საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.11.2022
საქმის ნომერი
2კ-988აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.11.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100121004535206

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №988აპ-22 ქ. თბილისი

ლ. ა., 988აპ-22 14 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძისა და მსჯავრდებულ ა. ლ-ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ნ. გ-სა და თ. ხ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ და მსჯავრდებულ ა. ლუტიძის ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა ნ. გ-მ და თ. ხ-მ.

2. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლასა და გ. ჯ-ს, ა. ლ-სა და დ. ე-ს მსჯავრდებას მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა, რადგან ბრალდების მხარემ სასამართლოში გამოიკვლია ყველა ის მტკიცებულება - დაზარალებულ ზვიად სომას ჩვენება, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები, ფონოსკოპიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზების დასკვნები, მოწმეების - გ. ც-ს, ს. ჯ-ს, ი. დ-ს, ლ. კ-ს, ვ. მ-ს, გ. პ-სა და ი. კ-ს ჩვენებები, რომლებიც ცალსახად ადასტურებდნენ გ. ჯ-ს, ა. ლ-სა და დ. ე-ს ბრალეულობას.

3. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ა. ლ-ს მსჯავრდება არ გამომდინარეობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებებიდან, კერძოდ, ერთი მხრივ, სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა დაზარალებულ ზ. ს-ს ურთიერთგამომრიცხველი და არათანმიმდევრული ჩვენება, რომელიც არ მიუთითებდა ა. ლ-ს ბრალეულობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ გამოუკვლევია საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, რისი გათვალისწინებითაც, ექსპერტიზის დასკვნები და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ჯ-ს ბრალად დაედო გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და მისი ნივთის განადგურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები, არაერთგზის და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად; ა. ლ.ს - გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და მისი ნივთის განადგურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, ხოლო დ. ე-ს - გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და მისი ნივთის განადგურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები, რაც გამოიხატა შემდეგში:

4.1. 2021 წლის 13 თებერვალს, ......, გ. ჯ-მ და ა. ლ-მ, ჯგუფურად, შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ზ. ს-ს, კერძოდ, გ. ჯ-მ და ა. ლ-მ ზ. ს-ს რამდენჯერმე დაარტყეს მუშტი თავისა და ხელის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4.2. 2021 წლის 13 თებერვალს, ... თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ჯ-მ, ასევე - დ. ე-მ და ა. ლ-მ ჯგუფურად განიზრახეს, რომ ზ. ს-სთვის გამოეძალათ ფული. ამ მიზნით დაზარალებულს მოსთხოვეს მათთვის ფულის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში - დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობითა და მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა „პეჟოს“ ნაწილებად დაშლითა და განადგურებით. ა. ლ-მ ზ. ს-ს წაართვა ავტომანქანა „პეჟოს“ გასაღები, რის შემდეგაც გ. ჯ-სთან ერთად ავტომანქანა გადამალა სასურველ ადგილას. ზ. ს-ს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, რომ მართლსაწინააღმდეგო და უსაფუძვლო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გ. ჯ., დ. ე. და ა. ლ. რეალურად განახორციელებდნენ სიცოცხლის მოსპობისა და ნივთის განადგურების მუქარას, რის გამოც 2021 წლის 24 თებერვალს გ. ჯ-ს გადასცა მოთხოვნილი ფულადი თანხის ნაწილი - 200 აშშ დოლარი.

5. გ. ჯ-ს წარედგინა ბრალდება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; ა. ლ.ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო დ. ე-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დ. ე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; ა. ლ.-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. ჯ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა დ. ე-ს ბრალეულობა, ხოლო გ. ჯ-ემ და ა. ლ-მ ჩაიდინეს თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი ძალადობით.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და გიორგი ჯმუხაძის, ა. ლ-სა და დ. ე-ს დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენაში, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ გ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. კ-მ და მსჯავრდებულ ა. ლ-ს ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა - ნ. გ-მ და თ. ხ-მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

12. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდებისა და დაცვის მხარის მითითებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევა, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, არ დადგენილა, ამასთან - სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა დ. ე-ს ბრალეულობა, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ჯ-სა და ა. ლ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებები უნდა გადაკვალიფიცირებულიყო იმავე კოდექსის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რისთვისაც დაედოთ მსჯავრი, რომელიც დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ზ. ს-ს, მოწმეების - ვ. მ-ს, ლ. ხ-ს, ე. კ-ს, გ. ც-ს, ს. ჯ-ს, ლ. კ-ს, გ. პ-სა და ი. კ-ს ჩვენებებით, ოდოროლოგიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

13. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძისა და მსჯავრდებულ ა. ლ-ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების ნ. გ-სა და თ. ხ-ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი