საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120004198184
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №145აპ-22 ქ. თბილისი
ფ-ი გ, 145აპ-22 8 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ცოტნე ცერცვაძისა და მსჯავრდებულ გ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. შ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ფ-ს წარედგინა ბრალდება, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 19 აგვისტოს, ქ. ფ-ი შპს ,,გ-ნ“ შპს ,,.....-ის“ დირექტორმა გ. ფ-ა შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 820 000 ლარად ღირებული ფილტრიანი სიგარეტი, აქციზური მარკის გარეშე.
2020 წლის 2 სექტემბერს გაფორმების ეკონომიკურმა ზონამ ,,ფ-ა“ გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,თ-ის“ დანიშნულებით გამოწერა აღრიცხვის მოწმობა, რომლის თანახმადაც, გ. ფ-ს 2020 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით აღნიშნული ფილტრიანი სიგარეტი მისი კუთვნილი ,,რენაულტის“ მარკის სატრანსპორტო საშუალებით, სახელმწიფო ნომრით: ...., ქ. ფ-ან უნდა გადაეზიდა თ-ს მიმართულებით.
2020 წლის 2 სექტემბრიდან 2020 წლის 8 ოქტომბრამდე გ. ფ-ა 820 000 ლარად ღირებული, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ფილტრიანი სიგარეტი, აქციზური მარკის გარეშე შეინახა, გადაზიდა და მოახდინა მისი რეალიზაცია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით:
გ. ფ-ი, - დაბადებული .... წლის ... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
გ. ფ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 8 ოქტომბრიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ფ-ა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა და გადაზიდვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 19 აგვისტოს, ქ. ფ-ი შპს ,,გ-ან“ შპს ,,....-ის’’ დირექტორმა გ. ფ-ა შეიძინა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 820 000 ლარად ღირებული ფილტრიანი სიგარეტი, აქციზური მარკის გარეშე.
2020 წლის 2 სექტემბერს გაფორმების ეკონომიკურმა ზონამ ,,ფ-ა“ გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,თ-ის“ დანიშნულებით გამოწერა აღრიცხვის მოწმობა, რომლის თანახმადაც, გ. ფ-ს 2020 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით აღნიშნული ფილტრიანი სიგარეტი მისი კუთვნილი ,,რენაულტის“ მარკის სატრანსპორტო საშუალებით, სახელმწიფო ნომრით: ...., ქ. ფ-ნ უნდა გადაეზიდა თ-ის მიმართულებით.
2020 წლის 2 სექტემბრიდან 2020 წლის 8 ოქტომბრამდე გ. ფ-ა 820 000 ლარად ღირებული აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ფილტრიანი სიგარეტი, აქციზური მარკის გარეშე შეინახა და გადაზიდა.
ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არ მოიპოვებოდა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ფ-ს მიერ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტს; შესაბამისად, გ. ფ-ს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაცია და ამ ნაწილში გამართლდა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. შ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენში გ. ფ-ის მიმართ შევიდა ცვლილება:
გ. ფ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციაში.
გ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვასა და გადაზიდვაში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ფ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
გ. ფ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 8 ოქტომბრიდან.
5. კასატორმა - საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ცოტნე ცერცვაძემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულ გ. ფ-ის საუარესოდ და მის მიმართ გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გაუქმება.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, მსჯავრდებულ გ. ფ-ს სახელმწიფოსათვის მიყენებული აქვს ზიანი - აქციზის, იმპორტისა და დღგ-ს გადასახდელების სახით, რის გამოც მის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული ამნისტიის კანონი. ამასთან, მიყენებული ზიანი მსჯავრდებულს არ აუნაზღაურებია. სასამართლოს მიერ გ. ფ-ის მიმართ რეალიზაციის ფაქტის ამორიცხვა არ გულისხმობს იმას, რომ მოცემულ საქმეში ზიანი არ იკვეთება.
6. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ფ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. შ-ა მოითხოვა გ. ფ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, მიიღო სწორი და მართებული გადაწყვეტილება (ამნისტიის გამოყენების თაობაზე), ზემოაღნიშნული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა სრული სამართლებრივი საფუძველი, რომ გ. ფ-ის მიმართ გამოეტანა გამამართლებელი განაჩენი.
7. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
9. გ. ფ-ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა და გადაზიდვა):
დაცვის მხარის მითითებას, რომ საქმეში არ არსებობს გ. ფ-ის მიერ სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში ნათლად მიუთითა როგორც მსჯავრის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, ისე - მათ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ ხასიათზე, კერძოდ:
მოწმეების - მ. ს-ის, დ. გ-ა და ბ. ძ-ს ჩვენებებით ცალსახად დგინდება ფაქტი, რომ გ. ფ-ა შპს „გ-ან“ შეიძინა სასაწყობო რეჟიმში არსებული 400 ყუთი ,,PRIVATE POINT-ის“ დასახელების უაქციზო სიგარეტი.
დ. გ-ს ჩვენებით დადასტურებულია ისიც, რომ გ. ფ-ა მათი შპს-სგან თითო კოლოფი უაქციზო სიგარეტი 0.22 ცენტად შეიძინა (სულ 400 ყუთი) და საქონლის ღირებულება - 44 000 აშშ დოლარი გადაიხადა ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით. აღნიშნულის შემდეგ გამოიწერა შესაბამისი დოკუმენტაცია და შეძენილი საქონელი საბაჟო დეკლარაციით გადაეწერა შპს „...-ს.“ ამასთან, გ. ფ-ი გაფრთხილებული იყო, რომ აღნიშნული სიგარეტი იმპორტის მიზნით არ იყო შემოტანილი და მხოლოდ რეექსპორტს ექვემდებარებოდა.
ბ. ძ-ს ჩვენებით დადგინდა, რომ გ. ფ-ა შპს „გ-ან“ შეძენილი ,,PRIVATE POINT-ის“ დასახელების 400 ყუთი უაქციზო სიგარეტი 2020 წლის 2 სექტემბერს ,,RENAULT-ის“ სატვირთო ავტომანქანით, ძარაზე მიბმული კონტეინერით (ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით: ...., კონტეინერი №PCIU 2578810), რომელსაც თავად მართავდა, გაიტანა საბაჟო საწყობის ტერიტორიიდან, რის შესახებაც გაფორმდა შესაბამისი დოკუმენტაცია.
მოწმე თ. კ-ს ჩვენებით დგინდება, რომ „RENAULT-ის“ მარკის სატვირთო ავტომანქანა მისგან 4 000 დოლარად შეიძინა გ. ფ-ა.
მოწმეთა ჩვენებებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები სრულად შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ წერილობითი სახის მტკიცებულებებს, კერძოდ:
2020 წლის 12 აგვისტოს განცხადების მიღების №1964229 ბარათის თანახმად დგინდება, რომ გ. ფ-ა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და დაჩქარებული წესით ითხოვა შპს ,,....-ის“ რეგისტრაცია.
შპს ,,პ....-ის“ წესდების თანახმად კი დგინდება, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,პ....-ის“ (რომლის საქმიანობის სფეროდ განისაზღვრა თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობა და დისტრიბუცია) დამფუძნებელი (100% წილით) და დირექტორი იყო საქართველოს მოქალაქე - გ. ფ-ი;
2020 წლის 2 სექტემბრის საქონლის გადატვირთვის შესახებ აქტის თანახმად, ავტომანქანაში - სახელმწიფო ნომრით ...., კონტეინერის №PCIU 2578810, ჩაიტვირთა ,,PRIVATE POINT-ის“ სიგარეტის 400 ყუთი, წონით 5,270 კგ, რასაც დაედო საბაჟო ლუქი №G4158027, აქტს ხელს აწერს ბ. ძ-ა.
ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე დადასტურებულია, შპს ,,მ-ან’’ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმითა და ვიდეოჩანაწერით, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით: .... - კონტეინერის №PCIU 2578810 - ჩაიტვირთა ,,PRIVATE POINT-ის“ დასახელების უაქციზო სიგარეტის 400 ყუთი, წონით 5,270 კგ, რასაც დაედო საბაჟო ლუქი №G4158027 და გ. ფ-ის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო მანქანა ,,PRIVATE POINT-ის“ დასახელების უაქციზო სიგარეტით დატვირთული 2.09.2020 წელს, 16:53:46 საათზე ტოვებს საბაჟოს საწყობს და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფ-ს“ ტერიტორიას.
2020 წლის 2 სექტემბრის აღრიცხვის №D32401 მოწმობის თანახმად დგინდება, რომ 2020 წლის 2 სექტემბერს გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფ-ა“ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის .... (სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი ....) საფუძველზე, შპს „პ...-ის“ (ს/ნ ....) მიერ შპს ,,გ-ან“ შეძენილი - საქონლის საბაჟო დეკლარაციით 11113/C6715 საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი - ფილტრიანი სიგარეტი (400 ყუთი, 5270 კგ), გადაამისამართა გაფორმების ეკონომიკური ზონა „თ-ს“ დანიშნულებით და გამოცხადების ბოლო ვადად განისაზღვრა - 2020 წლის 4 სექტემბერი.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის №21-10/125543 წერილის თანახმად - საქონლის საბაჟო დეკლარაციით 11113/C6715 საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი - ფილტრიანი სიგარეტი (400 ყუთი, წონით 5270 კგ) და სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადდა დანიშნულების საბაჟო ორგანოში (ეკონომიკური ზონა „თ-ი“), რის შესახებაც ეცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-იდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით და 2020 წლის დეკემბრის მომართვების თანახმად დგინდება - გ. ფ-ა და მის მიერ მართული „RENAULT-ის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით: ....) გადაადგილების ტრაექტორია 1.09.20-8.10.20 წლამდე პერიოდში, მათ შორის ავტომანქანის გადაადგილება ფიქსირდება 3.09.20 წლის 02:04:34 საათზე თ-ს შემოვლით გზაზე, მ-ის გადასახვევი 27კმ-ზე; შემდეგ 3.09.20 წლის 19:50:05 საათზე და იგი გადაადგილდება წითელი ხიდის მიმართულებით (ავტომანქანა მოძრაობს უწყვეტ რეჟიმში), ბოლოს სატვირთო ავტომანქანის გადაადგილება ფიქსირდება: 3.09.20 წლის 21:55:20 საათზე მ-ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ო-ის მიმდებარედ და 3 სექტემბრის შემდგომ აღნიშნული ავტომობილის მოძრაობა არ ფიქსირდება.
ამასთან, 2020 წლის 10 დეკემბრის სასაქონლო ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, შესაფასებელი 200 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის ,,PRIVATE POINT-ის“ დასახელების მთლიანი საბაზრო ღირებულება, 2020 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით, შეადგენს 820000.00 ლარს (დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ლ. ხ-ა).
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები უტყუარად ადასტურებს მსჯავრდებულ გ. ფ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას - განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვასა და გადაზიდვას; ზემომიმოხილული საქმის მასალები ერთობლივად მიუთითებენ და ქმნიან ფაქტობრივ გარემოებათა ლოგიკურ ჯაჭვს, რომლითაც დასტურდება, რომ:
შპს ,,გ-ან“ შპს ,,....ის“ დირექტორმა გ. ფ-ა შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 820 000 ლარად ღირებული ფილტრიანი სიგარეტი, აქციზური მარკის გარეშე. 2020 წლის 2 სექტემბერს გაფორმების ეკონომიკურმა ზონამ ,,ფ-ა“ გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,თ-ის“ დანიშნულებით გამოწერა აღრიცხვის მოწმობა, რომლის თანახმადაც, გ. ფ-ს 2020 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით აღნიშნული ფილტრიანი სიგარეტი მისი კუთვნილი ,,რენაულტის“ მარკის სატრანსპორტო საშუალებით, სახელმწიფო ნომრით: ...., ქ. ფ-ნ უნდა გადაეზიდა თ-ის მიმართულებით, თუმცა, 2020 წლის 2 სექტემბრიდან 2020 წლის 8 ოქტომბრამდე გ. ფ-ა 820 000 ლარად ღირებული აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ფილტრიანი სიგარეტი, აქციზური მარკის გარეშე შეინახა და გადაზიდა.
ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მოცემულ დასკვნას ეწინააღმდეგება, არის თავად მსჯავრდებულის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, გ. ფ-ა, მართალია, არ უარყო უაქციზო სიგარეტის შეძენის ფაქტი, მაგრამ მიუთითა, რომ მას სატვირთო ავტომანქანა, დატვირთული უაქციზო სიგარეტით, გზაში მოჰპარეს. მსჯავრდებულმა ქურდობის ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა, რადგან შეეშინდა, საქონელი არ განადგურებულიყო და დაკარგული ავტომანქანისა და საქონლის მოძებნა საკუთარი ძალებით გადაწყვიტა, თუმცა - უშედეგოდ. მისთვის ცნობილი იყო ვალდებულების თაობაზე, რომლის თანახმადაც, შეძენილი - აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ფილტრიანი სიგარეტი (უაქციზო სიგარეტი), ქ. ფ-ან - გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფ-ნ“ მხოლოდ თ-ის მიმართულებით - გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,თ-ი’’ უნდა გადაეზიდა და დაესაწყობებინა 2020 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული ჩვენება არ შეიძლება გახდეს პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის საფუძველი, რადგან, ერთი მხრივ, მსჯავრდებულის ჩვენების შინაარსი აჩენს გარკვეული სახის კითხვებს, რომლებზეც პასუხის გაცემა, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ არის შესაძლებელი, ხოლო, მეორე მხრივ, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს გ. ფ-ს მსჯავრდების უტყუარობას, კერძოდ: საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ არც გამოძიების სტადიაზე და არც სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს გ. ფ-ს ჯეროვნად და დამაჯერებლად არ აუხსნია - რატომ არ შეატყობინა მანქანის მოპარვის ფაქტი შესაბამის ორგანოებს და თუ რამ განაპირობა საკუთარი ძალებით მანქანის მოძებნის მცდელობა, მაშინ, როდესაც დაკისრებული ვალდებულებები, კანონის მოთხოვნები, გაცემული ნებართვის შინაარსი და ვადა, მისთვის ცნობილი იყო. საქმის მასალებით არ იკვეთება რაიმე დაუძლეველი სახის გარემოება, რომელმაც გ. ფ-ს ობიექტურად შეუშალა ხელი აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისი ორგანოსათვის მიწოდებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას გ. ფ-ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ჩადენის თაობაზე (ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით) და ამავე ბრალდებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ამორიცხვაზე (საკასაციო პალატაში ამ უკანასკნელ ნაწილზე საჩივარი არ შემოსულა).
საკასაციო სასამართლო დამატებით უთითებს, რომ დაცვის მხარეს საკასაციო საჩივარში არ დაუსახელებია არცერთი ახალი ფაქტი ან/და არგუმენტი, რაც სააპელაციო პალატას არ განუხილავს და არ დაუსაბუთებია. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის - გ. ფ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის, - დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
10. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელება მსჯავრდებულ გ. ფ-ის მიმართ:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-12 მუხლით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. ფ-ის მიმართ შეფასდეს დანიშნული სასჯელის (6 წლით თავისუფლების აღკვეთის) განახევრების მართებულობის საკითხი, საქმეში უნდა იკვეთებოდეს შემდეგ გარემოებათა ერთობლიობა:
გ. ფ-ის ქმედება ჩადენილი უნდა იყოს 2020 წლის 11 დეკემბრამდე, იგი არ უნდა იყოს ნასამართლევი და დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი უნდა იყოს ანაზღაურებული.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, გ. ფ-ა ბრალად წარდგენილი ქმედება 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინა და ამასთან, იგი არ არის ნასამართლევი.
რაც შეეხება მესამე წინაპირობას (რომელსაც სადავოდ ხდის ბრალდების მხარე), კერძოდ, ზიანის ანაზღაურების საკითხს, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, აღნიშნავს იმას, რომ დაზარალებულად ცნობილი მოცემულ საქმეში არავინ ყოფილა, ხოლო, მეორე მხრივ, ყურადღებას მიაქცევს თავად წარდგენილი ბრალდების შინაარსს, რომელშიც დადგენილად ზიანი და მისი ოდენობა გამოკვეთილი არ არის. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განაჩენში მართებულად მიუთითა, რომ მოცემული საქმიდან ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე შპს ,,....-ის“ მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდების ფაქტზე, ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
საკასაციო პალატა ხსენებულ დადგენილებასთან მიმართებით დამატებით გამოყოფს, რომ მასში კონკრეტულად არის მითითებული - დეკლარირებული ფილტრიანი სიგარეტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემთხვევაში, იმპორტის გადასახადის (16 598 ლარი), აქციზის გადასახადისა (679 000 ლარი) და დღგ-ის (150 104.32 ლარი) ოდენობა. შესაბამისად, განსაზღვრულია, რომ საქონლის უკანონო განკარგვის შემთხვევაში ბიუჯეტს მიადგებოდა 845 702.32 ლარის ზიანი. დადგენილებაში აგრეთვე აღნიშნულია შპს ,,....-ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ კონკრეტულ დავალიანებაზე.
ზემოაღნიშნულის მსგავს კონკრეტიკას ზიანთან მიმართებით არ შეიცავს გ. ფ-ის ბრალდების შესახებ დადგენილება, რომელშიც ასახული ფაქტობრივი გარემოებები წარმოადგენს სასამართლოს განსახილველ და შეფასების საგანს, მათ შორის - მიყენებული ზიანის გაანალიზების კონტექსტში.
მაშასადამე, მოცემულ პირობებში, გ. ფ-ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების დამაბრკოლებელი გარემობა არ იკვეთება და საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენს.
11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ცოტნე ცერცვაძისა და მსჯავრდებულ გ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. შ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი