაზე.
2021 წლის 15 ოქტომბერს გ. ქ. ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
2021 წლის 16 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით გ. ქ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით.
2021 წლის 18 ნოემბერსა და 22 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გ. ქ-ს ექსტრადიციის თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
2022 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით გ. ქ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა - 3 თვით, 6 თვემდე - 2022 წლის 15 აპრილამდე.
ამჟამად გ. ქ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
4. 2022 წლის 7 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა გ. ქ-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია 2021 წლის 24 აგვისტოს საბრალდებო დასკვნაში და დასჯადია: აშშ-ის კოდექსის მე-18 კარის მე-2, 1349-ე, 1343-ე, 1344 (2)-ე ნაწილებით (შეთქმულება საბანკო თაღლითობის ჩადენის მიზნით და საბანკო თაღლითობის ჩადენა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით; საბრალდებო დასკვნის პირველი პუნქტი); აშშ-ის კოდექსის მე-18 კარის მე-2 და 1344 (2)-ე ნაწილებით (საბანკო თაღლითობა; საბრალდებო დასკვნის 2-5 პუნქტები); აშშ-ის კოდექსის მე-18 კარის მე-2, 1029 (a) (2) და (c) (1) (A) (i) ნაწილებით (თაღლითობა წვდომის საშუალებების გამოყენებით, ჩადენილი ნებისმიერი ერთი წლის განმავლობაში, როდესაც მიღებული შემოსავალი შეადგენს - 1 000 აშშ დოლარს ან მეტს; საბრალდებო დასკვნის 6-8 პუნქტები); აშშ-ის კოდექსის მე-18 კარის მე-2, 1029 (a) (3) და (c) (1) (A) (i) ნაწილებით (თაღლითობა წვდომის საშუალებების გამოყენებით, როდესაც პირი ფლობს სისტემაზე უნებართვო წვდომის თხუთმეტ ან მეტ საშუალებას და დანაშაული გავლენას ახდენს შტატებს შორის ან საგარეო ვაჭრობაზე; საბრალდებო დასკვნის 9-11 პუნქტები); აშშ-ის კოდექსის მე-18 კარის 1028 A (c) ნაწილითა და მე-18 კარის 1028 A (a) (1), 1028 A (b) და 1028 A (c) (4) და (5) ნაწილებით (პირადი მონაცემების ქურდობა დამამძიმებელ გარემოებებში, ამ დანაშაულის ჩადენის დროს და მასთან დაკავშირებით; საბრალდებო დასკვნის 12-15 პუნქტები).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი:
გ. ქ-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია 2021 წლის 24 აგვისტოს საბრალდებო დასკვნაში და დასჯადია: აშშ-ის კოდექსის მე-18 კარის მე-2, 1349-ე, 1343-ე, 1344 (2)-ე ნაწილებით (შეთქმულება საბანკო თაღლითობის ჩადენის მიზნით და საბანკო თაღლითობის ჩადენა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით; საბრალდებო დასკვნის პირველი პუნქტი); აშშ-ის კოდექსის მე-18 კარის მე-2 და 1344 (2)-ე ნაწილებით (საბანკო თაღლითობა; საბრალდებო დასკვნის 2-5 პუნქტები); აშშ-ის კოდექსის მე-18 კარის მე-2, 1029 (a) (2) და (c) (1) (A) (i) ნაწილებით (თაღლითობა წვდომის საშუალებების გამოყენებით, ჩადენილი ნებისმიერი ერთი წლის განმავლობაში, როდესაც მიღებული შემოსავალი შეადგენს - 1 000 აშშ დოლარს ან მეტს; საბრალდებო დასკვნის 6-8 პუნქტები); აშშ-ის კოდექსის მე-18 კარის მე-2, 1029 (a) (3) და (c) (1) (A) (i) ნაწილებით (თაღლითობა წვდომის საშუალებების გამოყენებით, როდესაც პირი ფლობს სისტემაზე უნებართვო წვდომის თხუთმეტ ან მეტ საშუალებას და დანაშაული გავლენას ახდენს შტატებს შორის ან საგარეო ვაჭრობაზე; საბრალდებო დასკვნის 9-11 პუნქტები); აშშ-ის კოდექსის მე-18 კარის 1028 A (c) ნაწილითა და მე-18 კარის 1028 A (a) (1), 1028 A (b) და 1028 A (c) (4) და (5) ნაწილებით (პირადი მონაცემების ქურდობა დამამძიმებელ გარემოებებში, ამ დანაშაულის ჩადენის დროს და მასთან დაკავშირებით; საბრალდებო დასკვნის 12-15 პუნქტები).
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განჩინება გაასაჩივრეს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - გ. ქ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. მ-მა და მ. ჩ-მა, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განჩინების გაუქმებასა და გ. ქ-ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგი საფუძვლებით: გ. ქ. თავშესაფრის მაძიებელი პირია და მისი ექსტრადიცია დაუშვებელია, რადგან გადაწყვეტილება, რომლითაც მას უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, გასაჩივრებულია სასამართლოში და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია; აშშ-ს მიერ მოწოდებული მასალები არ არის საკმარისი იმის დასადგენად, რატომ აქვს გ. ქ-ს წარდგენილი ბრალდება, რომელიც, თავის მხრივ, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს; სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ საქართველოს პროკურატურას გააჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის 26 მარტიდან ხორციელდებოდა დანაშაული და გამოძიების არდაწყებით შექმნა ხელოვნული პირობა გ. ქ-ს ექსტრადიციისათვის; სასამართლომ აშშ-ში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ რელევანტური კვლევებით ვერ დაასაბუთა სათანადოდ, რომ ექსტრადიციის მომთხოვნი მესამე სახელმწიფო არის უსაფრთხო; ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს გ. ქ-ს ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი, რადგან აშშ-ს სამართალდამცავების მხრიდან მისით დაინტერესება, მაღალი ალბათობით, რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედებებს უკავშირდება, რაც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - გ. ქ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. მ-სა და მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
8. ბრალდების მხარემ წარმოადგინა თავისი პოზიცია დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება, ხოლო დაცვის მხარემ - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გ. ქ-ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გ. ქ. 2021 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მათ მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. კასატორების მიერ სადავოდ გამხდარ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:
5. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, გ. ქ. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება არც საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, რადგან არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს. სასამართლოში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ გ. ქ-მ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით. 2021 წლის 21 ნოემბერს მას უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, რაც გაასაჩივრა სასამართლოში. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობა არ აფერხებს ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტას, მაგრამ „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, დაუშვებელია ექსტრადიციაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები საქმეებზე: №304I-21; №444I-21; №402I-21). ამასთან, გ. ქ. არ არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე და ითვლება რუსეთის ფედერაციის მოქალაქედ, რაც საქართველოში თავშესაფრის ძიებისა და საერთაშორისო დაცვის მინიჭების შემთხვევაშიც კი არ აბრკოლებს ექსტრადიციას მესამე უსაფრთხო სახელმწიფოში, რაც ერთობლივად შეფასებისას ცხადყოფს, რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და ამავე კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები.
6. კასატორების მითითებაზე გ. ქ-სათვის წარდგენილი ბრალდებების არასათანადო დასაბუთებასა და მესამე ქვეყანაში სხვა მიზნით მის შესაძლო ექსტრადიციასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ექსტრადიციის დასაშვეობის საკითხის განხილვისას, სასამართლო არ აფასებს პირის ბრალეულობის საკითხს და ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები საქმეებზე: №402I-21; №453I-21). სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია (მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი, მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს ექსტრადიციის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს) არ ადგენს ექსტრადიციის შუამდგომლობის განმხილველი სახელმწიფოსთვის პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებას. აღსანიშნავია, რომ ამ ვალდებულებას არ ითვალისწინებს არც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 2021 წლის 20 სექტემბერს გაფორმებული ერთობლივი დეკლარაცია, რომლის მე-5 პუნქტი დეტალურად განსაზღვრავს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ექსტრადიციის შუამდგომლობასთან ერთად წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სრულად არის წარმოდგენილი. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი იმ შემთხვევაში ადგენს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილებას, თუ უცხო სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდება ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამდენად, დამატებით შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომლის წარმოდგენის ვალდებულებაც აქვს ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოს და რომელიც აუცილებელია ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა არ ხდება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ ექვემდებარება შეფასებას საექსტრადიციო პროცედურის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორმა სახელმწიფომ სრულად მოაწოდა საქართველოს ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაცია და დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროება არ გამოკვეთილა. აღსანიშნავია, რომ ვერც კასატორები უთითებენ და არც საქმის მასალებით დგინდება გ. ქ-ს აშშ-ში რაიმე სხვა მიზნით შესაძლო ექსტრადიცია, რისი მხედველობაში მიღებითაც, კასატორების მტკიცება ამ ნაწილშიც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). საკასაციო სასამართლო მიუთითებს: დადგენილია, რომ გ. ქ-ს ექსტრადიცია მოთხოვნილია იმ ბრალდებების გამო, რომლებზეც აშშ-ს სასამართლოებს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ, ხოლო, მეორე მხრივ, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის საქართველოში სისხლის სამართლის პროცესი არც მიმდინარეობდა და არც მიმდინარეობს. შესაბამისად, გ. ქ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის პრინციპები.
8. რაც შეეხება ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია, წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე. „მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ კი გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა, რომ შეიძლება გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no.8139/09, §259, ECtHR, 17/01/2012). ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლებების „აშკარა“ დარღვევა იმდენად მძიმე შემთხვევებს მოიცავს, რომ იგი ბევრად მეტს გულისხმობს, ვიდრე მარტივი პროცესუალური დარღვევებია ან სასამართლო პროცესის დროს პროცედურული გარანტიების შეზღუდული ფორმით არსებობაა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება №5I-21; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მაისის განჩინება №26I-20). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე სახის დამაჯერებლი ინფორმაცია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევაზე ან ამგვარ საფრთხეზე მიუთითებდა.
9. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005). აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარში მითითებულია გ. ქ-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და წამების, არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობის საფრთხეებზე, მაგრამ გაცხადებული საფრთხეების არსებობა ან/და რეალურობა არ არის გამყარებული კონკრეტული დამადასტურებელი მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დადებული დეკლარაციის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გაცემულ გარანტიას სპეციალობის წესის დაცვისა და ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების, საქართველოს თანხმობის გარეშე, მესამე სახელმწიფოსთვის გადაცემის დაუშვებლობის შესახებ და მიიჩნევს, რომ არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შემთხვევაში გ. ქ. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, ან არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხე.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი გ. ქ-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია, მის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - გ. ქ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. მ-სა და მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი