საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340100119003338606
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №308აპ-22 ქ. თბილისი
ღ. ლ. 308აპ-22 9 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ღ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ლ. ღ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 10:25 საათზე, ლ–ს რაიონის სოფელ ც–ში ლ. ღ–ი მართავდა „ფოლკსვაგენის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით ........) ავტომობილს, რა დროსაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, მანევრის შესრულებისას არ დარწმუნდა, რომ საფრთხეს არ შეუქმნიდა საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეს, ჩართო მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი და გაჩერდა სავალ ნაწილზე. იმავე დროს მის უკან მოძრავმა გ. გ–მ, რომელიც მართავდა „იამაჰას“ მარკის სახელმწიფო ნომრით ..... მოტოციკლს, გადაასწრო მის წინ მიმავალ „ვაზ-2107-ის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით .... ავტომობილს და როდესაც „ფოლკსვაგენის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით ......) ავტომობილს მიუახლოვდა, ლ. ღ–მ დაიწყო მოხვევის მანევრი, რა დროსაც მას შეეჯახა გ. გ–ს მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლი. შეჯახების შედეგად, გ. გ–მ მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის განაჩენით ლ. ღ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2 000 ლარი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ღ–ს ადვოკატმა ზ. ბ–ი, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. ადვოკატის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის ძალაში დატოვება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. კასატორის მტკიცებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გათვალისწინებით ლ. ღ–ი უნდა გამართლდეს მისთვის წარდგენილ ბრალდებაში; სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნა, თუმცა არ დაუსაბუთებია, რატომ უარყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის მიერ გაცემული დასკვნა; კასატორის მტკიცებით დაზარალებული მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით, არ დაიცვა დისტანცია, სათანადო წესით არ შეეცადა მოხვევის მანევრის განხორციელების პროცესში მყოფი ავტომანქანის გვერდის არიდებას; კასატორი სადავოდ ხდის დაზარალებულის ჩვენების სარწმუნოობას.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას.
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეი წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ლ. ღ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011).
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ლ. ღ–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ გ. გ–ს, მოწმეების - ვ. ვ–სა და ნ. დ–ს ჩვენებებით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 21 დეკემბრის დასკვნით, ბენზინგასამართი სადგურიდან ამოღებულ გარე სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თანდართული ნახაზით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ. ღ–ს მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
12. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერზე, ფოტოსურათებზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე თანდართულ ნახაზთან ერთად, ხოლო, მეორე მხრივ - თავად მსჯავრდებულის ჩვენებაზე, რომლის თანახმად, მან მანევრის შესრულებამდე გაიხედა მანქანის სარკეში, რათა დარწმუნებულიყო, რომ არ უქმნიდა საფრთხეს უკან მომავალ სატრანსპორტო საშუალებებს და სარკეში დაინახა 15-20 მეტრში მოძრავი მუქი ფერის ,,ვაზ 2107“; წინა საბურავებით უკვე გადასული იყო მოხრეშილ ნაწილზე, როდესაც ავტომანქანის უკანა მარცხენა კარზე შეეჯახა მოტოციკლეტი, რომლის მძღოლმაც მიიღო დაზიანებები. ვიდეოჩანაწერით, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის N...., .... და იმავე ექსპერტის (ექსპერტი: ა. ღ–ი) მიერ ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის N.... ექსპერტიზის დასკვნებით, ისევე როგორც კომისიური ექსპერტიზის ფარგლებში ამავე დეპარტამენტის მიერ გაცემული ავტოტექნიკური ექსპერტიზის N.... დასკვნითაც (ექსპერტი: ი. ს–ე) დადგენილია, რომ ლ. ღ–ს მოცემულ საგზაო პირობებში არაფერი უშლიდა ხელს დაენახა მის უკან და მარცხნივ ღერძულა ხაზთან მოძრავი მოტოციკლეტი; მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის დარღვევას, რომლის დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. სასამართლოში დაკითხვისას ექსპერტმა ი. ს–მ განმარტა, რომ ლ. ღ–ი უნდა დარწმუნებულიყო, რომ მოხვევის მანევრით არ შეუქმნიდა საფრთხეს როგორც თანმხვედრი, ასევე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეს; მანევრის დაწყებამდე იგი ვალდებული იყო გაეხედა როგორც უკან, ასევე გვერდით; აღნიშნულ სიტუაციაში მას არ უნდა დაეწყო მანევრი მარცხნივ და მისი მანევრი უნდა ჩაითვალოს არასწორად.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, მათ შორის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის N.... დასკვნასაც, რომ მოცემულ შემთხვევაში მოტოციკლის მძღოლმა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით - თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ლ. ღ–ს მიერ მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევასა და შესაბამისად, მის ბრალეულობას. მითუფრო, როგორც ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა გ. გ–ს გზის ამ მონაკვეთში დაშვებული - 30 კმ/სთ - სიჩქარით რომც ემოძრავა, ტექნიკური თვალსაზრისით, შეჯახების თავიდან აცილებას მაინც ვერ შეძლებდა.
14. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 31-ე პუნქტის თანახმად, მანევრი, ეს არის - მოძრაობის დაწყება, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევა, მობრუნება, უკუსვლით მოძრაობა, დაბრკოლების შემოვლა ან/და მოძრაობის ზოლის შეცვლა (გადაჯგუფება), ხოლო 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.
15. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ლ. ღ–ს ქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომლის დაცვაც მისი დაცვის შემთხვევაში თავიდან იქნებოდა აცილებული მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.
16. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნა და არ იმსჯელა, რატომ უარყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა, ვინაიდან გასაჩივრებულ განაჩენში, მათ შორის, ყურადღება არის გამახვილებული, იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტის ჩვენების ანალიზიდან ნათელია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მნიშვნელოვანია დადგინდეს კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ქმედებაში კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფის ფაქტი და, ამის მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილების შესაძლებლობის ფარგლები თითოეული მონაწილისათვის; გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში აღწერილი ვითარების დაშვების შემთხვევაშიც, რაც გულისხმობს იმ გარემოებას, რომ გ. გ–ს უნდა ემოძრავა თავის სამოძრაო ზოლში სატრანსპორტო საშუალებების უკან და არა გვერდით, ასევე, უნდა ემოძრავა დაშვებული 30 კმ/სთ სიჩქარით, რაც მან არ განახორციელა, არ აძლევს ლ. ღ–ს უფლებას, განახორციელოს მარცხნივ მოხვევის მანევრი ისე, რომ არ დარწმუნდეს მის უკან მომავალი სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მოძრაობაში; მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში მტკიცებულებები ფასდება ლ. ღ–ს ქმედების შეფასების თვალსაზრისით და არა დაცვის მხარის მიერ შემოთავაზებული პრინციპის საფუძველზე, რაც გულისხმობს გ. გ–ს ქმედებაში დარღვევების აღმოჩენით ლ. ღ–ს ბრალეულობის გამორიცხვას; ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს საქმეში წარმოდგენილ სხვა მამხილებელ მტკიცებულებებსაც (მათ შორის: თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებს და ვიდეო ჩანაწერსაც).
17. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ლ. ღ–ს უდანაშაულობის შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში, სასამართლოს მიზანია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით დაადგინოს კონკრეტულად ლ. ღ–ს დამნაშავეობა-უდანაშაულობის საკითხი, რადგან სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. შესაბამისად, თუ საქმის მასალებიდან, რომელიმე მტკიცებულება მიუთითებს გ. გ–ს მხრიდან რაიმე სახის დარღვევაზე (მაგ. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნა. ექსპერტი; ი.. ს–ე), აღნიშნული ავტომატურად არ გამორიცხავს ლ. ღ–ს დამნაშავეობას.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
19. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
21. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ღ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე