დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330802223006864618
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№11I-23 2 მარტი, 2023 წელი
ი. (ი–ბ) დ–ი, 11I-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. (ი–ბ) დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი. (ი–ბ) დ–ს მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი პროცედურები თურქეთის რესპუბლიკაში და ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. ი. (ი–ბ) დ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარი დაგეგმვით) და N3713 კოდექსის 220-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობა) გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
1.2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულები გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის 8 სექტემბერს, თ–ს რესპუბლიკის ქ. ს–ში, საღამოს საათებში, ჯ. ვ–ი მეუღლესა და შვილთან ერთად ავტომანქანაში იმყოფებოდა. დაახლოებით 19:35 საათზე მას მოტოციკლეტით მიუახლოვდნენ ი. დ–ი და ე. ქ–ი, რა დროსაც ე. ქ–მა ცეცხლსასროლი იარაღით ჯ. ვ–ის მიმართულებით ხუთჯერ გაისროლა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მოტოციკლეტით მიიმალნენ, რომელსაც მართავდა ი.დ–ი. ჯ. ვ–ი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ჯ. ვ–ის მკვლელობა უკავშირდებოდა შეიარაღებულ დანაშაულებრივ ორგანიზაციებს შორის არსებულ დაპირისპირებას. კერძოდ, გარდაცვლილი ჯ. ვ–ი წარმოადგენდა ს–ში მოქმედ „.....-ის“ საერთაშორისო დანაშაულებრივი ორგანიზაციის ლიდერს, ხოლო ი. დ–ი და ე. ქ–ი მოქმედებდნენ „.......-ის“ საერთაშორისო დანაშაულებრივ ორგანიზაციაში საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზაციის მიზნებისა და მითითებების შესაბამისად.
1.3. 2022 წლის 7 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საქალაქო სისხლის სამართლის მე-9 სასამართლომ გამოსცა ი. (ი–ბ) დ–სდაკავების შესახებ ბრძანება.
1.4. 2022 წლის 8 ოქტომბერს ი. (ი–ბ) დ–სმიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ი. (ი–ბ) დ–სმიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:
2.1. 2022 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ი. (ი–ბ) დ–იდააკავეს.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით ი. (ი–ბ) დ–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2.3. 2022 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ი. (ი–ბ) დ–ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 10 იანვრის განჩინებით ი. (ი–ბ) დ–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2023 წლის 12 აპრილამდე.
2.5. 2023 წლის 13 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ი. (ი–ბ) დ–ს თ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობაში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარ დაგეგმვით) და თურქეთის რესპუბლიკის №3713 სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობა).
2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ი. (ი–ბ) დ–ს თ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობაში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარ დაგეგმვით) და თურქეთის რესპუბლიკის N3713 სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობა).
2.7. 2023 წლის 22 თებერვალს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. (ი–ბ) დ–სადვოკატმა ნ. მ–ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმება.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. ადვოკატ ნ. მ–სის საკასაციო საჩივრის თანახმად, თ–ს რესპუბლიკაში ექსტრადაციის შემთხვევაში ზიანი მიადგება ი. (ი–ბ) დ–ს საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, მათ შორის არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას, ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება პირის წამებასთან. აგრეთვე არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისა, რომ ექსტრადიცია მოითხოვება პირის დევნისა და დასჯის მიზნით. ამასთან, ქვეყანაში რომელიც ითხოვს პირის გადაცემას, მნიშვნელოვნად ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:
4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ წარმოადგინა პოზიცია, რომლითაც არ დაეთანხმა დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს, კერძოდ: ვინაიდან, სასამართლომ შეისწავლა ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძვლები, ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპი, ხანდაზმულობის ვადები, შეფასდა ექსტრადიციის შემთხვევაში ი. (ი–ბ) დ–ს უფლებების დარღვევის რისკები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით თურქეთის რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობა და უფლებების დაცვის გარანტიები, სასამართლომ ასევე შეამოწმა ი. (ი–ბ) დ–თან დაკავშირებული ინდივიდუალური გარემოებები და ამ და სხვა ყველა რელევანტური გარემოების გათვალისწინებით, ვინაიდან არ გამოკვეთილა ექსტრადიციის გამომრიცხავი რაიმე გარემოება, ექსტრადიცია ცნობილ იქნა დასაშვებად. გარდა ამისა, პროკურორი აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია კონკრეტული დასაბუთება ან მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს უფლებების დარღვევის ფაქტს. პროკურორის აზრით, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადყოფს, რომ ი. (ი–ბ) დ–ს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებები დაირღვევა. გარდა ამისა, ექსტრადიციის საკითხის განხილვის დროს, მხედველობაში იქნა მიღებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ი. (ი–ბ) დ–ი ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა. გარდა აღნიშნულისა, 2022 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას წარმოუდგინა გარანტია, რომლის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის მსჯავრდების შემთხვევაში - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის მთელი დროის განმავლობაში ი. (ი–ბ) დ–ს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. ი. (ი–ბ) დ–ი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას და მიღებულ იქნება ყველა საჭირო ზომა მის დასაცავად ნებისმიერი სახის მოპყრობისაგან, რომელიც შეიძლება გაუტოლდეს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. ნებისმიერი განცხადება პირის მიმართ ისეთი მოპყრობის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს, გამოძიებული იქნება სრულყოფილად და მიუკერძოებლად და საჭიროების შემთხვევაში, ეფექტურად დაისჯება სისხლისსამართლებრივი წესით. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, პროკურორის პოზიციით, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ი. (ი–ბ) დ–ს მიმართ სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენებაც არ არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო, ვინაიდან 2022 წლის 8 დეკემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის წარდგენილი დამატებითი ინფორმაციის თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობა ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირებისათვის ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის აზრით, „არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ თ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ი. (ი–ბ) დ–იდაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის რისკი. პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას განმარტებით, ი. (ი–ბ) დ–სექსტრადიცია ასევე შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს, საექსტრადიციო მასალების თანახმად, ი. (ი–ბ) დ–ი–ს თ–ს რესპუბლიკის მოქალაქე, არ გააჩნია ს–ში ცხოვრების კანონიერი საფუძველი და ს–ში ხანგრძლივი პერიოდით არ უცხოვრია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ზოგადად, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის შეზღუდვის საფრთხეც კი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
1.2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას შეამოწმა ექსტრადიციის გამომრიცხველი ყველა გარემოება, კერძოდ:
1.3. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტისა და ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ექსტრადიცია შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით ისჯება, სულ მცირე, ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით. განსახილველ შემთხვევაში საექსტრადაციო მასალებით ირკვევა, რომ ი. (ი–ბ) დ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარი დაგეგმვით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას და №3713 კოდექსის 220-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე. აღნიშნული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაც. ამრიგად, ექსტრადიციის ქვემდებარე ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით, ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, შეესაბამებიან ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთა კატეგორიას.
1.4. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. ი. (ი–ბ) დ–ს თ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც, სავარაუდოდ, განხორციელდა 2022 წელს. იმავე წლიდან ი. (ი–ბ) დ–ი იძებნება თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა მითითებულ დანაშაულებთან მიმართებით გასული არ არის. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, მოცემულ შემთხვევაში ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება შესაბამისად - 30 წლით და 8 წლით. ამდენად, ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.
1.5. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. ამასთან, „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. (ი–ბ) დ–ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთათვის სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.
1.6. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე. ხოლო ,,საქართველოს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ი. (ი–ბ) დ–ი არ არის საქართველოს მოქალაქე.
1.7. გარდა აღნიშნულისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 21 ნოემბერს ი. (ი–ბ) დ–ს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ი. (ი–ბ) დ–მა მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში, რაზეც 2023 წლის 17 იანვრის მდგომარეობით გადაწყვეტილება მიღებული არ იყო, თუმცა აღნიშნული არ აფერხებს ექსტრადიციის საქმის განხილვას დასაშვებობის სტადიაზე.
1.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულფასოვნად შეისწავლა ექსტრადიციის დასაშვებობის ზემოაღნიშნული წინაპირობები, საკასაციო სასამართლო კი ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
1.9. საკასაციო საჩივრის ფარგლებიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს რამდენიმე გარემოებას: მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარში კასატორი ზოგადად უთითებს ი. (ი–ბ) დ–ს მიმართ ძირითადი უფლებების დარღვევის შესაძლებლობაზე, მაგრამ ვერ ასაბუთებს აღნიშნული საფრთხის არსებობას. ამასთან, არ წარმოუდგენია განცხადება ან მტკიცებულება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკის არსებობის თაობაზე. საკასაციო საჩივარში მითითებულია მხოლოდ კანონისა და კონვენციის ზოგადი დებულებები, თუმცა გარემოებები, რომლებითაც დასაბუთდებოდა ძირითადი უფლებების დარღვევის რისკი, საჩივარში მითითებული არ არის.
1.10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ, თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ ი. (ი–ბ) დ–ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com), თუმცა მის მიმართ დევნის მანიშნებელი რაიმე ინფორმაცია ინტერნეტის ღია წყაროებში არ იძებნება.
1.11. გარდა აღნიშნულისა, 2022 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას წარმოუდგინა გარანტია, რომლის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის მსჯავრდების შემთხვევაში - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის მთელი დროის განმავლობაში ი. (ი–ბ) დ–სსიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. ი. (ი–ბ) დ–ი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას და მიიღება ყველა საჭირო ზომა მის დასაცავად ნებისმიერი სახის მოპყრობისაგან, რომელიც შეიძლება გაუტოლდეს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. ნებისმიერი განცხადება პირის მიმართ ისეთი მოპყრობის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს, გამოძიებული იქნება სრულყოფილად და მიუკერძოებლად და საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად დაისჯება სისხლისსამართლებრივი წესით.
1.12. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ი. (ი–ბ) დ–ს მიმართ სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენებაც არ არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო. 2022 წლის 8 დეკემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციის თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობა ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირებისათვის ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობას. კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკის სასჯელთა აღსრულებისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ N5275 კანონის 107-ე მუხლის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცდათექვსმეტი წელი, შესაძლებელია პირობით გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან. ამასთან, პირობით გათავისუფლების მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულია მოცემული საკითხის შემდგომი პერიოდული განხილვის შესაძლებლობა. ამდენად, ი. (ი–ბ) დ–ს მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში მოცემული სასჯელი არ იქნება უპირობო - დაექვემდებარება გონივრულ დროში გადასინჯვას. (Vinter and Others v. the United Kingdom [GC], 2013, no. §§ 119-122; Harkins and Edwards v. the United Kingdom, 2012, §§ 133-134). ამ პირობებში, უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის განსაზღვრა განსახილველ საქმეში არ წარმოშობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამობის საკითხს.
1.13. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ი. (ი–ბ) დ–ს თ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
1.14. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს, საექსტრადიციო მასალების თანახმად, ი. (ი–ბ) დ–ი–ს თ–ს რესპუბლიკის მოქალაქე, არ გააჩნია ს–ში ცხოვრების კანონიერი საფუძველი და ს–ში ხანგრძლივი პერიოდით არ უცხოვრია, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის შეზღუდვის საფრთხე.
1.15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. (ი–ბ) დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. (ი–ბ) დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე