საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003783895
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1123აპ-22 ქ. თბილისი
ა-ი მ, 1123აპ-22 25 იანვარი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 მარტის განაჩენით:
1.1. მ. ა-ი, - დაბადებული ... წლის ... მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 10 ივნისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ა-ა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 21:15 საათზე, ქ. თ-ი, ვ-ის დასახლებაში, მე-... კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მ. ა-ი შეეცადა მ. ლ-ის მკვლელობას, კერძოდ, ხელთ ნაქონი დანით გულმკერდის მარჯვენა, წინა ზედაპირზე მიაყენა ნაკვეთ- ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა. ზემოაღნიშნული ქმედებით მ. ლ-ს მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება და სამედიცინო ჩარევის შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ მ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და მ. ა-ის გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა მ. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს, მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით, კერძოდ - პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას ან, შესაძლებელია, დამნაშავეს არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტები, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც და რომლებიც, თითქოსდა, გამორიცხავდნენ მ. ა-ის ქმედებაში მკვლელობის მცდელობის შემადგენლობას, ვინაიდან საპირისპირო მტკიცება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ:
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატ დ. გ-ის მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულს მ. ლ-ს მოკვლა არ სურდა და მხოლოდ მოგერიებისა და თავდაცვის მიზნით დაარტყა დანა გულმკერდის არეში.
13. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის ფაქტის თვითმხილველი მოწმეების - მ. თ-ის, ზ. ტ-ის, მ. ქ-ის, ლ. გ-ა და თავად დაზარალებულ მ. ლ-ის ჩვენებითაც უტყუარად დასტურდება, რომ მ. ლ-ა ეზოში ჩასულ მ. ა-ს ხელი ჰკრა მოგერიების მიზნით, რა დროსაც იგი წაიქცა, თუმცა არცერთი თვითმხილველი მოწმე არ უთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დაზარალებული წაქცეულს ურტყამდა და სცემდა. მოწმეები განმარტავენ, რომ მ. ა-ის წაქცევის შემდეგ დაზარალებული მშვიდად იდგა შემთხვევის ადგილზე და არანაირი მოქმედება არ გაუგრძელებია. ამ დროს მ. ა-ა ჯიბიდან ამოიღო დანა და დაარტყა მ. ლ-ს. მოწმეები არ ადასტურებენ შემთხვევის ადგილზე ხელჩართულ ჩხუბს მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის, არც დაზარალებულის მხრიდან რაიმე მაპროვოცირებელ ქმედებებზე უთითებენ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ გარემოებების შეფასების შედეგად უტყუარად დასტურდება, რომ თავდასხმა, რომელიც მ. ა-ა აღიქვა საშიშად, არ იყო იმწუთიერი (მხოლოდ ერთხელ მოიგერია და ხელი ჰკრა, წაქცევის შემდეგ არაფერი მოუმოქმედებია მ. ლ-ს), რეალური (არ არსებობდა დაზიანებების მიყენების რისკი), ამასთან, მსჯავრდებულის მხრიდან დანის დარტყმა გამოწვეული არ იყო აუცილებელი მოგერიებით (მას დაზარალებული თავს არ ესხმოდა). ამდენად, ამ გარემოებების გათვალისწინებით ნათელია, რომ მ. ა-ი ობიექტურად არ იმყოფებოდა ჯანმრთელობის ან სიცოცხლის დაზიანების რისკის ქვეშ და, შესაბამისად, მას ვერ გაუჩნდებოდა დაცვის მართლზომიერების ფარგლები.
14. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ მ. ა-ა და მოწმე მ. ა-ს განმარტებას, რომ მ. ლ-ა და მ. ა-ს შორის ურთიერთდაპირისპირება გამოიწვია თავად დაზარალებულის აგრესიულმა და პროვოკაციულმა ქცევამ, ვინაიდან თვითმხილველების განმარტებები, რომლებიც შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს შეესაბამება, აღნიშნულს არ ადასტურებს. ამასთან, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ეზოში ჩასულ მ. ა-ს მარჯვენა ჯიბეში ედო დანა, მიუთითებს მისი მხრიდან მ. ლ-ის სიცოცხლის მოსპობის განზრახვის ფაქტზე და გამორიცხავს მსჯავრდებულის მხრიდან ბოდიშის მოსახდელად ეზოში ჩასვლას იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული იქ ოჯახთან ერთად, შეუიარაღებელი იმყოფებოდა და მ. ა-ის მიერ დანის ქონა, თუნდაც თავდაცვის მიზნით, არ წარმოადგენდა აუცილებლობას.
15. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, №527აპ-17, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 29).
16. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მოწმეების - ი. ქ-ის, მ. თ-ს, გ. ფ-ას, ზ. ზ-ას, ი. ბ-ის, ი. კ-ის, ლ. გ-ის, ლ. ს-ის, თ. შ-ის, ზ. ტ-ის, მ. ქ-ის, თ. ლ-სა და თავად დაზარალებულ მ. ლ-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ 2020 წლის 10 ივნისს, საღამოს 21:00 საათისათვის, ვ-ის დასახლებაში, კორპუსი N.., მე-.. სადარბაზოსთან, მ. ა-ა და მ. ლ-ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც მოჰყვა მ. ა-ის მიერ აივნიდან გადაგდებულ სიგარეტის ნამწვს, რომელიც დაეცა მ. ლ-ის მეუღლის - მ. თ-ა და მათი მცირეწლოვანი შვილის ფეხებთან. უტყუარად დასტურდება ისიც, რომ მ. ა-ა და მ. ლ-ს შორის მომხდარი ურთიერთდაპირისპირება და სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც მ. ა-ა დანით დაჭრა მ. ლ-ი გულ-მკერდის არეში, მარჯვენა მხარეს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის #... დასკვნის თანახმად, დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის ქცევაზე ქმედების ჩადენის შემდეგ, კერძოდ, მას შემდეგ, რაც გულმკერდის არეში დაჭრილი მ. ლ-ი მეზობლებმა შეიყვანეს სახლში, მ. ა-ი გაეკიდა მას გინებით, მივარდა სახლის კართან, აბრახუნებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა დაზარალებულს მანამ, სანამ საპატრულო პოლიცია არ მივიდა შემთხვევის ადგილზე და არ დააკავეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვეთილია დანაშაულის - განზრახ მკვლელობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი.
18. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ადგენს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის არც რაოდენობრივ მახასიათებელს და არ განსაზღვრავს არც იმას, თუ რა სახის მტკიცებულებების ერთობლიობაა საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანარტის დაკმაყოფილებისთვის. საჭირო მტკიცებულებების სახე და რაოდენობა დამოკიდებულია თითოეული განსახილველი საქმის სპეციფიკაზე. გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად მტკიცებულებათა საკმარისობის განსაზღვრისას მტკიცებულება უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად ადასტურებს თითოეული მათგანი, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად, კონკრეტული პირისთვის წარდგენილ ბრალდებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე N 723აპ-19). ევროპული სასამართლოს განმარტებით, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით მტკიცება შესაძლებელია გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, მკაფიო, შეთანხმებული და დასაბუთებული დასკვნებისა ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდებიდან (იხ. Bouyid v. Belgium, no. 23380/09, § 82, ECtHR, 28/09/2015; El-Masri v. The Former Yugoslav Republic of Macedonia [GC], no.39630/09, §151, ECtHR, 13/12/2012; Hassan v the UK,[GC], no. 29750/09, §48, ECtHR, 16/09/2014; Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, § 92, ECtHR, 2010). გათვალისწინებულ უნდა იქნეს მტკიცებულებების ხარისხი, მათ შორის, აყენებდა თუ არა ეჭვქვეშ მათ საიმედოობას ან სიზუსტეს ის გარემოებები, რომლებშიც მათი მოპოვება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები არ არის გამყარებული სხვა მასალით, მათი სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ არ დადგეს, როდესაც საკმაოდ მყარია და მათი სანდოობა არ არის საეჭვო, ამასთანავე, უფრო ნაკლებია ასეთი მტკიცებულებების სხვა მტკიცებულებებით გამყარების საჭიროება ( იხ. Bykov v. Russia, no.4378/02 [GC], §90, ECtHR, 10/03/2009; Allan v UK, no.48539/99, ECtHR, §43, 05/11/2002).
19. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლივად შეფასებისას, სააპელაციო სასამართლო სარწმუნოდ მიუთითებს მსჯავრდებულის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლის - განზრახ მკვლელობის მცდელობის - შემადგენლობის არსებობაზე.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი