დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 21.07.2023
საქმის ნომერი
2კ-39-I-23
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
21.07.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802223007521336

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№39I-23 ქ. თბილისი

ბ. ფ. ნ./ნ., 39I-23 21 ივლისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ნ./ნ ფ. ბ-ს (N. F. B.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 4 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ნ. ფ. ბ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2022 წლის 7 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ბ-ს რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა საბრალდებო აქტი, რომლის თანახმად ნ. ფ. ბ. ბრალდებულია თურქეთის რესპუბლიკის N 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება), 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა), 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შეკვეთით) და 220-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი ორგანიზაციის წევრობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

2022 წლის 30 სექტემბერსა და 2023 წლის 7 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ბ-ს რაიონულმა მძიმე სისხლის სამართლის სასამართლომ გამოსცა ნ. ფ. ბ-ს დაკავების ბრძანება.

2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:

2020 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით, 00:50 საათზე, ნ. ფ. ბ-მ და ა. გ-მ, როგორც დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი ორგანიზაციის წევრებმა, ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით მოკლეს - ე. ქ და ე. ი, ხოლო - ე. ა-ს და ჰ. მ. დ-ს მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება.

3. ნ. ფ. ბ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2023 წლის 4 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ნ. ფ. ბ.;

2023 წლის 5 აპრილს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ნ. ფ. ბ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით;

2023 წლის 10 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ნ. ფ. ბ-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები;

2023 წლის 30 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ნ. ფ. ბ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2023 წლის 4 ოქტომბრამდე.

ამჟამად, ნ. ფ. ბ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N .. პენიტენციურ დაწესებულებაში.

4. 2023 წლის 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა ნ. ფ. ბ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ნ. ფ. ბ-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების 2023 წლის 7 აპრილის შუამდგომლობაში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება), 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობა), 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შეკვეთით) და 220-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი ორგანიზაციის წევრობა).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 4 ივლისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დასაშვებად იქნა ცნობილი ნ. ფ ბ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ნ. ფ. ბ-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების 2023 წლის 7 აპრილის შუამდგომლობაში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება), 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობა), 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შეკვეთით) და 220-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი ორგანიზაციის წევრობა).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ნ. ფ. ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ყ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 4 ივლისის განჩინების გაუქმებას, იმ საფუძვლით, რომ ნეჯიფ ფ. ბ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის რისკი, ვინაიდან იგი შესაძლოა გახდეს წამების, სასტიკი ან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, აგრეთვე, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს გარკვეული ადამიანების მხრიდან დაემუქრება საფრთხე.

7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ნ. ფ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

8. პროკურორმა წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე სახის მტკიცებულება, თუ ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ნ. ფ. ბ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2023 წლის 4 აპრილს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005).

5. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ ნეჯიფ ფ. ბ-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაემუქრება საფრთხე და რომ იგი გახდება წამებისა, თუ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ვინაიდან მისი დაკავების დღიდან - დღემდე, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობისა, თუ სიცოცხლის მოსპობის საფრთხეებზე მიუთითებდა. დაცვის მხარეს ასევე არ წარმოუდგენია: რაიმე მტკიცებულება, ანდა სარწმუნო ინფორმაცია, რაც წარსულში მის მიმართ დაადასტურებდა მუქარისა, თუ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის ფაქტებს; რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ნ. ფ. ბ-მ კონკრეტული პირების მხრიდან მომდინარე საფრთხის, ანდა არაკანონიერი ქმედებების შესახებ მიმართა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მათ არ მოახდინეს შესაბამისი რეაგირება, ან რომ ასეთი საფრთხეების არსებობის შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. დაცვის მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირი განცხადებებითა და ჰიპოთეტური მოსაზრებებით, რომლებიც გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით, რაც არ არის საკმარისი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის რისკის სამტკიცებლად და ექსტრადიციის დაუშვებლად მისაჩნევად. თავის მხრივ, ვერც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული საექსტრადიციო პროცედურების შედეგად ვერ იქნა მოპოვებული ნ. ფ. ბ.-ს უფლებების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის - ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებშიც, რაც ერთ-ერთი მზარდად გამოყენებადი მეთოდია პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად.

6. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი.

7. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „საფუძველი ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ნ. ფ. ბ. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 4 ივლისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ნ./ნ ფ. ბ-ს (N. F. B.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 4 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი