საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.03.2023
საქმის ნომერი
2კ-1305აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.03.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122005697095

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1305აპ-22 ქ. თბილისი

მ-ა ლ. 1305აპ-22 14 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ლ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... მარტს, - ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარითა და პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ლ. მ-ა, რომელსაც მიაჩნდა, რომ ყოფილი მეუღლე მ. თ-ა, როგორც ქალი და მეუღლე, წარმოადგენდა მის საკუთრებას, უზღუდავდა პირადი ცხოვრების უფლებას და ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე, ხოლო თანაცხოვრების განმავლობაში მუდმივად სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

· 2022 წლის 6 მარტს, დილის საათებში, ქ. თ-ი, ქ-ს ქუჩა №... -ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ლ. მ-ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს, მ. თ-ს და უთხრა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა. ლ. მ-ს მუქარა სიცოცხლის მოსპობის შესახებ მ. თ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2021 წლის დეკემბერში (ზუსტი თარიღი უცნობია), ქ. თ-ში, გ-ს მე-... მკრ/რ-ნი, კორპ. №..., ბინა №...-ში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ლ. მ-ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს, მ. თ-ს და უთხრა, რომ ,,დანით აკუწავდა“. ლ. მ-ს მუქარა სიცოცხლის მოსპობის შესახებ მ. თ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· ლ. მ-ა, რომელსაც მიაჩნდა, რომ ყოფილი მეუღლე მ. თ-ა, როგორც ქალი და მეუღლე, წარმოადგენდა მის საკუთრებას, უზღუდავდა პირადი ცხოვრების უფლებას და ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე, ხოლო გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თანაცხოვრების განმავლობაში სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებით. ცილს სწამებდა, რომ ჰყავდა საყვარელი და ღალატობდა. ამასთან, დამცირების მიზნით, ზემოაღნიშნული ცრუ ინფორმაცია ლ. მ-მ სატელეფონო კომუნიკაციის დროს მიაწოდა მ. თ-ს მამას. ლ. მ-ს მუქარის, ასევე პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირების გამო, 2022 წლის თებერვლის შუა რიცხვებში (ზუსტი თარიღი უცნობია), დღის საათებში, ქ. თ-ში, გ-ს მე-... მკრ/რ-ნი, კორპ. №..., ბინა №...-ში, მ. თ-მ მიიღო მედიკამენტების ზედმეტი დოზა და სცადა თვითმკვლელობა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივლისის განაჩენით:

2.1. ლ. მ-ა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

2.2. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ, დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენის გაუქმება, ლ. მ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და კანონიერი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს ლ. მ-ს ბრალეულობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც დაასკვნა, რომ ლ. მ-ს მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელის, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

8. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მითუფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.

11. საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლი - თვითმკვლელობამდე მიყვანა არის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაული, იგი არ არის მკვლელობის სახე, რადგან აქ ადგილი არ აქვს შუალობით ამსრულებლობას. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მსხვერპლის თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანაში, რაც ჩადენილია მუქარით, სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით. თვითმკვლელობამდე მიყვანა გულისხმობს მსხვერპლის მიმართ დამნაშავის მიერ რიგი არამართლზომიერი ქმედების ჩადენას. იგი შეიძლება მუქარაში გამოიხატოს, რაც შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი. მთავარია, რომ დაზარალებულის მიერ აღიქმებოდეს როგორც მისი უფლებისა და თავისუფლების კანონიერი ინტერესებისათვის სახიფათო. რაც შეეხება მსხვერპლის მიმართ პატივისა და ღირსების სისტემატურ დამცირებას, იგი შეიძლება, გამოიხატოს ფსიქოსადიზმში, შეურაცხყოფაში, ფიზიკური ნაკლის მქონე დაზარალებულის სისტემატურ დაცინვასა და სხვა ისეთ ქმედებაში, რომელიც ამცირებს დაზარალებულის პატივსა და ღირსებას. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის სავალდებული ნიშანს წარმოადგენს თვითმკვლელობის ან მისი მცდელობის ფაქტის არსებობა. დანაშაული დამთავრებულია ზემოაღნიშნული მოქმედების ჩადენის მომენტიდან. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია დამნაშავის მოქმედებასა და დაზარალებულის თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, რაც ასევე არ დადასტურდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა მ. თ-მ და მისმა შვილებმა - მცირეწლოვანმა გ. მ-მ და არასრულწლოვანმა მ. მ-მ ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

13. მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის - თ. ბ-სა და პატრულ-ინსპექტორ ო. გ-ის ჩვენებები, რომლებიც მუქარის ორი ეპიზოდის ჩადენისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის შესახებ ინფორმაციებს ფლობენ დაზარალებულისგან, არის ირიბი და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი შეტყობინება, დაზარალებულის მონაწილეობით საკუთარ მობილურ ტელეფონში, სოციალურ ქსელ „მესენჯერში“ არსებული ესემეს მიმოწერების (დაზარალებულსა და ლ. მ-ს შორის) დათვალიერების ოქმი, პატრულ-ინსპექტორის სამხრეკამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმი ასევე ვერ დაედება საფუძვლად ლ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, რადგან არ არსებობს პირველწყაროს - დაზარალებულ მ. თ-ს კანონით დადგენილი წესით სასამართლოში მიცემული ჩვენება საქმის გარემოებათა შესახებ.

15. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელზეც აქცენტს აკეთებს კასატორი, სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება, როგორც ისეთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

16. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ლ. მ-ს დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ლ. მ-ა გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007;).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი