საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100121005182651
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №471აპ-23 ქ. თბილისი
დ-ე მ, 471აპ-23 8 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ნ-ის, მსჯავრდებულ ი. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. კ-სა და ლ. რ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენით:
1.1. მ. დ-ძე, - დაბადებული ... წლის .. იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების შესაბამისად, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მ. დ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 9 ოქტომბრიდან.
1.2. ი. ბ-ი, - დაბადებული ... წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების შესაბამისად, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ი. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 29 სექტემბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. დ-მ და ი. ბ-მა ჩაიდინეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:40 საათზე, ქ.ბ-ში, თ. მ-ის გამზირზე, ნ-ის ქუჩაზე გადასასვლელ ხიდთან მ. დ-მ, რომელიც მართავდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, სახ.სანომრე ნიშნით ..., დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა „მანის“ მარკის სატვირთო ავტომანქანას უ-ის რესპუბლიკის სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..., რომელსაც მართავდა ი. ბ-ი. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანა „მერსედესის“ მგზავრები - ზ. თ-ძე და თ. გ-ძე, ხოლო ნ. მ-მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
· 2021 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:40 საათზე, ქ.ბ-ში, თ. მ-ის გამზირზე, ნ-ის ქუჩაზე გადასასვლელ ხიდთან, ი. ბ-მა, რომელიც მართავდა „მანის“ მარკის სატვირთო ავტომანქანას უ-ის რესპუბლიკის სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..., დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რა დროსაც შეეჯახა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, სახ. სანომრე ნიშნით ..., რომელსაც მართავდა მ. დ-ძე. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანა „მერსედესის“ მგზავრები - ზ. თ-ე და თ. გ-ძე, ხოლო ნ. მ-მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ მ. დ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ნ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მ. დ-ის გამართლება.
4.2. მსჯავრდებულ ი. ბ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ნ. კ-მ და ლ. რ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ი. ბ-ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებით მსჯავრდებაში.
4.3. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ბულბულ მჟავანაძემ შესაგებლით მოითხოვა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს, გააანალიზა წარმოდგენილი მტკიცებულებების ხარისხი და ბუნება, ასევე მათი სამართლებრივი მისადაგება მსჯავრდებულების - მ. დ-სა და ი. ბ-ის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებასთან და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიკვლია მსჯავრდებულთა ქმედებების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი; ფაქტებისა და გარემოებების შესწავლისას არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.
7. განსახილველ შემთხვევაში ადვოკატი პ. ნ-ძე მიიჩნევს, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, სატვირთო ავტომობილის მძღოლს ჰქონდა შეჩერების ვალდებულება, ხოლო ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანას ასეთი ვალდებულება არ გააჩნდა, მას ჰქონდა პრიორიტეტი მოძრაობისას; ხოლო ადვოკატები - ნ. კ-ძე და ლ. რ-ძე მიუთითებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფს არ შეეძლო შემთხვევის თავიდან აცილება და ასევე მის ქმედებაში არ აღინიშნება საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფა.
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი ბლანკეტური შინაარსის ნორმაა და ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“. თავის მხრივ, ექსპერტიზის კომპეტენციას წარმოადგენს - ადამიანის სიცოცხლის მოსპობის მიზეზისა და ავტოსაგზაო შემთხვევის მექანიზმის დადგენა, ასევე იმის გარკვევა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის რა მოთხოვნები დაირღვა, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადგინდეს, შეეძლო თუ არა მძღოლს შემთხვევის თავიდან აცილება და მიიღო თუ არა მან საფრთხის შექმნის მომენტიდან ის ზომები, რომლებსაც მას ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს.
9. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბ-ში, თ. მ-ის გამზირზე, ნ-ის ქუჩაზე გადასასვლელ ხიდთან. თ. მ-ს გამზირი განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისთვის. ნ-ის ქუჩის მიმართულებით ხიდზე ასასვლელთან გაჩერებულია „მანის“ მარკის სატვირთო ავტომანქანა, მისივე მისაბმელით, რომელსაც ირიბად სრულად აქვს დაკავებული პორტიდან ბ-ს დასახლებისკენ მიმართულებით სამოძრაო ზოლი, დაზიანებული აქვს მარჯვენა გვერდითი და ქვედა ნაწილი. მისგან მარჯვნივ გაჩერებულია „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელიც სატვირთოს წინა ნაწილთან დაშორებულია 0,70 მეტრით. ავტომობილებს შორის და მიმდებარედ მიმოფანტულია ნამსხვრევები. შეჯახების ადგილი მდებარეობს თ. მ-ის გამზირზე არსებული ხიდის გზაგამყოფის კედლიდან ბ-ს დასახლებისკენ 15,40 მეტრში გზის გამყოფ უკიდურეს მარცხენა ზოლზე. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოქმედებს საგზაო ნიშანი „დასახლებული პუნქტი“.
10. მოწმე კ. კ-ის ჩვენების თანახმად, 2021 წლის 28 სექტემბერს, ღამის დაახლოებით 23:40 საათზე, საპატრულო პოლიციის სამმართველოში შევიდა შეტყობინება თ. მ-ის გამზირზე მომხდარი ავტოავარიის თაობაზე, რა დროსაც გარდაიცვალა ორი ადამიანი. ავტოსატრანსპორტო შეთხვევაში მონაწილე სატვირთო ავტომობილს დაზიანებული ჰქონდა შუა ნაწილი, გადაკეტილი ჰქონდა გზა სრულად. მის სიახლოვეს იდგა დაზიანებული „მერსედესი“, ირგვლივ ეყარა ნამსხვრევები, ადგილი შემოსაზღვრული იყო ლენტით. მანქანების ადგილმდებარეობის მიხედვით ჩანდა, რომ სატვირთო მიდიოდა ქალაქის მიმართულებით, ხოლო „მერსედესი“ - ქალაქიდან ბ-ს დასახლებისკენ. შემთხვევის ადგილას არის ორი სამოძრაო ზოლი, ხიდზე უწყვეტი ზოლის სახით. დაშვებულია სიჩქარეა 60 კმ.სთ. მუხრუჭის კვალი ადგილზე არ აღმოჩნდა.
11. მოწმე ფ. დ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2021 წლის 28 სექტემბერს, დაალოებით ღამის თორმეტ საათზე, მიიღო შეტყობინება, რომ საპატრულო ეკიპაჟს ესაჭიროებოდა დახმარება ბ-ს ხიდზე მომხდარი ავტოავარიის გამო. ყველაზე ახლოს იმყოფებოდა და მეწყვილესთან ერთად წავიდა შეჯახების ადგილისკენ, რომელიც მდებარეობდა ნ-ის და ბ-ოს ქუჩების კვეთასთან ხიდზე, სადაც დაინახა ტრაილერზე შეჯახებული თეთრი ფერის ,,მერსედესი“. იყვნენ გარდაცვლილები. ტრაილერი გადასული იყო წინა თვლით მარცხენა მხარეს, ხოლო ,,მერსედესი“ უკანა საბურავის დასაწყისთან იყო შეჯახებული მასზე. ტრაილერს სრულად ჰქონდა გადაკეტილი გზა, მუხრუჭის კვალი არსად შეუნიშნავს.
12. შპს „ლ-ის“ ბენზინგასამართი სადგურის ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად, 23:41:34 საათზე კადრში ჩნდება ბ-ს დასახლებისკენ მომავალი სატვირთო ავტომობილი, რომელიც მოძრაობს მარჯვენა პირველ ზოლში და იწყებს გადასვლას მარცხენა ზოლში ხიდის მიმართულებით. 23:41:39 საათზე კადრში ჩნდება სწრაფად მიმავალი თეთრი ფერის ავტომობილი, რომელიც პორტის მხრიდან ბ-ს დასახლებისკენ მოძრაობს, სატვირთო ავტომობილის საპირისპიროდ. 23:41:40 საათზე სატვირთო წინა ნაწილით ირიბად გადადის მსუბუქი ავტომობილის სამოძრაო ზოლში, რის შემდეგაც შეუჩერებლად გადადის საპირისპირო მოძრაობის ზოლში და აგრძელებს გზას ნ-ის ქუჩისკენ, ამ მომენტისთვის, ანუ როდესაც სატვირთო გადადის საპირისპირო მოძრაობის ზოლში, მსუბუქი ავტომობილი ჯერ კიდევ არ არის მისული თამარ მეფის გამზირზე არსებულ ხიდზე. სატვირთო ავტომობილი საპირისპირო ზოლს იკავებს ირიბად, თითქმის სრულად, რა დროსაც მასთან მიახლოვებული მსუბუქი ავტომობილი იწყებს მოხვევას მარცხნივ, უახლოვდება სატვირთოს მარჯვენა გვერდიდან და 23:41:42 საათზე ეჯახება მას.
13. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2021 წლის 30 სექტემბრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით მძღოლ მ. დ-ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33, პუნქტი 1-ის და მუხლი 33, პუნქტი 6-ის მოთხოვნათა გათვალისწინებით. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით მძღოლ ი. ბ-ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 36, პუნქტი 4, ქვეპუნქტი „დ“-ს მოთხოვნათა გათვალისწინებით.
14. აღნიშნული დასკვნის ავტორმა ზ. ხ-მ მოწმის სახით დაკითხვისას სასამართლოს განუმარტა, რომ მან გამოიანგარიშა რა მანძილი იქნებოდა საჭირო ნებადართული 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ,,მერსედესის“ სრული გაჩერებისთვის მკვეთრი დამუხრუჭებისას მოცემულ საგზაო პირობებში. გამოთვლით დადგინდა, რომ ეს მანძილი შეადგენდა 43 მეტრს. შესაბამისად, ნებადართული სიჩქარით მოძრაობისას ავტომობილის სრული გაჩერებისთვის მძღოლს ესაჭიროებოდა დაახლოებით 43 მეტრი, საფრთხის წარმოქმნის მომენტისთვის მის განკარგულებაში იყო დაახლოებით 64,9 მეტრი და შესაბამისად, მას შეეძლო საგზაო შემთხვევის თავიდან აცილება თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33-ე, პუნქტი 1-ის და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს მუდმივად აკონტროლოს სატრანპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კი დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა 60 კმ/სთ სიჩქარით. რაც შეეხება სატვირთო ავტომობილის მძღოლს, მან დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქ/პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ და მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.
15. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 ოქტომბრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, მოცემულ საგზაო სიტუაციაში ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „მერსედეს-ბენცის“ მძღოლ მ. დ-ს, ტექნიკური თვალსაზრისით, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (შეჯახების) თავიდან აცილება შეეძლო, თუ იგი იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომელთა დაცვის პირობებში, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა; ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სატვირთო ავტომობილ „მანის“ (უ-ის რესპუბლიკის სახელმწიფო სანომრე ნიშნით ...) მძღოლ ი. ბ-ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.
16. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 4 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, თ. გ-ის სიკვდილის მიზეზია სისხლჩაქცევა ტვინის რბილ ქსოვილებში, მაგარი გაქსის ქვეშ, ტვინის რბილ ქსოვილებზე ზეწოლით, რაც გამოწვეულია ქალა-ტვინის ბლაგვი ღია ტრავმით, ქალა–ფუძის ძვლების ფრაგმენტოვანი მოტეხილობებით.
17. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 4 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნის თანახმად, ზ. თ-ის სიკვდილის მიზეზია თავის ტვინის დაზიანება, მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება, გამოწვეული ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმით, ქალას ძვლების მრავალფრაგმენტოვანი შეცილებითი მოტეხილობებით, მოტეხილი ფრაგმენტების გადანაცვლებით თავის ტვინის ქსოვილებში.
18. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 3 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, ნ. მ-ს დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის კეროვანი ტრავმა, ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, ქალა ფუძის მოტეხილობა, ქალას სარქვლის მოტეხილობა, სკალპის ღია ჭრილობა, ქუთუთოს და პერიოკულური არის ჭრილობა, მარცხენა სხივის ქვედა ბოლოს მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის დიაფიზური სხეულის მოტეხილობა, მრავლობითი ტრავმები, ბეჭის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი.
19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ელ პუნქტზე, რომლის თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში - არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. თუ დასახლებულ პუნქტში საგზაო პირობები იძლევა მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას, შესაბამისი საგზაო ნიშნის დადგმით მოძრაობის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ და მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.
20. საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის მსგავსად, მიაჩნია, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ეს სავალდებულო მოთხოვნები უგულვებელყვეს ი. ბ-ა და მ. დ-მ 2021 წლის 28 სექტემბერს ავტომანქანის მართვისას, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანა „მერსედესის“ მგზავრები - ზ. თ-ე და თ. გ-ძე, ხოლო ნ. მ-მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
21. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ უსაფრთხოების წესის დარღვევის დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან წინდახედულობის ნორმის დარღვევამ გამოიწვია თუ არა სისხლისსამართლებრივად დასჯადი შედეგი, საჭიროა სპეციალური ცოდნა. სატრანსპორტო დანაშაულებთან მიმართებით განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ექსპერტიზის დასკვნასა და მის უტყუარ/კატეგორიულ ხასიათს ენიჭება (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16).
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, გამოძიების მიმდინარეობისას ორჯერ ჩატარდა ავტოტექნიკური ექსპერტიზა. პირველად - შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში (ექსპერტიზის დასკვნა №...); მეორედ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში (ექსპერტიზის დასკვნა №...). თითოეული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა ორივე მძღოლის - ი. ბ-სა და მ. დ-ის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ, მ. დ-ის შემთხვევაში - „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების, ხოლო ი. ბ-ის შემთხვევაში - „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევა. დასკვნების ავტორებმა, ექსპერტებმა - ზ. ხ-მ და ი. ჭ-მ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე და განმარტეს, რომ ორივე ავტომობილის მძღოლმა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რაც მ. დ-ის მხრიდან სიჩქარის გადაჭარბებაში, ხოლო ი. ბ-ის მხრიდან გზის დათმობის ვალდებულების არშესრულებაში გამოიხატა. ექსპერტებმა განმარტეს, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო საქმის მასალები, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა, ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერების ოქმი, სქემა.
23. რაც შეეხება დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებულ ექსპერტიზებს, მ. დ-ის დაცვის მხარის ინიციატივით ექსპერტიზა ჩატარდა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ალტერნატივაში“, ხოლო ი. ბ-ის დაცვის მხარის ინიციატივით - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, კერძოდ:
24. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 24 იანვრის №... ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი. ბ-ზე არ იყო დამოკიდებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის ქმედებაში არ აღინიშნება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფა. მ. დ-ის ქმედება კი არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 33-ე მუხლის 1-ლი და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს.
25. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ალტერნატივის“ 2021 წლის 1 დეკემბრის №.. ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი. ბ-ის მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს. მძღოლს - მ. დ-ს ტექნიკური თვალსაზრისით არ შეეძლო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია მძღოლ ი. ბ-ის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებთან შეუსაბამო მოქმედებით.
26. ამდენად, დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები ნაწილობრივ განსხვავდება გამოძიების ეტაპზე ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნებისაგან. თუმცა განსხვავდება იმით, რომ ი. ბ-ის დაცვის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით გამორიცხულია მისი ბრალეულობა ავტოსაგზაო შემთხვევაში და მიჩნეულია, რომ მ. დ-მ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ხოლო მ. დ-ის დაცვის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, პირიქით - მისი ბრალეულობაა გამორიცხული და მიჩნეულია, რომ ი. ბ-მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი. დაცვის მხარე ექსპერტიზის დასკვნებს შორის განსხვავებას ხსნის იმით, რომ მათი ინიციატივით დანიშნული ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტებს წარდგენილ ჰქონდათ შემთხვევის ამსახველი ვიდეოფირი, რითაც აღდგენილ იქნა შემთხვევის სრული სურათი (თუმცა მ. დ-ის ინტერესების დამცველმა აღნიშნა, რომ ვიდეოფირი მოპოვებულ იქნა მათ მიერ სასამართლოს ნებართვის საფუძველზე და გაცვლილია მხარეებთან კანონით დადგენილი წესით. მანვე განმარტა, რომ ი. ბ-ის ადვოკატებმა რა ვიდეოფირი წარუდგინეს გამოძიებას, მისთვის გაუგებარია).
27. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულიად საფუძვლიანად გაიზიარა გამოძიების ეტაპზე, გამოძიების ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები, რადგან, როგორც საქმის მასალების შესწავლითა და ექსპერტების - ზ. ხ-ს და ა. ჭ-ის ჩვენებებით დგინდება, მათ ექსპერტიზის ჩატარებისას იხელმძღვანელეს საქმის მასალებით, მათ შორის - ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქმეში მართლაც წარმოდგენილია შპს „ლ-ის“ ბენზინგასამართი სადგურის ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმი, რომელშიც წუთებისა და წამების სიზუსტითაა აღწერილი შემთხვევაში მონაწილე ორივე ავტომობილის მოძრაობა.
28. აღნიშნული ჩანაწერის გამოკვლევისას დადგინდა, რომ დათვალიერების ოქმში ასახული ინფორმაცია სრულად შეესაბამება ვიდეოჩანაწერში ასახულ ინფორმაციას. ვიდეოკადრში კარგად ჩანს ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანის სწრაფი მოძრაობა, რაც დადასტურებულია ორივე მსჯავრდებულის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებითაც. მ. დ-ის დაცვის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, იგი მოძრაობდა 106 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო ი. ბ-ის დაცვის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, მერსედესის მარკის ავტომანქანის მოძრაობის სიჩქარე განისაზღვრა 119 კმ/სთ, მაშინ როცა გზის მოცემულ მონაკვეთზე ნებადართული სიჩქარე არის არაუმეტეს 60 კმ/სთ. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ უსაფუძვლოა ექსპერტ ვ. ხ-ის პოზიცია, რომ გადაჭარბებული სიჩქარე მხოლოდ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს და მ. დ-ს არ შეეძლო შემთხვევის თავიდან აცილება. აღნიშნულთან მიმართებით გასაზიარებელია გასაჩივრებული განაჩენის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სიჩქარის გადაჭარბება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხია, მაგრამ როდესაც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა, ცხადია დგება სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის საკითხი.
29. დადგენილი გარემოებაა, რომ მ. დ-ს დასაშვები სიჩქარით (60 კმ/სთ) მოძრაობის შემთხვევაში, მკვეთრი დამუხრუჭებისას, სრული გაჩერებისათვის ესაჭიროებოდა 43 მეტრი. საფრთხის წარმოქმნის მომენტისათვის მის განკარგულებაში იყო 64,9 მ. შესაბამისად, მას შეეძლო საგზაო შემთხვევის თავიდან აცილება, თუ იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა საქმეში არსებული სამი ექსპერტიზის დასკვნა. გამოძიების ეტაპზე ჩატარებული ორივე ექსპერტიზის დასკვნა და დაცვის მხარის ინიციატივით დამოუკიდებელ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ალტერნატივაში“ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ ექსპერტიზის დასკვნითაც დადგენილია, რომ მსუბუქი ავტომობილი ხიდზე შესვლის მომენტიდან დაშორებულია საფრთხის შექმნის მომენტამდე 64,9 მ. მანძილით. იმ შემთხვევაში, თუ მსუბუქი ავტომობილი იმოძრავებდა დასაშვები 60 კმ/სთ სიჩქარით, ავტომობილის გაჩერების მანძილი იქნებოდა 43,0 მ. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით მსუბუქი ავტომობილის მოძრაობის სიჩქარეა 106,2 კმ/სთ.
30. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესის თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა კანონით განსხვავებული სიჩქარის შეზღუდვის გათვალისწინებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშალებას უნდა აძლევდეს მუდმივად აკონტროლოს მოძრაობის უსაფრთხოება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაშვები სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში მძღოლი მ. დ-ე უფრო გვიან მიუახლოვდებოდა გზის იმ მონაკვეთს, რომელიც შეჯახების მომენტისათვის დაკავებული ჰქონდა სატვირთო ავტომანქანას და შესაბამისად - შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის პირობებში კი მან ვერ შეძლო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვა, რაც მის მოვალეობას წარმოადგენდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას.
31. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ი. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, კერძოდ:
32. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ იყო დამოკიდებული მძღოლ ი. ბ-ზე; მსუბუქი ავტომანქანა მოძრაობდა 119 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო ბ-ი 16 კმ/სთ სიჩქარით. ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეჯახების ადგილიდან დაშორებული იყო 99 მეტრით. ყველა დანარჩენი ექსპერტიზის დასკვნის (რომლებითაც საფრთხის წარმოქმნის მომენტიდან შეჯახების ადგილამდე 64,9 მ. მანძილია) საპირისპიროდ, საფრთხის წარმოქმნის მომენტიდან შეჯახების ადგილამდე მანძილი 99 მეტრია, რაც, დაცვის მხარის პოზიციით, გამორიცხავს საფრთხის რეალურად აღქმის ვალდებულებას ბ-ის.
33. საკასაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების განმარტებას, რომლის თანახმად, გაუგებარია საიდან იქნა აღებული ათვლის წერტილი, რომლითაც 99 მ-მდე გაიზარდა მანძილი შეჯახების ადგილამდე. შესაბამისად, სამართლიანია გასაჩივრებული განაჩენის პოზიცია, რომ მძღოლი ი. ბ-ი, რომელიც მართავდა ურელსო სატრანსპორტო საშუალებას, მარცხნივ მოხვევისას ვალდებული იყო გზა დაეთმო თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ და მარჯვნივ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის, თუმცა მას ეს მოთხოვნები არ შეუსრულებია, რითაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და ასევე, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებმა - მ. დ-მ და ი. ბ-მა ჩაიდინეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, შესაბამისად, მისი ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებით და განსაზღვრული აქვთ სამართლიანი სასჯელები.
35. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
36. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ადვოკატების მოტივებს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები არ წარმოაჩენს ისეთ არსებით გარემოებას, რაც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
38. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ნ-ის, მსჯავრდებულ ი. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. კ-სა და ლ. რ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი