საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100121004713853
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1170აპ-22 ქ. თბილისი
ბ. ვ. 1170აპ-22 27 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 16:50 საათზე, ნ–ის რაიონის სოფელ დ–ში მდებარე ჟ. ბ–ის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ამ უკანასკნელს, მეზობლად მცხოვრებმა ვ. ბ–მა, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელები დაარტყა რამოდენიმეჯერ სახეში, რის გამოც ჟ. ბ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ყბის არეში ჭრილობისა და კისრის მიდამოში სისხლნაჟღენთის სახით მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.
3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ივლისის განაჩენით:
3.1. ვ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათი;
3.2. საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის საფუძველზე ვ. ბ–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარი;
3.3. ვ. ბ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2022 წლის 11 ივლისიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა კონსტანტინე ბახუტაშვილმა და მსჯავრდებულ ვ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. ბ–მ.
4.1. სტაჟიორ-პროკურორმა კონსტანტინე ბახუტაშვილმა მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და ვ. ბ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4.2. მსჯავრდებულ ვ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. ბ–მემ მოითხოვა ვ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ივლისის განაჩენი.
5.1. ვ. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
5.2. ვ. ბ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა კონსტანტინე ბახუტაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, ვ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საჩივრით ითხოვს ვ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება ვ. ბ–ის მიერ 2021 წლის 20 აპრილს ჟ. ბ–სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილია: მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც მიუთითებს ვ. ბ–ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N ............ დასკვნით მართალია დგინდება, რომ ჟ. ბ–ს აღენიშნება ნაკაწრი ჭრილობა მარჯვენა ქვედა ყბის არეში და სისხლნაჟღენთები კისრის მარცხენა არეში, თუმცა ექსპერტიზას არ შეუფასებია ჟ. ბ–ს დაზიანებების ხანდაზმულობა; დაზარალებულის ჩვენების თანახმად ვ. ბ–სმა მას ხელები დაარტყა სახეში რამოდენიმეჯერ, დაზარალებული არ მიუთითებს ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ნაკაწრის ან ყელზე სილურჯეების შესახებ. ამასთან, მართალია მოწმეები - გ. ჰ–ნი და ა. მ–ი ადასტურებენ ვ. ბ–სა და ჟ. ბ–ს შორის კონფლიქტის არსებობის ფაქტს, თუმცა არცერთ მათგანს არ უნახავს ვ. ბ–ს მიერ ჟ. ბ–სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. სასამართლო ასევე დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ვ. ბ–სის მიერ გ. ჰ–ზე ზეწოლის შესახებ, ვინაიდან, მოწმე გამოძიების ეტაპზეც არ ადასტურებდა ვ. ბ–ს მიერ ჟ. ბ–სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს და აცხადებდა, რომ არ უნახავს ვინ ვის დაარტყა(იხ.: ტ.1, ს.ფ. 14-16), რაც შეეხება დაზიანების არსებობის ნაწილში მოწმის შეცვლილ პოზიციას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია. შესაბამისად, ბრალდების მხარეს, დაზარალებულის ჩვენების გარდა, 2021 წლის 20 აპრილის ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია სხვა პირდაპირი მტკიცებულებები. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
11. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
12. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
13. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი